რაგბი

15:29 | 15.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

Top 14-ს ქართველების გუნდები ლიდერობენ

 

საფრანგეთის მორაგბეთა პირველ ელიტარულ დივიზიონ Top 14-ში თითქმის მეოთხედი მიილია. გუნდებმა უკვე ექვს-ექვსი თამაში ჩაატარეს და სასიხარულოა, რომ პირველ ცხრა ადგილს ქართველი ლეგიონერების კლუბები იკავებენ. დიდი ალბათობით, ჩემპიონი წელსაც რომელიმე ჩვენებურის გუნდი გახდება და ცუდი მხოლოდ ისაა, რომ უმეტესად ტრავმების გამო მათ ჯერჯერობით მოედანზე გასვლა იშვიათად უწევთ.

მე-6 ტურის შემდეგ, სატურნირო ცხრილის სათავეში 19 ქულით დავით ზირაქაშვილის “კლერმონი” მოექცა, რომელმაც “გრენობლს” 27:13 სძლია. ქართველი პირველხაზელი ტრავმას იშუშებს და განაცხადში არ იყო. პრინციპში, მისი თანაგუნდელები ამ გამარჯვებით მთლად ბოლომდე კმაყოფილი არ უნდა იყვნენ. ერთი საათის შემდეგ მასპინძლები 27:6 იგებდნენ, სამი უპასუხო ლელო გატანილი ჰქონდათ და პრემიალური ქულის აღებასთანაც ძალიან ახლოს იყვნენ, მით უმეტეს, რომ 65-ე წუთზე მეტოქე წითელი ბარათით დაისაჯა. მაგრამ მალე “კლერმონმაც” მიიღო სინბინი და უპირატესობის შენარჩუნების, ან მისი გაზრდის ნაცვლად, ბოლო წუთზე ლელო აქეთ გაუშვა, რამაც პრემიალური ქულა დააკარგვინა.

“კლერმონმა” ლიდერობა ლევან ჩილაჩავასა და კოტე მიქაუტაძის “ტულონს” ჩამოართვა, რომელიც ტურის ცენტრალურ მატჩში ჩემპიონთან, ანტონ ფეიქრიშვილის “კასტრთან” სტუმრად 15:22 დამარცხდა. ფეიქრიშვილი ტრავმირებულია, ჩილაჩავა განაცხადში არ იყო, ხოლო მიქაუტაძემ შეცვლაზე დასკვნითი 21 წუთი ითამაშა. პირველ ტაიმში ჯონ უილკინსონის მიერ გატანილ სამ ჯარიმას, მასპინძლებმა ჯარიმით, არეკნით და შესვენებამდე 3 წუთით ადრე ლელო-გარდასახვით უპასუხეს - 13:9. ინგლისელმა დამრტყმელმა ჯარიმით და არეკნით საკუთარი გუნდი 57-ე წუთზე დააწინაურა, მაგრამ დასკვნით მეოთხედში “კასტრმა” სამი უპასუხო ჯარიმა გაიტანა. ამრიგად, “ჰაინეკენის თასის “მფლობელმა მხოლოდ პრემიალური ქულა ჩაიწერა და 18 ქულით მეორე ადგილზეა, ხოლო “კასტრს” 2 ქულით ნაკლები აქვს და მე-4 პოზიციაზეა.

18 ქულა აქვს და მე-3 საფეხურს იკავებს დავით ქუბრიაშვილისა და ზურაბ ჟვანიას “სტად ფრანსე”, რომელმაც გასულ ტურში გოდერძი შველიძისა და კარლენ ასეიშვილის “ბრივი” 25:18 დაამარცხა. მასპინძელთა შორის პირველიდან 66-ე წუთამდე ითამაშა ქუბრიაშვილმა, ხოლო სტუმართა შორის 56-ე წუთზე შეცვლაზე შევიდა ასეიშვილი. Top 14-ში დაბრუნებულმა ბრიველებმა ბოლომდე იბრძოლეს და ერთის პასუხად ორი ლელო გაიტანეს, მაგრამ უდისციპლინობას ვერაფერი მოუხერხეს, 6 ჯარიმა გაუშვეს და მხოლოდ პრემიალურ ქულას დასჯერდნენ. “ბრივი” 10 ქულით ბოლოსწინა მე-13 ადგილზეა.

ზედიზედ სამი გამარჯვების შემდეგ, სტუმრად გიორგი ჟღენტის “პერპინიანთან” 16:28 დამარცხდა მამუკა გორგოძისა და მიხეილ ნარიაშვილის “მონპელიე”. გორგოძემ ფეხის ტრავმის შემდეგ სირბილი განაახლა, მაგრამ ის სათამაშოდ ჯერ მზად არაა. სტუმართა განაცხადში არ იყო ნარიაშვილიც, რომელმაც “ბორდოსთან” სტუმრად 36:29 მოგებულ შეხვედრაში ფეხის კუნთი გაიწყვიტა და რამდენიმე კვირით დასვენება მოუწევს. მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 51 წუთი ითამაშა ჟღენტმა.

 სტუმრებმა საწყისი 20 წუთი ჩააგდეს. ამ პერიოდში “პერპინიანმა” სამი ლელო გაიტანა და 20:3 დაწინაურდა. მეორე ტაიმში მათ მეოთხედაც გადაკვეთეს “მონპელიეს” ჩათვლის მოედანი და სულ ბოლოს ერთი საპასუხო ლელო თავადაც გაუშვეს, მაგრამ მეტოქეზე სამით მეტი ლელო მაინც გაიტანეს და პრემიალური ქულაც ჩაიწერეს. ორივე გუნდს 16-16 ქულა აქვს და მეოთხე-მერვე ადგილებს იყოფენ.

ტრავმირებული ვასილ კაკოვინისა და ჯაბა ბრეგვაძის გარეშე 31:7 დაამარცხა “ტულუზამ” “ბიარიცი” და თან პრემიალური ქულაც ჩაიწერა. მასპინძლებმა პირველ ნახევარში 4 ლელო გაიტანეს და 26:0 დაწინაურდნენ, მეორე ტაიმში კი, გუნდებმა ლელოები გაცვალეს. “ტულუზას” სხვა ხუთი გუნდის მსგავსად 16 ქულა აქვს.

16 ქულა აქვს დავით ხინჩაგიშვილის “რასინგ მეტროსაც”, რომელმაც სტუმრად “ბაიონს” 19:16 აჯობა. ქართველი პირველხაზელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 72 წუთი ითამაშა. დაძაბული ბრძოლის პირველი ტაიმი 6:6 დასრულდა, მერე გუნდებმა ჯარიმები გაცვალეს და 53-ე წუთზე მასპინძლები ლელო-გარდასახვით დაწინაურდნენ. “რასინგ მეტრომ” ჯერ ჯარიმით უპასუხა, ხოლო 62-ე წუთზე თავად გაიტანა ლელო, გარდასახვა გამოიყენა და ამის შემდეგ ანგარიში აღარ შეცვლილა.

ზაზა ნავროზაშვილის “ბორდომ” ქართველი ლეგიონერის გარეშე პრემიალური ქულით დაამარცხა “უაიონი” - 35:10. ბორდოელებს 15 ქულა აქვთ და მე-9 ადგილზე არიან. Top 14-ის მომდევნო ტურის თამაშები 20-21 სექტემბერს გაიმართება.

0.126782