საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სამსაჯო კომიტეტმა „გაგრასთან“ ხვალინდელი მატჩის მომსახურებისთვის შემდეგი შემადგენლობის მსაჯთა ბრიგადა მოავლინა. მთავარი არბიტრი არსენ ნონიკაშვილი (თბილისი) იქნება, მას დაეხმარებიან ლაინსმენები: დავით კვეტენაძე (ზესტაფონი) და ფრიდონ ჭაავა (ზუგდიდი), სათადარიგო მსაჯის ფუნქციებს კი ოთარ ხეცაძე (თბილისი) შეასრულებს.
წლის პირველ თამაშამდე „ტორპედომ“ ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზე ბოლო ვარჯიში გამართა. დამდეგ შეხვედრაზე კომენტარის გაკეთება ჩვენი გუნდის მთავარ მწვრთნელს ვთხოვეთ.
გია გეგუჩაძე: „პირველ რიგში, ფეხბურთის გულშემატკივრებს წინასწარ მივულოცავ ქართული სეზონის განახლებას. რაც შეეხება ხვალინდელ სათასო მატჩს, აღსანიშნავია, რომ „გაგრა“ საკმაოდ ახალგაზრდული გუნდია. ერთადერთი რაც ჩვენს მოწინააღმდეგეს ჩვენთან შეხვედრაში შეიძლება აკლდეს, ეს არის გამოცდილება, თუმცა მონდომება და ამბიცია ამ გუნდს გააჩნია და ეს ძალიან სასიამოვნოც არის. ფავორიტებად ვითვლებით და ამისთვის სათანადო განწყობა გვმართებს. ბუნებრივია, შევეცდებით, რომ ჩვენი თამაში ვაჩვენოთ, რომელიც „ტორპედოს“ გუნდს ახასიათებს. რა თქმა უნდა, წლის პირველ შეხვედრაა და შეიძლება, სათამაშო ხარისხი არ იყოს ჩვენთვის სასურველი, მაგრამ ყველას კარგად გვესმის, რომ მოგება საჭიროა. საინტერესო თამაშის მოლოდინში ვართ და ვაცნობიერებთ, რომ ეს ეტაპი ორმატჩიანია".
ხვალინდელი მატჩის წინ, ჩვენთან საუბარში საკუთარი აზრი დააფიქსირა ქუთაისური გუნდის 26-ე ნომერმაც, რომელსაც „გაგრას“ წინააღმდეგ „ტორპედოს“ გამართულ 3-ვე შეხვედრაში აქვს ნათამაშები და მეტოქის კარში ტორპედოელთაგან ყველაზე მეტი - 3 გოლი აქვს გატანილი.
გიორგი დათუნაიშვილი: „მობილიზებულები და ყველანაირად მომზადებულები ვართ. წლის პირველი მატჩი იქნება და გვინდა, ჩვენს მაყურებლებს კარგი თამაშითა და შედეგით დადებითი შთაბეჭდილება დავუტოვოთ. „გაგრა“ პირველ ლიგაში ასპარეზობს და მის ძალებზე შეიძლება ზუსტად ვერ გითხრათ, თუმცა ამბობენ, რომ კარგი გუნდია. მოგეხსენებათ, ამ გუნდთან ძველი წყენაც გვაქვს, რომელიც თასის ფინალში მარცხით არის გამოწვეული. ამრიგად, ყველანაირად ვეცდებით, რომ ხვალვე გადავწყვიტოთ ორმატჩიანი დუელის ბედი. ფავორიტობი ვართ და მთავარია, რომ ეს თამაშით დავამტკიცოთ“.
აქვე ავღნიშნავთ, რომ ხვალინდელი მატჩის პირდაპირ ვიდეორეპორტაჟს ჩვენს ვებ-გვერდზე შემოგთავაზებთ.
იხილეთ დღევანდელი ვარჯიშის ფოტომასალა







