რევაზ ძოძუაშვილის გაწვრთნილმა “ტორპედომ” პირველ ლიგაში მოასპარეზე ბათუმის “ადელთან“ საკონტროლო მატჩი ჩაატარა. თავდაპირველი ვერსიით, შეხვედრა ქობულეთში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა, საბოლოოდ, თამაში ბათუმში შედგა.
ტორპედოელთა ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, თამაშის 25-ე წუთზე მასპინძლები პენალტის რეალიზებით გავიდნენ წინ – 1:0, 50-ე წუთზე კი “ტორპედომ“ ანგარიში გაათანაბრა. ხუჭუას ჩაწოდებით ზედიზედ მეორე მატჩში თავი ლატვიელმა იგორ სავჩენკოვსიმ გამოიჩინა, ამჯერადაც ზუსტი თავური დარტყმით – 1:1. ანგარიში აღარ შეცვლილა და საბოლოოდ, ფრე დაფიქსირდა.
“ტორპედოს“ შემადგენლობა ასეთი იყო: საბა ცაბუტაშვილი (ალექსანდრე ადამია, 46), ზურა გელაშვილი (გიორგი ვოლნერი, 70), თორნიკე ჩადუნელი, იგორ სავჩენკოვსი, ირაკლი ხუჭუა (ნიკა ხარაბაძე, 65), გოგი გოგიჩაიშვილი (ბაქარ ლაღაძე, 46), ოლეგ მამასახლისი, ირაკლი ლექვთაძე (გია ღვიტიძე, 60), გიორგი ჩიკვაიძე (დავით ხურციძე, 46), თეიმურაზ მარკოზაშვილი, მამუკა ღონღაძე.
ზამთრის უქმეებზე ქუთათურებს მეტი ამხანაგური მატჩი აღარ აქვთ დაგეგმილი. შეგახსენებთ, რომ ამა წლის პირველ ოფიციალურ თამაშს “ტორპედო“ 22 თებერვალს შინ გამართავს. დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის მეოთხედფინალის პირველ შეხვედრაში “ტორპედოს” მეტოქე გორის “დილა“ იქნება.