რაგბი

14:15 | 1.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

Top 14-ში დაუმარცხებელი აღარავინაა

საფრანგეთის მორაგბეთა პირველ ელიტარულ დივიზიონ Top 14-ში სამი ტურის შემდეგ 7 გუნდს ორ-ორი, ხოლო დანარჩენ შვიდს თითო-თითო მოგება დაუგროვდათ. ამრიგად, იქ აღარ დარჩა დაუმარცხებელი და უქულო გუნდი, რაც იმის წინაპირობაა, რომ წლევანდელი გათამაშება გასულზე უფრო დაძაბული იქნება.

მიხეილ ნარიაშვილის “მონპელიემ”, მესამე ტურში, დავით ზირაქაშვილისა და ვიტო კოლელიშვილის “კლერმონი” მისსავე მოედანზე 21:20 დაამარცხა და ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. სტუმართა წარმატება დიდიწილად მგეზავი თხან-დუკის დიდებულმა თამაშმა განაპირობა, რომელმაც პირველი ჯარიმის შესრულების უფლება პალაგუეს დაუთმო, მერე კი, 4 ჯარიმა და ორი არეკნი შეასრულა. შეხვედრის ერთადერთი ლელო მასპინძლებმა 37-ე წუთზე გაიტანეს და 8:3 დაწინაურდნენ, მაგრამ შესვენებამდე ჯარიმა და არეკნი მიიღეს (8:9). მეორე ტაიმის საწყის 20 წუთში “მონპელიე” ლიდერობას ინარჩუნებდა, მაგრამ 72-ე წუთისთვის “კლერმონი” 20:15 დაწინაურდა და წარმატების იმედიც გაუჩნდა, მაგრამ დარჩენილ დროში ორი ჯარიმა მიიღო (ბოლო, ბოლო წუთზე) და დამარცხდა.

ტურის ცენტრალურ მატჩში მთელი 71 წუთის განმავლობაში ერთმანეთის პირისპირ იდგნენ 3 ნომერი ზირაქაშვილი და პირველი ნომერი ნარიაშვილი. მწვრთნელებმა ისინი პრაქტიკულად ერთდროულად შეცვალეს. თამაშში 63-ე წუთიდან ჩაერთო მესამეხაზელი კოლელიშვილი. ამრიგად, სამ-სამი თამაშის შემდეგ ორივე გუნდს 9-9 ქულა დაუგროვდა და ისინი მესამე-მეოთხე ადგილებს იყოფენ, პირველ ორ საფეხურს კი, მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლებით ჩამორჩებიან.

პირველ ადგილზე მამუკა გორგოძის, ლევან ჩილაჩავასა და კოტე მიქაუტაძის “ტულონია”, რომელიც სტუმრად დავით ხინჩაგიშვილის “რასინგ მეტროსთან” 7 ქულით დამარცხდა და უქულოდ დარჩა. საფრანგეთის ჩემპიონატის ორგანიზატორებმა ახალი სეზონის დაწყებამდე დაასკვნეს, რომ 7 და ნაკლები ქულით მარცხისთვის გუნდებმა პრემიალური ქულები მრავლად მიიღეს და ლიმიტი 5 ქულამდე შეამცირეს. ანუ, ახლა პრემიალურ ქულას მხოლოდ ის დამარცხებული გუნდები იღებენ, რომელთა ჩამორჩენაც ერთი ლელოს ფარგლებში იქნება (5 და ნაკლები ქულით).

მატჩში სამმა ქართველმა მიიღო მონაწილეობა. გორგოძე ტრავმირებულია, ჩილაჩავა და მიქაუტაძე კი, სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ. სტუმართა პირველხაზელმა (ჩილაჩავა) მოედანზე 50, ხოლო მეორეხაზელმა (მიქაუტაძე) 69 წუთი გაატარა. მასპინძელთა პირველხაზელი ხინჩაგაშვილი თამაშში 57-ე წუთიდან ჩაერთო. პირველ ტაიმში გუნდებმა ლელოები გაცვალეს, მაგრამ მასპინძლებმა ჯარიმაც გაიტანეს და 10:7 დაწინაურდნენ, ხოლო 49-ე წუთზე მეორედ გადალახეს სტუმართა ჩათვლის მოედნის ხაზი. “ტულონმა” ჩამორჩენა ჯარიმით 51-ე წუთზე შეამცირა, რის შემდეგაც ანგარიში აღარ შეცვლილა. “რასინგ მეტროს” 8 ქულით მე-6 ადგილი უკავია.

ლექსო ყაულაშვილის “ლა როშელმა” ვასილ კაკოვინის “ტულუზას” მიმდინარე სეზონში პირველი მარცხი აგემა - 37:25. ტულუზელები მთელი პირველი ტაიმი ლიდერობდნენ, მაგრამ მე-60 წუთისთვის უკვე 22:25 აგებდნენ. სწორედ ამ დროს ჩაერთო თამაშში ყაულაშვილი, მასპინძლებმა ორი ლელო გაიტანეს და მნიშვნელოვანი გამარჯვება იზეიმეს. კაკოვინი განაცხადში არ იყო. ამ შედეგის მიუხედავად, “ტულუზა” 9 ქულით მეორე ადგილზე რჩება, ხოლო “ლა როშელი” 4 ქულით ჯერჯერობით ბოლო ადგილზეა.

გიორგი ჟღენტის “ბაიონი” “კასტრთან” სტუმრად 6:30 დამარცხდა და მეტოქეს პრემიალური ქულა გაატანა. ამაში ქართველი ბურჯის დანაშაული მინიმალურია, რადგან მან შეცვლაზე მხოლოდ 6 წუთი ითამაშა. “ბაიონი” 5 ქულით ბოლოსწინა მე-13 საფეხურზეა. ქართველი ლეგიონერის გარეშე “გრენობლთან” 23:37 დამარცხდა ზაზა ნავროზაშვილის “ბორდო”, რომელიც 8 ქულით მე-5 ადგილზეა.

კარლენ ასიეშვილისა და გოდერძი შველიძის “ბრივი” სტუმრად საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი დამრიგებლის, ტიმ ლეინის გაწვრთნილ “ლიონთან” 6:24 დამარცხდა. შველიძე განაცხადში არ იყო, ასიეშვილმა პირველიდან 51-ე წუთამდე ითამაშა, 59-ე წუთზე ტრავმირებული თანაგუნდელის ნაცვლად მოედანზე ისევ დაბრუნდა და 66-ე წუთამდე ითამაშა. “ბრივი” 5 ქულით მე-12 პოზიციაზეა.

“ოიონაქსთან” 6:33 დამარცხდა დავით ქუბრიაშვილისა და ზურაბ ჟვანიას “სტად ფრანსე”, რომელიც 8 ქულით მე-7 ადგილზეა. ჟვანია განაცხადში არ იყო, ქუბრიაშვილმა პირველივე წუთიდან ითამაშა, 44-ე წუთზე მეტოქის პირველ ნომერთან ერთად სინბინით დაისაჯა და მოედანზე აღარ დაბრუნებულა. Top 14-ის მომდევნო ტურის თამაშები 5-6 სექტემბერს გაიმართება.

თეგებიTop 14
0.137622