ფეხბურთი

22:31 | 10.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

,,ტორპედოელთა’’ დამარცხებამ ქომაგები გაანაწყენა

 

ეროვნული ჩემპიონატის მე-16 ტურის მატჩი ლანჩხუთის ,,გურიასა’’ და ქუთაისის ,,ტორპედოს’’ შორის 9 დეკემბერს ქობულეთში უნდა გამართულიყო, მაგრამ გუშინ ,,ჩელე არენას’’ ხელოვნურსაფარიანი მინდორი თოვლით იყო დაფარული. მეტოქე გუნდებმა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო კომიტეტთან შეთანხმებით, შეხვედრის ჩატარება დაგეგმილზე ერთი დღის დაგვიანებით სამტრედიაში გადაწყვიტეს, თუმცა 10 დეკემბრის დილას ,,ეროსი მანჯგალაძის’’ ხელოვნურსაფარიანი გაზონიც პრაქტიკულად იგივე მდგომარეობაში გახლდათ. მიუხედავად ამისა, შეხვედრა მაინც დანიშნულ დროს დაიწყო და ეს უპირველესად საფეხბურთო კლუბ ქუთაისის ,,ტორპედოს’’ ხელმძღვანელთა დასამხურებაა. მათ კეთილი ნება გამოიჩინეს და თოვლის საწმენდი ტექნიკა თავიანთი მომსახურე პერსონალით სამტრედიაში მიავლინეს, რომლებმაც დავალებას თავი პირნათლად გაართვეს და დღის ორ საათზე ,,ეროსი მანჯგალაძე’’ სრულ მზადყოფნაში შეხვდა მატჩის დაწყებას.

უნდა აღინიშნოს, რომ შეხვედრის დროს სამტრედიაში ცივი  ქარი ჰქროდა და სიცივე ძვალსა და რბილში ერთნაირად ატანდა. ფეხბურთელები ჯერ ხეირიანად არც გახურებულიყვნენ, რომ პირობითი მასპინძლები უკვე ანგარიშში დაწინაურდნენ. მე-8 წუთზე გურულებმა კუთხურის ჩაწოდების უფლება მოიპოვეს. სტანდარტულის შესრულება კოშკაძემ ითავა და ჩახვეული დარტყმით  ბურთი პირდაპირ ,,ტორპედოელთა’’ კარისკენ გაგზავნა. ქუთათურთა გოლკიპერს არასწორი პოზიცია ეჭირა. ბურთმა ქვილითაიას თავზე გადაუფრინა და მის ზურგს უკან კარებში ჩაეშვა – 1:0.

შეხვედრის მოედნის ცენტრიდან განახლებისთანავე ტორპედოელებმა საპასუხო შეტევა განავითარეს და კუხიანიძემ საჯარიმოს წინა ხაზიდან ძლიერი დარტყმით სცადა თანაფარდობის აღდგენა, მაგრამ ბობღიაშვილიც კარგად გაისარჯა და თავისიანები უსიამოვნებისგან იხსნა.

ტაიმის შუაწელს ,,გურიას’’ მომდევნო სახიფათო მომენტი ისევ სტანდარტულის შესრულებას მოჰყვა. საჯარიმო მოედნის კუთხიდან ჩიკვილაძის ძლიერად დარტყმული საჯარიმოს შემდეგ ქვილითაიას მთელი თავისი ოსტატობის გამოვლენა დასჭირდა ბურთის კუთხურზე მოსაგერიებლად.

იგრძნო რა დამარცხების საშიშროება ,,ტორპედოელთა’’ დამრიგებელმა ჟერარ სარაგოსამ მოედანზე ტაქტიკურ გადაადგილებას მიმართა. მარჯვენა ფლანგზე აქტიური ჯიქია მარცხნივ გადაიყვანა, ხოლო მის ადგილზე გოროზია განამწესა. ამან მალე კინაღამ შედეგი გამოიღო. ნახევარი საათის მიწურულს რიონისპირელებმა მარჯვენა ფრთაზე კომბინაცია გაითამაშეს, რომლის ბოლოს გიგაურმა ჯიქია საპირისპირო ფლანგზე ხელსაყრელ მდგომარეობაში გაიყვანა. ტორპედოელთა ნახევრმცველს დარტყმა არ დაუხანებია, მაგრამ ბურთს იობაშვილი ჩაუწვა და ხიფათი განმუხტა. სტუმრები თვლიდნენ, რომ გურულთა მცველმა ხელით ითამაშა და პენალტს ითხოვდნენ, თუმცა არბიტრმა კვარაცხელიამ თამაშის გაგრძელება ბრძანა, რითაც ტორპედოელი ფეხბურთელების და მათ საქომაგოდ ჩამოსული გულშემატკივრების გულისწყრომა დაიმსახურა.

