რეიტინგსიის მეორე ნომერი რაფა ნადალს 4-10 აგვისტოს ტორონტოს „მასტერზ1000“-ზე, 11-17 აგვისტოს კი ცინტინატის შეჯიბრებაზე უნდა ეასპარეზა, მაგრამ მალიორკელი ორივე ასპარეზობას ხელის ტრავმის გამო დააკლდება. რაფამ მარჯვენა ხელი ერთ-ერთი ვარჯიშისას იღრძო და წვრთნებზე სპეციალური ფიქსატორით გადის. შეგახსენებთ, შარშან ნადალმა როგორც ტორონტოში, ასევე ცინცინატიში იმარჯვა და ამ ტურნირების გამოტოვებით მნიშვნელოვან სარეიტინგო ქულებს დაკარგავს.
„2 კვირის განმავლობაში მაჯის საათის ნაცვლად ამ ფიქსატორის ტარება მომიწევს“, - დაწერა რაფამ საკუთარ ფეისბუქზე და ფოტოც გამოამზეურა.
28 წლის ესპანელის გარდა ცინცინატის ტურნირზე მონაწილეობა ბოლო მომენტში ნადალის თანამემამულე ნიკოლას ალმაგრომ, უკრაინელმა ოლექსანდრ დოლგოპოლოვმა, გერმანელებმა ტომი ჰაასმა და ფლორიან მაიერმა იუარეს. მათ ნაცვლად შეჯიბრების ძირითად ბადეში ორგანიზატორებმა ავსტრალიელი ლეიტონ ჰიუიტი, ფრანგები ჟილ სიმონი და ჟულიენ ბენეტო, უზბეკი დენის ისტომინი და ტაივანელი ლუ ენ-ხსუ დაუშვეს.