რაგბი

21:06 | 9.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

Top 14-ში ორი “გააყვითლეს”

საფრანგეთის მორაგბეთა პირველ ელიტარულ დივიზიონ Top 14-ში, მაშინ, როდესაც საქართველოს ნაკრები ლისაბონში პორტუგალიას სარეკორდო სხვაობით ამარცხებდა მეთვრამეტე ტურის თამაშები გაიმართა.

ეროვნულ გუნდში გამოძახებული და ტრავმირებული მორაგბეების გამოკლებით, წამყვან ფრანგულ ლიგაში ოთხმა ქართველმა ლეგიონერმა ითამაშა და ორი მათგანი ყვითელი ბარათით დაისაჯა.

ტურის ცენტრალურ მატჩში ერთმანეთის პირისპირ ლიდერობისთვის მებრძოლი გუნდები წარსდგნენ. დავით ზირაქაშვილის “კლერმონმა” დავით ქუბრიაშვილისა და ზურაბ ჟვანიას “სტად ფრანსეს” უმასპინძლა, 25:13 იმარჯვა და პირველი ადგილი დაიბრუნა. ზირაქაშვილმა ტრავმა მოიშუშა, გუნდის სასტარტო შემადგენლობაში დაბრუნდა და მოედანზე 62 წუთი გაატარა. სტუმართა განაცხადში არ იყვნენ ქუბრიაშვილი და ჟვანია - პირველმა ბელგიასთან გამართულ მატჩში ხელი მოიტეხა, ხოლო მეორემ პორტუგალიის წინააღმდეგ ითამაშა.

“კლერმონი” უპირატესობას ფლობდა, მაგრამ ორჯერ ჩამორჩა მეტოქეს და მხოლოდ პირველი ტაიმის დასკვნით ხუთ წუთში გატანილი ჯარიმების ხარჯზე შესვენებაზე ექვსქულიანი უპირატესობით გავიდა (12:6). მეორე ნახევრის შუაში, სანამ ზირაქაშვილს შეცვლიდნენ, პარიზელები კიდევ ორჯერ დაჯარიმდნენ და ანგარიში 18:6 გახდა. 68-ე წუთზე მასპინძლებმა ლელო გაიტანეს და გარდასახვა გამოიყენეს, მერე ლელო-გარდასახვა თავად გაუშვეს და საბოლოო შედეგი დაფიქსირდა. შედეგად, “კლერმონს” 54 ქულა მოუგროვდა, “სტად ფრანსეს” ორი ქულით აჯობა და მას პირველი ადგილი ჩამოართვა.

50 ქულით მესამეა ანტონ ფეიქრიშვილის “კასტრი”. საფრანგეთის ჩემპიონმა “უაიონს” უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით იმარჯვა - 17:16. ქართველი პირველხაზელი ლისაბონში საქართველოს ნაკრებისთვის ირჯებოდა.

ტურის კიდევ ერთ ცენტრალურ მატჩში ვასილ კაკოვინისა და ჯაბა ბრეგვაძის “ტულუზამ” მამუკა გორგოძისა და მიხეილ ნარიაშვილის “მონპელიეს” უმასპინძლა. კაკოვინი და გორგოძე ტრავმირებულები არიან, ხოლო ბრეგვაძე და ნარიაშვილი ეროვნულ გუნდთან ერთად პორტუგალიელებს ამარცხებდნენ. დაძაბული ბრძოლა სტუმართა გამარჯვებით დასრულდა. “მონპელიემ” გამარჯვების მომტანი ჯარიმა ბოლო წუთზე გაიტანა (15:12) და 48 ქულით მეოთხე საფეხურამდე დაწინაურდა, ხოლო “ტულუზა” 45 ქულით მე-7 ადგილამდე დაეშვა.

ლევან ჩილაჩავასა და კოტე მიქაუტაძის “ტულონმა” “ბიარიცი” 33:20 დაამარცხა და ბოლო წუთზე პრემიალური ქულის მომტანი ლელოც გაიტანა. ქართველი ლეგიონერები “ბორჯღალოსანთა” მაისურით ირჯებოდნენ, მათი გუნდი კი, 47 ქულით მეხუთე ადგილზეა.

გიორგი ჟღენტის “პერპინიანი” დავით ხინჩაგიშვილის “რასინგ მეტროს” დაუზავდა - 19:19. ხინჩაგიშვილი ტრავმირებულია, ჟღენტი სასტარტო შემადგენლობაში იყო და მე-60-ე წუთზე მეტოქის პირველხაზელთან ერთად სინბინით დაისაჯა, სასჯელის ვადის ამოწურვის შემდეგ კი, მოედანზე აღარ დაბრუნებულა. “პერპინიანმა” საწყისი ნახევარი საათის შემდეგ ლიდერობა მოიპოვა, მაგრამ 74-ე წუთზე საკუთარ 22-ში ბურთი დაკარგა და ლელო-გარდასახვა გაუშვა. მასპინძლებს ბოლო ჯარიმა რომ გაეტანათ გამარჯვებას მაინც მიაღწევდნენ, თუმცა დარტყმა არაზუსტი აღმოჩნდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს. “რასინგ მეტრო” 44 ქულით მერვე ადგილზეა და პლეი ოფში გასასვლელად იბრძვის, ხოლო “პერპინიანს” 38 ქულით მე-11-ე პოზიცია უკავია და გასავარდნ ზონასთან უფრო ახლოსაა, ვიდრე საპლეიოფოსთან.

გოდერძი შველიძისა და კარლენ ასეიშვილის “ბრივი” “ბაიონს” ეწვია და 6:9 დამარცხდა. ასეიშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო, 36-ე წუთზე სინბინით დაისაჯა, 68-ეზე კი, შველიძემ შეცვალა. შველიძემ ასეიშვილის სინბინის პერიოდში კიდევ 10 წუთი ითამაშა. “ბრივი” 40 ქულით მეათე ადგილზეა.

ზაზა ნავროზაშვილის “ბორდომ” “გრენობლს” ქართველი ლეგიონერის გარეშე უმასპინძლა და პრემიალური ქულით, 38:17 იმარჯვა. ბორდოელები 42 ქულით მე-9 ადგილზე არიან. Top 14-ის მომდევნო ტურის თამაშები 15 თებერვალს გაიმართება.

0.138542