ქუთაისის “ტორპედო” საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მე-5 ტურში ლანჩხუთის “გურიასთან” ჩასატარებელი საშინაო მატჩისთვის დანაკლისით ემზადება.
“ტორპედოს” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ორშაბათს გაამრთულ ვარჯიშზე. ჟერარდ სარაგოსამ ტრავმების მიზეზით ოთხი ფეხბურთელი: დავით კუპატაძე, ალეკო მზევაშვილი, ზაზა ჭელიძე და ვაჟა ტაბატაძე მოისაკლისა. მათ გარდა, გუნდს საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებში გამოძახებული: დავით უბილავა, მერაბ გიგაური და გიორგი ფანცულაია აკლდნენ.
აქვე გეტყვით, რომ გამოჯანმრთელდა “ტორპედოს” ფორვარდი რევაზ ბარაბაძე, რომელიც ინდივიდუალურად ვარჯიშობს.
“ტორპედოს” ვებგვერდისთვის ტრავმირებულმა ვაჟა ტაბატაძემ შემდეგი კომენტარი გააკეთა:
“ცხინვალის “სპარტაკთან” მატჩში მიღებული ტრავმა საკმაოდ საყურადღებო აღმოჩნდა. ერთ-ერთ ეპიზოდში მიწაზე დახტომისას მარჯვენა მუხლი ვიტკინე, რა დროსაც იოგის ნაწილობრივი გაგლეჯა მოხდა. სავარაუდოდ, 1 კვირა მომიწევს უქმობა. რა თქმა უნდა, უთამაშებლობა ძალიან მწყინს, მაგრამ იმედი მაქვს, ერთი მატჩის მეტს არ გამოვტოვებ”.
“ტორპედოს”-“გურიას” დაპირისპირება ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზე 13 სეტემბერს შედგება და 18 საათზე დაიწყება.