ტაიმის უკანასკნელი ხუთწუთეული გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. 43-ე წუთზე შალამბერიძემ მარცხენა ფრთაზე რამდენიმე მეტოქე ჩამოიტოვა და პირით ხაზთან მისულმა გამჭოლი გადაცემა განახორციელა, მაგრამ ქვილითაია მეტოქეს ჩანაფიქრს მიუხვდა და ხიფათი უვნებელყო. ერთი წუთის შემდეგ საპირისპირო ფლანგზე შენგელიამ გაინავარდა. იგი საჯარიმოში შეიჭრა და მახვილი კუთხიდან ძლიერადაც გაისროლა. ამჯერადაც ქვილითაიამ ივარგა. მან საკმაოდ რთული ბურთის დამორჩილება მოახერხა.

ტაიმის ბოლო წუთზე ქუთაისლებს შეეძლოთ თანაფარდობა აღედგინათ. საჯარიმო მოედანში გიგაურის ჩაწოდების შემდეგ კაპანაძემ თავით ბურთი კუხიანიძეს დაუგდო, რომლის ძლიერი დარტყმა ოდნავ ასცდა კარის ძელს.

მეორე ტაიმიც პრაქტიკულად იგივე სცენარით გაგრძელდა. მეტოქეები უმეტეს დროს შეტევაში ატარებდნენ. ლანჩხუთელებს განსაკუთრებით კარგად სტანდარტული სიტუაციის შესრულება გამოსდიოდათ.

52-ე წუთზე ,,მასპინძლებს’’ შეეძლოთ ანგარიში გაეზარდათ. კოშკაძის დარტყმული საჯარიმოს შემდეგ ქვილითაიამ ბურთი მუშტებით მოიგერია, რომელსაც იობაშვილი დაეუფლა და თავით დაუცველი კარისკენ გადაგზავნა. ამჯერად გიგაურმა ივაჟკაცა, რომელმაც ასევე თავით ბურთი კარის ხაზიდან გამოიტანა. ამის შემდეგ ორწუთიან ინტერვალში კოშკაძესა და შალამბერიძეს ჰქონდათ თავის გამოჩენის შანსი, მაგრამ ორივეჯერ მათ დარტყმებს წინ ქვილითაია აღუდგა.

მე-60 წუთზე კოშკაძე-შალამბერიძე-შენგელიას     სამსვლიანი კომბინაციის შემდეგ ეს უკანასკნელი ხელსაყრელ პოზიციაზე აღმოჩნდა, მაგრამ მისი ძლიერი დარტყმა ქვილითაიამ ხელებში გააქვავა.

იგრძნო რა დამარცხების საშიშროება, სარაგოსამ წყვილ შეცვლას მიმართა, რასაც მალევე შეიძლებოდა შედეგი მოეტანა. მათე ცინცაძის საჯარიმოში ჩაწოდების შემდეგ მინდორზე სულ რამდენიმე წუთის წინ შემოსული მზევაშვილი ურტყამდა თავით. გოლი გარდაუვალი ჩანდა, მაგრამ ბობღიაშვილმა წარმოუდგენელი რეაქცია გამოავლინა. იგი თითის წვერებით მისწვდა ბურთს და კუთხურზე მოიგერია.

გურულთა საპასუხო შეტევა კი შედეგიანი გამოდგა. ლანჩხუთელთა გოლი ისევ სტანდარტული სიტუაციის გათამაშებას მოჰყვა. 73-ე წუთზე კოშკაძის ჩაწოდებული საჯარიმოს შემდეგ ყველაზე მარჯვე შენგელია გამოდგა. იგი ნახტომში თავით მისწვდა ბურთს და ტორპედოელთა კარის ბადე მეორედ შეარხია – 2:0.

