ფეხბურთი

13:08 | 13.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ტორპედო” ბათუმის “დინამოსთან” დამარცხდა

მიმდინარე მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში ქუთაისის “ტორპედომ“ ამხანაგური მატჩი საკუთარი საწვრთნელი ბაზის ბუნებრივსაფარიან მოედანზე გამართა, სადაც შოთა ჭეიშვილის გაწვრთნილი ბათუმის “დინამო“ მიიღო.

ცნობისთვის, ზღვისპირელთა უმაღლეს ლიგაში დაბრუნება-არდაბრუნების საკითხი საბოლოოდ ორშაბათის აღმასკომის სხდომაზე გადაწყდება.

ტორპედოელთა ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, გასულ მატჩში ორივე გუნდის მწვრთნელებმა ბევრი მოთამაშე გამოცადეს. ამ მხრივ განსაკუთრებით თავი რევაზ ძოძუაშვილმა გამოიჩინა, რომელმაც ოცდაექვს ფეხბურთელს მისცა შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება, მათ შორის საკმაოდ იყვნენ ახალი სახეებიც.

მაღალი ტემპერატურის ფონზე ჩატარებულ შეხვედრაში წინ დინამოელები გავიდნენ, ირაკლი ჩირიკაშვილის გოლით (მე-15 წუთზე) – 0:1. წონასწორობა 30-ე წუთზე აღდგა, როცა მარკოზაშვილის გონივრული გადაცემა თავური დარტყმით ოთარ კვერნაძემ გარდასახა გოლად – 1:1. თამაშის ბოლო შედეგიანი დარტყმა კი 63-ე წუთზე ბათუმელთა კამერუნელმა ახალწვეულმა (ექსგურიელმა) არნაუ ჩუენსუმ შეასრულა – 1:2.

“ტორპედო“: ბობღიაშვილი (კიკნაძე 46), ტაბატაძე (ბერუაშვილი 46), თოდუა (ჩაკვეტაძე 46), მ. მახვილაძე (ჩადუნელი 46), ადამაძე (ხარაბაძე 46, ც. ქებურია 80), ელიავა (ბენაშვილი 46), ჩიკვილაძე (ბაბუნაშვილი 46), ნ. კიკნაველიძე (ნ. კვასხვაძე 46, ბუხაიძე 75), მარკოზაშვილი (გიორგაძე 46, გოგიჩაიშვილი 70), გ. ფიფია (მამასახლისი 46, ზ. გელაშვილი 60), კვერნაძე (მ. გავაშელიშვილი 46)..

“დინამო“ ბათუმი: ალავიძე (ტაკიძე 46), ჩუენსუ, ტეტუნაშვილი, მგელაძე (ვარშანიძე 46), სუხიაშვილი, შონია (ქორიძე 46), მახარაძე (გოგიტიძე 46), დიასამიძე (თევდორაძე 46), აშბა, ჩირიკაშვილი (მაკარიანი 46), აბუსელიძე (ა. მუჯირი 46).

მსაჯი: ბექა ქევანიშვილი (ქუთაისი).

მომდევნო ამხანაგურ მატჩს ქუთათურები 13 ივლისს ზესტაფონში ადგილობრივ ს/კ “ზესტაფონთან“ გამართავენ. შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება.

0.12058