რაგბი

14:41 | 27.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

Top 14-ში ლიდერი შეიცვალა

საფრანგეთის მორაგბეთა პირველ ელიტარულ დივიზიონ Top 14-ში პარიზულმა “სტად ფრანსემ” “კლერმონის” ზედიზედ ორი მარცხით ისარგებლა, განვლილ ტურში ერთ-ერთი კონკურენტი “კასტრი” პრემიალური ქულით დაამარცხა და სატურნირო ცხრილის სათავეში აღზევდა.

დავით ქუბრიაშვილისა და ზურაბ ჟვანიას “სტად ფრანსემ” ანტონ ფეიქრიშვილის “კასტრს” სამი უპასუხო ლელო გაუტანა და 32:6 იმარჯვა. პარიზელთათვის ეს ზედიზედ მეხუთე მოგება იყო საფრანგეთის ჩემპიონატში. ქართველ ლეგიონერთაგან მატჩში ორმა პირველხაზელმა მიიღო მონაწილეობა და ფეიქრიშვილმა 57-ე, ხოლო ქუბრიაშვილმა 59-ე წუთიდან ითამაშეს. შესვენებამდე გუნდებმა ჯარიმებით აგროვეს ქულები და მასპინძლები 12:6 დაწინაურდნენ. მეორე ტაიმში პარიზელებმა სამი ლელო გაიტანეს და 52 ქულით ლიდერობენ, ხოლო “კასტრი” 46 ქულით მესამე ადგილზეა.

დავით ზირაქაშვილის “კლერმონმა” ამჯერად “ბაიონთან” სტუმრად 9:18 წააგო. ქართველი პირველხაზელი ტრავმირებულია და განაცხადში არ იყო. მისი გუნდი 50 ქულით მეორე ადგილზეა.

მიხეილ ნარიაშვილისა და მამუკა გორგოძის “მონპელიემ” ზაზა ნავროზაშვილის “ბორდო” 28:23 დაამარცხა და საპლეიოფო ექვსეულში დაბრუნდა. ნავროზაშვილი განაცხადში არ იყო. გორგოძემ სრულად ითამაშა და როგორც ყოველთვის, მოედანზე ამჯერადაც ერთ-ერთი გამორჩეული იყო. სასტარტო შემადგენლობაში იყო და 69 წუთი ითამაშა ნარიაშვილმა. შეხვედრა დაძაბული გამოდგა და მასპინძლებმა მხოლოდ მეორე ნახევრის შუაში მოახერხეს გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვება, მაგრამ ბოლოს საჯარიმო ლელოთი დაისაჯნენ და მეტოქეს პრემიალური ქულა გაატანეს. “მონპელიე” 44 ქულით მეხუთე ადგილზეა, ხოლო “ბორდო” 37 ქულით მეათე პოზიციაზეა და პლეი ოფში მოხვედრის შანსს ინარჩუნებს.

აღსანიშნავია, რომ წელს Top 14-ში დაძაბული სიტუაციაა და პლეი ოფში მოხვედრის შანსს პრაქტიკულად 13 გუნდი ინარჩუნებს, რადგან ბოლოსწინა ადგილზე და მეექვსე საფეხურზე მყოფ გუნდებს შორის არც ისე დიდი სხვაობაა.

დავით ხინჩაგიშვილის “რასინგ მეტრომ” ვასილ კაკოვინისა და ჯაბა ბრეგვაძის “ტულუზა” 25:5 დაამარცხა. მატჩში ქართველ ლეგიონერებს მონაწილეობა არ მიუღიათ. მასპინძლებმა ტაიმი 18:0 მოიგეს, 45-ე წუთზე მესამე ლელო გაიტანეს და 25:0 დაწინაურდნენ, მაგრამ ბოლო წუთზე ლელო თავადაც მიიღეს და პრემიალური ქულა დაკარგეს. მიუხედავად მარცხისა, “ტულუზა” 44 ქულით საპლეიოფო მეექვსე ადგილზეა, ხოლო “რასინგ მეტროს” 42 ქულა აქვს და მერვე პოზიციაზეა.

Top 14-ში ზედიზედ მესამე თამაში დათმო ლევან ჩილაჩავასა და კოტე მიქაუტაძის “ტულონმა”, რის შემდეგაც ქართველთა გუნდი 42 ქულით მეშვიდე პოზიციამდე დაეშვა. ამჯერად ტულონელებს გოდერძი შველიძისა და კარლენ ასეიშვილის “ბრივმა” 23:10 აჯობა და 39 ქულით მე-9 ადგილამდე აღზევდა. მასპინძელთა შორის შველიძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და ის 51-ე წუთზე ასეიშვილმა შეცვალა. სტუმართა განაცხადში მხოლოდ მეორეხაზელი მიქაუტაძე მოხვდა, რომელიც თამაშში 61-ე წუთიდან ჩაერთო.

მასპინძლებმა ძალიან კარგი პირველი ტაიმი ჩაატარეს, მეტოქე ჯანით დაჯაბნეს, შესვენებამდე ორი წუთით ადრე ლელო მოლით გაიტანეს და 20:3 დაწინაურდნენ. “ბრივმა” მეორე ტაიმში ჯარიმით უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა, ბოლოს ლელო გაუშვა, მაგრამ გამარჯვება მაინც მას დარჩა.

პრემიალურ ქულას დასჯერდა გიორგი ჟღენტის “პერპინიანი”, რომელიც სტუმრად “გრენობლთან” 19:25 დამარცხდა. ქართველი პირველხაზელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 61 წუთი ითამაშა. უხეშ თამაშში “პერპინიანმა” პრემიალური ქულა ბოლო წუთზე გატანილი ლელო-გარდასახვით აიღო და 36 ქულით მე-11 ადგილზეა.

Top 14-ში ახლა სანაკრებო მატჩებით გამოწვეული ერთკვირიანი შესვენებაა, თუმცა ფრანგები მეორე უქმეების სანაკრებო მატჩებს აღარ დაელოდებიან და ჩემპიონატი 7-8 თებერვალს განახლდება. 

 

 

0.128628