ფეხბურთი

19:25 | 3.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე თარხნიშვილი: “ბევრი ფანტაზია და არასტანდარტული გადაწყვეტილებების მიღებაა საჭირო”

ლატვიის “ვენტსპილსის” ნახევარმცველმა თორნიკე თარხნიშვილმა კლუბის ოფიციალურ ვებგვერდთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მოედანზე მეტი კრეატიულობა მართებს.

- ჩემპიონატში ჩატარებული პირველი მატჩი გოლით აღნიშნე...

- პირველსავე მატჩში გოლის გატანა ძალიან კარგია. თუმცა, მთავარია, რომ “ვენტსპილსმა” გაიმარჯვა. ჩვენმა გუნდმა მოიგო, ხოლო მე გავიტანე. ეს ორმაგად სასიხარულოა.

- გოლი “ქართულად” გაიტანე – ტექნიკურად. ყველამ ნახა და ისიამოვნა. ეს ეპიზოდი შენ რით დაგამახსოვრდა?

- ედიკ სუხანოვმა იდეალური პასი მომცა. მსგავს პასებს ინგლისსა და ესპანეთში აკეთებენ. მეკარესთან პირისპირ დავრჩი, გვერდი ავუარე და ცარიელ კარში ბურთი შევაგორე.

- როგორი შთაბეჭდილება დაგრჩა სადებიუტო მატჩისგან?

- დარწმუნებული ვარ, რომ “ვენტსპილსმა” დამსახურებულად გაიმარჯვა. ჩემპიონატის სტარტზე მოგება ძალიან გვსურდა, მოვინდომეთ და კარგად ვითამაშეთ. ბურთს ვაკონტროლებდით, ბევრი საგოლე მომენტი შევქმენით, შეგვეძლო მეტიც გაგვეტანა. ვფიქრობ, ფეხბურთელებმა მწვრთნელის დავალება შეასრულეს. რა თქმა უნდა, იდეალურად არა, მაგრამ ჩემი აზრით, კარგად ვითამაშეთ.

- კარგად ითამაშე, მაგრამ ეს ის არ არის, რაც სინამდვილეში შეგიძლია. თუ ვცდები?

- არა, ეს სიმართლეა. კიდევ უნდა მოვუმატო. ყოველ ვარჯიშზე თავი უკეთ უნდა გამოვავლინო, თამაშებზე რომ არაფერი ვთქვა. მაქსიმუმი არა საკუთარი თავისთვის, არამედ გუნდისთვის უნდა გააკეთო. ეს ყველაზე მთავარია.

- მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, გუნდია მთავარმა მწვრთნელმა იურგის პუჩინსკასმა აღნიშნა, რომ შენგან მეტ კრეატიულობას ელის...

- ეს სწორი ნათქვამია. ისეთ პოზიციაზე ვთამაშობ, რომელიც მეტ კრეატიულობას მოითხოვს. ბევრი ფანტაზია და არასტანდარტული გადაწყვეტილებების მიღებაა საჭირო. ეს ჩვენი თავდამსხმელებისთვის აუცილებელია, რათა გოლები გაიტანონ. რა თქმა უნდა, ამ მხრივ უნდა მოვუმატო.

- როგორ მოგეწონა “ვენტსპილსის” ორ საშინაო მატჩში ტრიბუნებზე არსებული ატმოსფერო?

- ძალიან მომეწონა. ვფიქრობ, მთავარ სტადიონზე უკეთესი ატმოსფერო იქნება. ყოჩაღ, გულშემატკივრებო, მხარს საუცხოოდ გვიჭერდნენ.

- ვფიქრობ, გუნდსაც ადვილად შეეგუე...

- ძალიან. საუცხოო ბიჭები არიან და პირველი დღიდან კარგი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა. თავს ლეგიონერად არ ვგრძნობ. მწვრთნელებიც მეხმარებიან, მხარს მიჭერენ და სასარგებლო რჩევებს მაძლევენ. ყველაფერი კარგადაა.

- ქალაქი მოგწონს?

- ვენტსპილსი მშვიდი და მყუდრო ქალაქია, ხმაურიანი თბილისისგან განსხვავებით. ხალხი თავაზიანია, თავის საქმეს აკეთებენ და საუცხოოდ იქცევიან. ბიჭები მიყვებოდნენ, რომ ზაფხულში ვენტსპილსში ძალიან კარგია. ის დამრჩენია, ზაფხულს დაველოდო.

- წარმომიდგენია, სითბოს მოყვარული ქართველისთვის ამჟამინდელი გაზაფხული როგორი ასატანი იქნება...

- თუ მუდმივად პლუს 5 გრადუსი იქნება, ეს უკვე თითქმის სრული ბედნიერებაა!

- ადაპტაცია მალე გაიარეთ?

- ჩემი აზრით, სრულიად ადაპტირებული ვარ. ვიცი, მწვრთნელი რას მთხოვს და კიდევ ბევრი უნდა ვიმუშაო, რომ ეს მოთხოვნები მოედანზე იდეალურად შევასრულო. ყოველ ვარჯიშზე უკეთესი უნდა გავხდე, ვიდრე მანამდე ვიყავი.

- მომავალ ტურში “ვენტსპილსი” ქვეყნის მოქმედ ჩემპიონს “დაუგავას” ეთამაშება. საინტერესო მატჩი იქნება...

- რთული და საინტერესო თამაში იქნება. არ ვიცი, როგორ განვითარდება მოვლენები, მაგრამ მჯერა, რომ თითოეული გამარჯვებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. ცხადია, “ვენტსპილსს” მოგება ძალიან უნდა.

- გამარჯვების შემთხვევაში ჩემპიონს 5 ქულით გაასწრებთ. უძლიერესი სტიმულია...

- მართალია, მაგრამ ჩემი აზრით, ამაზე არ უნდა ვიფიქროთ. მთავარია, ჩვენი ფეხბურთი ვაჩვენოთ და ჩემპიონობისთვის ბრძოლაში ერთ-ერთ მთავარ კონკურენტს მოვუგოთ. მოედანზე უნდა გავიდეთ და რაც შეგვიძლია, ყველაფერი გავაკეთოთ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.11935