ფეხბურთი

12:04 | 7.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

ტორპედოელთა სტუმრობა უნივერსიტეტში

სასიამოვნო ტრადიციას ჩაუყარა საფუძველი ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტმა. 6 მარტს მათ ქუთაისის ,,ტორპედოს” უმასპინძლეს და ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. შეხვედრა უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში შედგა. ტორპედოელთა სტუმრობამ სტუდენტებსა და ლექტორ-მასწავლებლებში დიდი ინტერესი გამოიწვია.
შეხვედრა შესავალი სიტყვით გახსნა უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი ღავთაძემ - ,,ეს ისტორიული შეთანხმებაა. უნივერსიტეტის მიზანია განათლებულებთან ერთად ჯანსაღი ახალგაზრდობა აღზარდოს. სტუდენტები ტორპედოელთა მატჩებზე საყვარელი გუნდის გასამხნევებლად ივლიან და თავისუფალ დროს უფრო შინაარსიანად გაატარებენ”.
საპასუხო სიტყვა ქუთაისის ,,ტორპედოს” აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი პაპიაშვილმა წარმოთქვა - ,,უნივერსიტეტის კედლებში ბევრი ისეთი ახალგაზრდა აღზრდილა რომელიც თავის ქვეყანას ღირსეულად გამოდგომია და საქართველოს სახელი საზღვარგარეთ გაუტანია. მათ შორის სახელოვანი სპორტსმენებიც მრავლად ყოფილან. ჩვენ გვინდა რაც შეიძლება მეტი მაყურებელი მოვიდეს სტადიონზე. ფეხბურთი გულშემატკივრების გარეშე მოსაწყენ სანახაობად იქცევა. თქვენი დიდი მხარდაჭერის იმედი გვაქვს. ძალიან გვინდა უნივერსიტეტის ახალგაზრდობა ჩვენი მე-12 მოთამაშე გახდეს.” ამ სიტყვების შემდეგ გიორგი პაპიაშვილმა უნივერსიტეტის რექტორს კლუბის სახელით 12 ნომრიანი მაისურა უსახსოვრა.
ამის შემდეგ ,,ვისოლი” ჯგუფის სახელით ფიტნეს ცენტრის დირექტორმა ელიზბარ არქანიამ 10 ცალი ერთდღიანი  ტალონი გადასცა რექტორატს საჩუქრად წარჩინებული სტუდენტების წასახალისებლად.
მომდევნო გამომსვლელმა პროფესორმა ომარ ზივზივაძემ ქუთაისის ,,ტორპედოს” განვლილი ისტორია მოკლედ  მიმოიხილა - ,,პირველ დიდ წარმატებას ქუთათურებმა 1960 წელს მიაღწიეს, როცა ,,ბ” კლასის ზონალური პირველობა მოიგეს, მაგრამ საკავშირო ფედერაციის გადაწყვეტილებით იმ წელს გამარჯვებული გუნდების ,,ა” კლასში გადასვლა არ ხდებოდა და რიონისპირელებმა ასპარეზობა ისევ ,,ბ” კლასში განაგრძეს. ქუთაისლებმა წარმატება მომდევნო წელსაც გაიმეორეს. და ,,ა” კლასის ერთადერთი საგზურის მოსაპოვებლად, თბილისის ,,ლოკომოტივს” და ტალინის ,,კალევს” დაუპირისპირდნენ. კიშინიოვში გამართულ ორწრიან ტურნირში იმარჯვეს და ,,ა” კლასის (დღევანდელი უმაღლესი ლიგის) საგზური მოიპოვეს. დაუვიწყარია 1962 წელს მათი პირველი შეხვედრა მოსკოველ თანაკლუბელებთან, როცა მაყურებლებით გადაჭედილ სტადიონზე სადებიუტო მატჩში მრისხანე მეტოქე 4:2 დაამარცხეს.”
