სტატიები

12:51 | 21.10.2012 | ნანახია [] - ჯერ

“ტორონტო რეპტორზი”

ბოლო სეზონები: 80000 კილომეტრი წყალქვეშ

“ტორონტო რეპტორზმა” თავის პიკს მაშინ მიაღწია, როდესაც სემ მიტჩელის თაოსნობით, დივიზიონი მოიგო. შემდგომ სეზონებში ბრაიან კოლანჯელომ  „მოახერხა“ და კონკურენცია წააგო კიდევ ერთ კანადურ კლუბთან “ფინიქსელ მზეებთან”, რის შედეგადაც გუნდის უდავო ლიდერი, “რეპტილიად” წოდებული კრის ბოში “მაიამიში” გაიქცა, იტალიელმა ანდრეა ბარნიანიმ კი, ჯერ, ბოლომდე ვერ შეითავსა ლიდერის ფუნქციები - როგორ უნდა წარუძღვეს გუნდს წარმატებისაკენ.
უკანასკნელ პერიოდში, კლუბის ხელმძღვანელობის ნებისმიერი მცდელობა, რამენაირად გაეძლიერებინა გუნდი, კრახით დასრულდა და შედეგად, პლეი ოფის სტადიაზე საყვარელი გუნდის ნახვა სანატრელი გახდა ტორონტოელი პუბლიკისათვის.

მთავარი მწვრთნელი: დუეინ კეისი

დუეინ კეისი კლუბში პოპულარობის პიკზე მოვიდა და მაშინვე სერიოზულად შეუდგა საქმის კეთებას. მან ჯერ წესრიგი და საკუთარი სტატუსი გაამყარა გუნდში, შემდეგ კი, წინა სეზონებში “რეპტორზში” არსებული სათამაშო სქემების საბოლოოდ ამოძირკვას შეუდგა.
ჯიმი ტრიანოსგან განსხვავებით, მას არ დაუწყია დაცვითი კალათბურთის ქადაგება. პირიქით, სცადა, გაშლილი და სანახაობრივი კალათბურთი შეეთავაზებინა კანადური პუბლიკისთვის, რაც გამოუვიდა კიდეც, თუმცა, სეზონის მიმდინარეობისას ანდრეა ბარნანის ტრავმამ ყველაფერს ხაზი გადაუსვა. 2012-13 წლების სეზონში, მას კარგი შესაძლებლობა ეძლევა, თავისი სიმპატიური გუნდით, კონფერენციაში საკუთარი ადგილი დაიმკვიდროს.

ახალი იმედი: იონას ვალანჩუნასი

იშვიათად თუ შეხვდებით ასეთი კარგი მონაცემების კალათბურთელს. თუმცა, ოლიმპიადაზე არცთუ შთამბეჭდავმა თამაშმა, საგრძნობლად შეარყია მისი რეპუტაცია საკალათბურთო სპეციალისტთა შორის, რომლებიც თვლიდნენ, რომ ლიტველი ყოველნაირად მზად გახლდათ მსოფლიოში ყველაზე ძლიერ ლიგაში სათამაშოდ.
გავრისკავთ და ვივარაუდებთ, რომ ვალანჩუნასი თავისი შრომისმოყვარეობით,  ლიტვის საკალათბურთო სკოლისა და უდიდესი ტალანტის დახმარებით, შეძლებს, საპირისპირო დაუმტკიცოს კრიტიკოსებს, როგორც ეს, ცოტა ხნის წინათ, შეძლო რიკი რუბიომ.
მისი სტილის წინა ხაზის მოთამაშე დუეინ კეისის ძალიან სჭირდება გუნდში და სავარაუდოდ, სეზონის სტარტზევე ჩაჯდება იონასი სასტარტო ხუთეულში და თუ ყველა მე-3 თამაშში ორმაგ დუბლს მაინც გაახერხებს, მისით ყველა კმაყოფილი დარჩება.

http://www.youtube.com/watch?v=gzCUYde90TQ


მთავარი იმედი: კაილ ლოური

პირველსავე პრესკონფერენციაზე კაილ ლოურიმ განაცხადა, რომ ამიერიდან ტორონტოში მთავარი რგოლი სწორედ ის იქნება.
მებრძოლი სულის მქონე გამთამაშებელმა, ბოლო სეზონის ნახევარი უმაღლეს დონეზე ჩაატარა. უბრალოდ, მისი ყოფილი კლუბი შედარებით სუსტი გახლდათ და პლეი ოფში თამაშზე პრეტენზიას ვერ გამოთქვამდა.
წლეულს, ლოური ახალ კონფერენციაში გადმოვიდა სათამაშოდ და შანსი ეძლევა, საკუთარ პირად მიზნებთან ერთად, გუნდურ წარმატებასაც მიაღწიოს. მას შეუძლია სწრაფი პირველი ნაბიჯით მოატყუოს მოწინააღმდეგე. იგი ძალიან კარგად თამაშობს დაცვაში, მაღალი პროცენტული მაჩვენებლით უტევს როგორც საშუალო, ასევე შორი დისტანციებიდან. ფიზიკური მონაცემები აძლევს საშუალებას წარმატებით შევიდეს მოწინააღმდეგეებთან კონტაქტში. საჭირო დროს შეუძლია პასებით მოამარაგოს თანაგუდელები, ასევე გადამწყვეტ მომენტში საკუთარ თავზე აიღოს ლიდერის ფუნქცია და იკისროს პასუხისმგებლობა – ამ მონაცემებით, ის ადვილად მოახდენს “რეპტორზში” აკლიმატიზაციას და პირველივე თამაშებიდან შეეცდება, გაამართლოს მასზე გაცემული ავანსები.  

