რაგბი

17:54 | 5.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

Top 14-ის ქართველები ათამაშდნენ

საფრანგეთის მორაგბეთა პირველ ელიტარულ დივიზიონ Top 14-ში ჯერ მხოლოდ ოთხი ტური ჩატარდა და 15 ქართველი ლეგიონერიდან მხოლოდ სამია ისეთი, რომელიც მოედანზე არ გასულა.

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და “მონპელიეს” მესამეხაზელმა მამუკა გორგოძემ, სეზონისწინა მზადების პროცესში მუხლის ტრავმა მიიღო და მოედანზე ოქტომბრამდე ვერ გავა. წელს “სტად ფრანსეს” პირველ გუნდში ჯერ არ უთამაშია პირველხაზელ ზურაბ ჟვანიას. ჯერჯერობით “ბორდოს” პირველ გუნდში ვერ დამკვიდრდა ზაზა ნავროზაშვილი, რომელიც საფრანგეთში ზამთარში გადავიდა.

თუ არ ჩავთვლით ტრავმირებულ მოთამაშეებს, Top 14-ის IV ტურში მოედანზე თითქმის ყველა ქართველი ლეგიონერი გავიდა. საფრანგეთის ჩემპიონმა, ანტონ ფეიქრიშვილის “კასტრმა” დავით ქუბრიაშვილისა და ზურაბ ჟვანიას “სტად ფრანსეს” უმასპინძლა და 38:10 იმარჯვა. ფეიქრიშვილმა გასულ ტურში ფეხი დაიზიანა და ბუნებრივია განაცხადში არ იყო. განაცხადში ჯერ ვერ მოხვდა ჟვანია, ხოლო ქუბრიაშვილი შეცვლაზე 47-ე წუთიდან შევიდა, მაგრამ პარიზულ კლუბს ვერ უშველა. ტაიმის 12:10 მოგების შემდეგ, მასპინძლებმა დასკვნით 20 წუთში ოთხი უპასუხო ლელო მიითვალეს და პრემიალური ქულაც ჩაიწერეს. შედეგად, “კასტრი” 12 ქულით მე-3 ადგილამდე დაწინაურდა, ხოლო “სტად ფრანსეს” 10 ქულა დარჩა და მე-6 პოზიციამდე დაქვეითდა.

მამუკა გორგოძისა და მიხეილ ნარიაშვილის “მონპელიე” ზაზა ნავროზაშვილის “ბორდოს” ეწვია და 36:29 იმარჯვა. ნავროზაშვილი და ტრავმირებული გორგოძე განაცხადში არ იყვნენ, ხოლო ნარიაშვილი, რომელმაც ამ სეზონის ყველა თამაშში მიიღო მონაწილეობა, მესამედ მოხვდა სასტარტო 15-ეულში და 48-ე წუთზე შეცვალეს. “მონპელიე” დებიუტში 13:0 დაწინაურდა, მაგრამ მეტოქემ ჯერ ანგარიშის გათანაბრება მოახერხა, ხოლო 34-ე წუთზე 16:13 დაწინაურდა, თანაც, ამ ეპიზოდში სტუმრები სინბინით დაისაჯნენ. მიუხედავად ამისა, “მონპელიემ” დარჩენილ დროში კაცნაკლულმა მოახერხა 10 უპასუხო ქულის აღება და ტაიმი 23:16 მოიგო. მეორე ნახევარის დასაწყისში მასპინძლებმა ჩამორჩენა 2 ქულამდე დაიყვანეს, მაგრამ სტუმრებმა უპირატესობა შეინარჩუნეს და საბოლოოდ გამარჯვებაც მოიპოვეს, მეტოქე კი, მხოლოდ პრემიალურ ქულას დააჯერეს. ზედიზედ ორი მოგების შემდეგ, “მონპელიე” 11 ქულით მე-5 ადგილამდე აღზევდა, ხოლო “ბორდო” 9 ქულით მე-8 ადგილზეა.

14 ქულით Top 14-ის ლიდერმა “კლერმონმა”, “ბაიონს” შავი დღე აყარა, შვიდი უპასუხო ლელო გაუტანა და 55:0 გაანადგურა. დავით ზირაქაშვილს წვივის უკანა კუნთი აწუხებს და განაცხადში არ იყო.

პრემიალური ქულით იმარჯვა გიორგი ჟღენტის “პერპინიანმა”, რომელმაც “გრენობლს” ერთის წილ ხუთი ლელო გაუტანა და 36:13 დაამარცხა. ქართველი პირველხაზელი ზედიზედ მეორედ იყო გუნდის სასტარტო შემადგენლობაში, მაგრამ 33-ე წუთზე დანიშნული შერკინებისას დაშავდა და შესაცვლელი შეიქმნა. მისი ტრავმის ხარისხზე და სურთულეზე ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა. აღსანიშნავია, რომ ჟღენტის შეცვლამდე მასპინძლებს 3 ლელო ჰქონდათ გატანილი და 24:0 იგებდნენ, მერე სტუმრებმა 10 ქულა აიღეს, მაგრამ უფრო ძლიერ მეტოქეს მაინც ვერ აჯობეს. “პერპინიანი” 10 ქულით მე-7 ადგილზეა.

ფეხბედნიერი გამოდგა ლევან ჩილაჩავასა და კოტე მიქაუტაძის გამოჩენა “ტულონის” შემადგენლობაში. მათ ამ სეზონში პირველად ითამაშეს - პირველხაზელი ჩილაჩავა სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანზე 69 წუთი გაატარა. ის აქტიურობდა და საჯარიმო ლელოზე რომ არაფერი ვთქვათ, კიდევ ორი ლელოს გატანაში მიიღო მონაწილეობა. მიქაუტაძე განაცხადში იყო და თამაშში 56-ე წუთიდან ჩაერთო. “ჰაინეკენის თასის” მფლობელმა გოდერძი შველიძისა და კარლენ ასეიშვილის “ბრივი” 62:12 გაანადგურა. სტუმართა განაცხადში მხოლოდ ასეიშვილი იყო, რომელიც მოედანზე 47-ე წუთზე გამოჩნდა და 54-ეზე სინბინით დაისაჯა. ტულონელებმა 9 უპასუხო ლელო რომ გაიტანეს, პრემიალური ქულაც ჩაიწერეს და ჯამში 13 ქულით მეორე ადგილზე არიან, ხოლო “ბრივს” 5 ქულა აქვს და ბოლო ადგილზეა.

“რასინგ მეტროს” მაისურით პირველად ითამაშა დავით ხინჩაგიშვილმა. მისი გუნდი ვასილ კაკოვინისა და ჯაბა ბრეგვაძის “ტულუზას” ეწვია და 6:30 დამარცხდა. მასპინძელთა ქართველი ლეგიონერები ტრავმირებული არიან, ხოლო ხინჩაგიშვილი მწვრთნელმა სასტარტო შემადგენლობაში დააყენა და 52-ე წუთზე შეცვალა. აღსანიშნავია, რომ ქართველის შეცვლამდე სტუმრები მხოლოდ 10 ქულას აგებდნენ, მერე კი, 2 ლელო გაუშვეს და მეტოქეს პრემიალური ქულაც ააღებინეს. “ტულუზა” 11 ქულით მე-4 ადგილზეა, ხოლო “რასინგ მეტროს” 8 ქულით მე-11 ადგილი უკავია.

Top 14-ის მომდევნო ტურის თამაშები 8 სექტემბერს გაიმართება.

 

0.114379