ამის შემდეგ ,,მასპინძელთა’’ უპირატესობა უფრო გამოიკვეთა. 83-ე წუთზე მოედანზე ახლადშემოსულ ტორონჯაძეს შეეძლო ანგარიში კიდევ უფრო გაეზარდა. იგი მეკარის ბაქანზე შენგელიას გამჭოლ გადაცემას დაუხვდა, მაგრამ ბურთის კარებში გადაგზავნა ვეღარ მოახერხა. ცოტა ხანში ისევ ტორონჯაძე ურტყამდა ძლიერად, თუმცა ქვილითაიამ ნახტომში შეძლო ბურთის მოგერიება.

შეხვედრის ბოლოს ტორპედოელებს ანგარიშის შემცირება მართებდათ. არბიტრის მიერ კომპენსირებული დროის უკანასკნელი წუთი იწურებოდა, როცა მარკოზაშვილმა მზევაშვილი მეკარესთან პირისპირ გაიყვანა. ტორპედოელთა შემტევმა ბობღიაშვილსაც გვერდი აუარა, თუმცა მისი დარტყმული ბურთი იობაშვილმა ცარიელი კარიდან გამოიტანა.

ამასობაში კვარაცხელიას საფინალო სასტვენიც გაისმა, რომელმაც ,,ტორპედოელთა’’ მორიგი უსახური მარცხი დააფიქსირა და საყვარელი გუნდის საქომაგოდ ჩამოსული გულშემატკივრები ერთობ პესიმისტურად განაწყო.

მატჩის შემდეგ ,,მსოფლიო სპორტმა’’ გამარჯვებული გუნდის მწვრთნელს კომენტარი ჩამოართვა:

რომან პოკორა (,,გურია’’): ,,ძალიან მძიმე მატჩი გამოვიდა. საკმაოდ ძლიერი მეტოქე გვყავდა. პირველ ტაიმში თანაბარი ბრძოლა მიმდინარეობდა, მეორეში კი უპირატესობა მოვიპოვეთ და ვფიქრობ დამსახურებულად გავიმარჯვეთ. მართალია გუნდში პრობლემები გვქონდა, მაგრამ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ზაზა ურუშაძის ხელშეწყობით ნელ-ნელა ყველაფერი სასიკეთოდ გვარდება.”

,,გურია’’ (ლანჩხუთი) – ,,ტორპედო” (ქუთაისი) 2:0 (1:0)
10 დეკემბერი. 14.00. სამტრედია. ,,ეროსი მანჯგალაძე’’. 500 მაყურებელი.

,,გურია”: ბობღიაშვილი, ჩუენსუ, იობაშვილი, ჩიკვილაძე, ჯიშკარიანი, ჯოჯუა, კილაძე (გაჩეჩილაძე 69), შენგელია, კოშკაძე (კ), შალამბერიძე (ჯოხაძე 89), ისიანი (ტორონჯაძე 83);

მთ. მწვრთნელი:  რომან პოკორა

,,ტორპედო”: ქვილითაია (კ), სანდოხაძე, ცინცაძე (გავაშელიშვილი 75), გიგაური, ჯიქია (მარკოზაშვილი 62), კუხიანიძე, გოროზია (მზევაშვილი 62), მთივლიშვილი, კაპანაძე, ზ. ჭელიძე, უბილავა;

მთ. მწვრთნელი:  ჟერარდ სარაგოსა

გოლები: 1:0 კოშკაძე (8), 2:0 შენგელია (73);

გაფრთხილება:  გიგაური (12), ჯიქია (37), ჩიკვილაძე (42), ჯოჯუა (44), კილაძე (55);

არბიტრი: ლევან კვარაცხელია

 

დინამო                                                                                            16           12            3            1            40-12            39                
ჩიხურა                15 9 3 3 32-21 30
გურია                   16 9 0 7 19-21 27
დილა                 16 7 5 4 23-15 26
სიონი                   16 6 5 5 19-18 23
მეტალურგი      16 6 5 5 20-21 23
ზესტაფონი     16 6 4 6 18-15 22
ტორპედო          16 6 4 6 18-17 22
ვიტ ჯორჯია    16 5 4 7 19-23 19
სპარტაკი                     16 4 1 11 13-24 13
მერანი                  15 4 1 10 14-30 13
ზუგდიდი         16 1 5 10 5-23 8

 



 

0.13319