http://www.youtube.com/watch?v=Z9xO_YOBhMQ

მეხუთე ბორბალი: ხოსე კალდერონი

პროექტი, სახელწოდებით - „ახალი სტივ ნეში ესპანეთის პასპორტით“ - ოფიციალურად დაიხურა, იმ საშინელი შედეგების ფონზე, რაც ბოლო წლებში “ტორონტოს” გადახდა თავს. კოლანჯელომ კალდერონში დაინახა მოთამაშე, რომელიც უნდა გამხდარიყო გუნდის მთავარი ჯადოქარი, მაგრამ ესპანელმა ბოლომდე ვერ გაამართლა იმედები. ის სტაბილურად აგროვებს ქულებს, კარგი პასების დამრიგებელიც გახლავთ, მაგრამ ძალიან სუსტია დაცვაში თამაშისას. თუ რაიმე არ გამოსდის პარკეტზე, მაშინვე ძალიან იბნევა, თითქმის საერთოდ ეთიშება მატჩს და ვეღარ აკონტროლებს მის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს. სწორედ ეს გახლავთ მთავარი პრობლემა ესპანეთის ნაკრების ძირითადი გამთამაშებლისა, რომელიც უკვე იმ ასაკშია, რომ ძნელია, რაიმეს გამოსწორება.  თუმცა, სათადარიგოთა სკამზე მისი ყოფნა კანადური კლუბისთვის საკმაოდ ნაყოფიერი შეიძლება გამოდგეს, რადგან, როცა ლოურის დასვენების შესაძლებლობა მიეცემა, მე-2 ხუთეულის დირიჟორად დუეინ კეისის აუცილებლად დასჭირდება ხოსე.  

http://www.youtube.com/watch?v=rhaBLvsgGM0



X ფაქტორი: დემარ დეროზანი

გასული სეზონის სტარტზე, დემარი საკალათბურთო სამყაროს დაპირდა, რომ მისი სახით, ახალი ვარსკვლავი დაიბადებოდა ტორონტოში, მაგრამ ბარნანის ტრავმამ არ მისცა მას ამის შესაძლებლობა. ხშირ შემთხვევებში, უწევდა მძიმე ფორვარდის პოზიციაზე თამაში და გაცილებით მეტი პასუხისმგებლობა დააწვა კისერზე, ვიდრე ეს სეზონის სტარტზე იგეგმებოდა. გაიფუჭა თამაშიდან ზუსტი სროლების პროცენტული მაჩვენებელი, თუმცა, იტალიელის გამოჯანმრთელებასთან ერთად, დეროზანი 3 ნომრის პოზიციას დაუბრუნდება. კლუბის მთავარი მწვრთნელი ნელ-ნელა შეიტანს გუნდის თამაშში იმ დადებით ელემენტებს, რომელიც ახასიათებდა “ჰიუსტონში” თამაშისას ლოურის, ბადინგერთან და პარსონსთან ურთიერთქმედებისას. ეს კიდევ ერთ მოტივატორად უნდა იქცეს ახალგაზრდა ათლეტისთვის, თან ისეთ ასაკშია დეროზანი, რომ თუ ვარსკვლავობა უნდა, სწორედ 2012-13 წლების სეზონში უნდა შეძლოს ეს, წინაღმდეგ შემთხვევაში, ამგვარ სტატუსს ვეღარასდროს მიიღებს.  

http://www.youtube.com/watch?v=LUWAsV5PaWA



სასტარტო ხუთეული: კაილ ლოური, ტერენს როსი, დემარ დეროზანი, ანდრეა ბარნანი, იონას ვალანჩუნასი.

გუნდის ლიდერების სატისტიკური მონაცემები საშუალოდ მატჩში:

ქულები: ბარნანი – 20,5

მოხსნები: ვალანჩუნასი – 6,3

გადაცემები: ლოური – 8,2

ჩაჭრები: ლოური – 2,1

დაფარებები: ჯონსონი – 1,1

დაკარგვები: ლოური – 2,7

დასკვნა: “ტორონტომ” ნელ-ნელა შემოიკრიბა თავის ირგვლივ „მუშა“ ტიპის კალათბურთელები, რომლებსაც შეუძლიათ კლუბისთვის გარკვეული ფუნქციების შესრულება, მაგრამ ამ კონტიგენტით მაინც ძალიან გაჭირდება იმ ჩამორჩენის აღმოფხვრა, რაც დღესდღეობით, რეალურად არსებობს კანადურ კლუბსა და პლეი ოფის ზონას შორის. ასეთ სიტუაციაში, წლევანდელ დრაფტზე ჯერემი ლემბის იგნორირება, შეიძლება, ძვირად დაუჯდეს კლუბს.
“ტორონტო” საჩუქარი არცერთი მოწინააღმდეგისთვის არ იქნება, განსაკუთრებით, საშინაო არენაზე, სადაც ტრადიცულად, გაცილებით უკეთესად ასპარეზობს. თუ გაუმართლათ და წამყვანმა მოთამაშეებმაც სეზონის მიმდინარეობისას აირიდეს სერიოზული ტრავმები, მაშინ დადებით შედეგზე ნამდვილად შეიძლება ფიქრი.

 

გიორგი ბარბაქაძე



 

0.236964