უნივერსიტეტიდან შემაჯამებელი სიტყვით რობერტ გოლეთიანი გამოვიდა - ,,ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტი 1933 წელს დაარსდა. როგორც აწ გარდაცვლილი ლევან სანიკიძე იტყოდა ლიხს აქეთ ამაზე საპასუხისმგებლო დაწესებულება არ არსებობდა, მითუმეტეს მას შემდეგ რაც მან უნივერსიტეტის სტატუსი შეიძინა. ასევე შეიძლება ჩაითვალოს ქუთაისის ,,ტორპედო”, რომელსაც საფუძველი 1946 წელს ჩაეყარა და წლების განმავლობაში სასიქადულოდ ქმნიდა ქუთაისის ისტორიას. ეროვნულ ჩემპიონატში ტორპედოელთა აღმასვლა 21-ე საუკუნის დასაწყისს დაემთხვა. ამ დროს იყო ქვეყნის ზედიზედ სამგზის ჩემპიონობა და ორჯერ მოპოვებული თასი. ტიტულებით ,,ტორპედო” დღესაც მეორე გუნდად ითვლება ქართული ფეხბურთის ფლაგმანის თბილისის ,,დინამოს” შემდეგ. ამის შემდეგ გუნდს  ჩავარდნა დაეწყო და ნელ-ნელა ,,ტორპედო” იმ დონემდე მივიდა, რომ ჩემპიონატში სამონაწილეო თანხის შეუტანლობის გამო სფფ-მ იგი პირველ ლიგაში დააქვეითა. ამ პერიოდში კლუბს ფაქტობრივად პატრონი არ ჰყავდა. ასეთ მძიმე პერიოდში გუნდს გვერდით რამაზ ჩხიკვაძე (ამჟამინდელი ,,ტორპედოს” პრესსამსახურის უფროსი) დაუდგა. ის იყო ერთადერთი პიროვნება, ვინც ბოლომდე უერთგულა გუნდს და იბრძოლა მის გადასარჩენად. ამის შემდეგ გია გიგატაძის ხელმძღვანელობით ,,ტორპედომ” უმაღლესი ლიგის საგზური მოიპოვა. უფრო მაღალი მიზნებისთვის ბრძოლას სხვა პირობები სჭირდებოდა და კლუბის პატრონობა ,,ვისოლმა” ითავა, ხოლო მათი ძალისხმევით გუნდს სათავეში  საქართველოში ყველაზე წარმატებული სპეციალისტი გია გეგუჩაძე ჩაუდგა. უნივერსიტეტს დაარსებიდან 80 წელი უსრულდება. ამ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ქუთაისის ..ტორპედოსთან” გაფორმებული მემორანდუმი ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინოა.
ამის შემდეგ გუნდის სამომავლო გეგმებზე გია გეგუჩაძემ ისაუბრა: ,,ისეთი გუნდის ხელმძღვანელობა, როგორიც ,,ტორპედოა”, ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა, ჩვენი აქ მოწვევა კი დიდი პატივია. ამჟამად გუნდის შენების პროცესში ვართ და განსაკუთრებული თანადგომა ახლა გვჭირდება. იმედი მაქვს სტუდენტები ჩვენს მხარდასაჭერად მრავლად მოვლენ. რაც მეტი ვიქნებით შედეგიც უკეთესი გვექნება.
შეხვედრის ბოლოს რექტორის მოადგილემ შალვა კირთაძემ ,,ტორპედოს” აღმასრულებელ დირექტორს  უნივერსიტეტის მაისური გადასცა. შემდეგ კი ტორპედოელებმა სტუდენტების შეკითხვებს უპასუხეს.
შეხვედრა საზეიმო ღონისძიებით დასრულდა. ტორპედოელთა წინაშე უნივერსიტეტის ცეკვის ანსამბლი ,,კოლხა” და სიმღერის ანსამბლი ,,ადილა’’ წარსდგნენ. მაყურებელი განსაკუთრებით გაახალისა აფროამერიკელი სტუდენტებით დაკომპლექტებულმა კვარტეტმა, რომლებმაც ქართული სალაღობო სიმღერები შეასრულეს.

ვახტანგ დათიაშვილი ქუთაისიდან
მალხაზ ახვლედიანი ფოტოები

0.126306