ფეხბურთი

21:36 | 11.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ტორპედომ” ისევ 3 გოლი გაუშვა, თუმცა ამდენივე თავადაც გაიტანა

 

პირველ რაუნდში, ქუთაისში 0:3 წაგების შემდეგ, გამარჯვებულის ბედი, ფაქტობრივად, გადაწყვეტილი იყო, თუმცა ახალგაზრდა ქუთაისელები ბრძოლას მაინც აპირებდნენ.  მასპინძელთა მთავარმა მწვრთნელმა ადრიან გულამაც თქვა, ჯერ ნახევარი გზა გავიარეთ და ჩემი სურვილია, ბიჭებმა თავისი მაქსიმუმი აჩვენონო. ვერ გეტყვით, იყო თუ არა ეს “ჟილინას” შესაძლებლობის მაქსიმუმი, მაგრამ ქუთათურებმა ამჯრად უფრო მწყობრად ითამაშეს. მართალია, 23-ე წუთისთვის 0:2 აგებდნენ, ჯერ მიხალ შკვარკას გადაცემით ტომაშ მაიტანმა ისარგებლა და გახსნა ანგარიში, მერე კი, რობერტ პიხმა გააორა. პიხმა მეორე ტაიმშიც გაიტანა, მაგრამ მანამდე, თორნიკე კაპანაძემ ორჯერ შეაგდო და გაათანაბრა. ჯამში, მასპინძლები ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდნენ და ომარ მიგინეიშვილმა რამდენიმე ძნელი ბურთი მოიგერია. შანსები სტუმრებსაც ჰქონდათ, მაგალითად, პირველი ტაიმის ბოლო წუთზე, მარტინ დუბრავკამ ზაზა ჭელიძის სახიფათო დარტყმა მოიგერია. 79-ე წუთზე, ალეკო მზევაშვილმა კიდევ ერთხელ გაათანაბრა და სლოვაკები ცოტა დაიბნენ კიდეც, თუმცა მეტისთვის ქუთაისელებს ძალა აღარ ეყოთ. ბოლო წუთებში “ჟილინამ” დაჟინებით შეუტია, მაგრამ “ტორპედოს” მეკარე და მცველები ყურადღებით თამაშობდნენ.

ასეა თუ ისე, შემდგომ ეტაპზე “ჟილინა” გავიდა, სადაც სლოვენიურ ლიუბლიანის “ოლიმპიას” შეხვდება. 

ადრიან გულა (“ჟილინას” მთავარი მწვრთნელი): “კარგი მატჩი ვიხილეთ 6 გოლითა და უამრავი სახიფათო მომენტით. “ტორპედო” სუსტი გუნდი არ არის და ეს დღესაც დადასტურდა. მეორე ტაიმში, თითქოს გავჩერდით, კონცენტრაცია დავკარგეთ და  კინაღამ დავისაჯეთ. ეს კარგი გაკვეთილი იქნება სამომავლოდ.”

ტომაშ მაიტანი (“ჟილინას” ფეხბურთელი): “დაცვაში შეცდომები დავუშვით და ამით მოწინააღმდეგემ ისარგებლა. მართალია, შემდგომ ეტაპზე გავედით, მაგრამ დღეს გამარჯვება და გულშემატკივრის გახარება გვინდოდა. სხვა მხრივ, მაყურებელმა 6 გოლი იხილა და ალბათ, უკმაყოფილონი არ დარჩებოდნენ.”

ჟერარდ სარაგოსა (“ტორპედოს” მთავარი მწვრთნელი): “თამაში კარგი საცქერი გამოდგა. ჩვენ ახალგაზრდა გუნდი გვყავს და სამუშაო ძალიან ბევრი გვაქვს. სამი კვირაა რაც შევიკრიბეთ და ჯერ სასურველ ფორმაში ვერ ვართ. ისე კი, დღეისათვის “ჟილინა” უკეთესი გუნდია და შემდგომ ეტაპზეც დამსახურებულად გავიდა.”

 

 

ჟილინა (ჟილინა, სლოვაკეთი) – ტორპედო (ქუთაისი) 3:3 (2:1)

11 ივლისი. ჟილინა. “შტადიონ პოდ დუბნომ.”

ჟილინა: დუბრავკა, აიკაკპო, პიაჩეკი (ვავრო 77), სისეი, მაბუკა, პეჩოვსკი, შკვარკა (პაური 63), მაიტანი, ბაბატუნდე, პიხი (ჟილაკი 87), მიგალიკი

მწვრთნელი: ადრიან გულა

ტორპედო: მიგინეიშვილი, სანდოხაძე (გოროზია 60), ჭანტურია, ჭელიძე, ტაბატაძე, ცინცაძე (ფირცხალავა 69), გიგაური, კუხიანიძე, გაბაძე, მზევაშვილი (ჯიქია 81), კაპანაძე

მწვრთნელი: ჟერარდ სარაგოსა

გოლები: 1:0 მაიტანი (17), 2:0 პიხი (23), 2:1, 2:2 კაპანაძე (29, 61), 3:2 პიხი (62), 3:3 მზევაშვილი (79)

გაფრთხილება: პიაჩეკი (20); გიგაური (58), ფირცხალავა (90+5)

მსაჯი: ელმირ პილავი (ბოსნია)


 

0.131348