ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (ITF) მიიღო უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება - 2013 წლის ბოლოს ყველა პროფესიონალ ჩოგბურთელს უნდა გააჩნდეს ბიოლოგიური პასპორტი (ბიოლოგიური პასპორტი - წარმოადგენს სპორტსმენის ელექტრონულ პროფილს, რომელშიც ფიქსირდება მის მიერ ჩატარებული ყველა დოპინგ ტესტი. ფიქსირდება ასევე ამ ადამიანის ფიზიოლოგია და სტაბილურობა რეაქციაზე. ამ ორი კომპონენტის დიდი ცვლილების დაფიქსირების შემთხვევაში აშკარა ხდება დოპინგის შემოსვლა ორგანიზმში). გაიზრდება ასევე დოპინგტესტების რაოდენობა და ჩოგბურთელებს არაერთხელ მოუწევთ სისხლის ანალიზის ჩაბარება, თავისი პატიოსნების დასაფიქსირებლად. ამ ცვლილებებს მხარი ერთხმად დაუჭირეს ATP-მ და WTA-მ. ასევე ისეთმა ცნობილმა ჩოგბურთელებმა როგორებიც არიან ნოვაკ ჯოკოვიჩი, რაფაელ ნადალი, ენდი მარეი და როჯერ ფედერერი.
მოდით მსოფლიო სპორტის ისტორიაში ერთად ვიმოგზაუროთ და თვალი გადავავლოთ ყველაზე სკანდალური დოპინგჩავარდნების ტოპათეულს.
1) 1988 წლის სეულის ოლიმპიადაზე 100 მეტრიან დისტანციაზე რბენისას კანადელმა ბენ ჯონსონმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა და დაამარცხა თვით კარლ ლუისი, თუმცა ტრიუმფიდან 3 დღის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ იგი დოპინგტესტზე ჩავარდა (სტაპონოზოლის გამოყენება). მოგვიანებით მან არაერთხელ სცადა დიდ სპორტში დაბრუნება, თუმცა განმეორებითაც ჩავარდა დოპინგზე და მისი კარიერა ამით დასრულდა.
2) სიდნეის ოლიმპიადაზე ლეგენდარულმა ამერიკელმა მძლეოსანმა მერიონ ჯონსმა 3 ოქროს და 2 ბრინჯაოს მედალი მოიგო, თუმცა შვიდი წლის შემდეგ მას დაუმტკიცდა დოპინგის გამოყენება, რისთვისაც მას ჩამოერთვა მოპოვებული ტიტულები და მცირე ხნით ციხეში ჩაჯდომაც მოუწია.
3) 2012 წელს ლეგენდარულ ველომრბოლელ ლენს არმსტრონგს დაუმტკიცდა დოპინგის გამოყენება (მისივე თანაგუნდელებმა სასამართლო პროცესზე ოფიციალურად დაადანაშაულეს იგი), რის შედეგადაც არმსტრონგმა დაკარგა ყველა მოპოვებული ტიტული, მათ შორის შვიდგზის "ტურ დე ფრანსის" გამარჯვებულის წოდებაც.
4) მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი ველორბოლაში, გერმანელი იან ულრიხი დოპინგ სკანდალში გაეხვა კარიერის დასრულების შემდეგ. მას ბრალი დასდეს სკანდალურ ექიმ ეუფანიო ფუენტესთან თანამშრომლობაში (იგი დოპინგებით ამარაგებდა არაერთ სპორტსმენს).
5) ცნობილმა ამერიკელმა ჩოგბურთელმა ანდრეი აგასიმ სახელოვანი კარიერის დასრულების შემდეგ აღიარა საკუთარ ბიოგრაფიულ წიგნში, რომ კარიერის განმავლობაში აქტიურად იყენებდა დოპინგს (მეტამფეტამინი)
6) 2001 წელს იტალიურ "იუვენტუსში" ასპარეზობისას ცნობილმა ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა ედგარ დავიდსმა დოპინგტესტი ჩააგდო, მას ორგანიზმში ნანდროლონის კვალი აღმოუჩინეს.
7) 1999 წელს, მოქმედ მსოფლიო ჩემპიონს ფეხბურთში, ფრანგ კრისტოფ დიუგარის ნანდროლინის მიღება დაუმტკიცდა და მანაც ერთწლიანი დისკვალიფიკაცია მოიხადა.
8) ამერიკული ბეისბოლის ისტორიის ლეგენდა ბარი ბონდსი (MLB-ის ისტორიაში ერთი სეზონის განმავლობაში ყველაზე მეტი "ჰოუმ რანის" შემსრულებელი) სტეროიდების მოხმარებისათვის სკანდალში გაეხვა. მის წინააღმდეგ სასამართლოში ჩვენება მისმა ბავშვობის მეგობარმა მისცა, თუმცა ბონდსი კატეგორიულად უარობდა.
9) წარმატებული ფინელი მოთხილამურე მიკა მიულული და ფინეთის ნაკრები 2001 წელს მოხსნილი იქნა ტურნირებიდან დოპინგ სკანდალის გამო. მოგვიანებით მან აღიარა სტეროიდების გამოყენება, ამ მოვლენიდან რამოდენიმე თვეში იგი საკუთარ სახლში საეჭვო ვითარებაში მკვდარი იპოვეს.
10) ტანმოვარჯიშე ალისა კაბაევა ფუროსემიდის არამიზნობრივად გამოყენებისათვის დოპინგტესტზე ჩავარდა, რისთვისაც მას 2 წლიანი დისკვალიფიკაცია მიესაჯა, რაც მან პირნათლად შეასრულა და შემდეგ ისევ შეძლო წარმატებით დაბრუნებულიყო დიდ სპორტში.