კალათბურთი

19:43 | 23.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ტონი პარკერი: "იღბლიან ვარსკვლავზე დავიბადე"

ევრობასკეტ-2013-ის ყველაზე სასარგებლო მოთამაშე (MVP) საფრანგეთის ნაკრების და “სან ანტონიო სპურსის” კალათბურთელი ტონი პარკერი გახდა. რამდენიმე დღის წინათ პარკერი აცხადებდა, რომ ევრობასკეტზე ოქროს მედლის მოპოვება სურდა და ოცნებაც აუხდა. ფრანგს ევროპირველობის ისტორიაში 994 ქულა აქვს ჩაგდებული და საუკეთესო მექულეს ბერძენ ნიკოლას გალისს მხოლოდ 10 ქულით ჩამორჩება. ფინალური მატჩის შემდეგ ტონი პარკერმა ჟურნალისტების რამდენიმე კითხვას უპასუხა.

 _ ფინალამდე თუ გქონდათ გაანალიზებული, რომ საფრანგეთის ნაკრებთან ერთად საოცნებო ტიტულს მოიგებდით?

_ მოგებას დიდი ემოციებით შევხვდით. საფრანგეთის ნაკრებში მოსვლის დღიდან ვფიქრობდი ამ ტიტულზე. ყოველთვის ვამბობდი, იღბლიან ვარსკვლავზე დაბადებული ვარ. ახლა უკვე ჩემს თანამემამულეებთან ერთად ოქროს მედალი მოვიპოვე. წლების წინ დიაუსთან, პიეტრუსსთან, ჟელაბალესთან ბევრი მისაუბრია ჩვენს ნაკრებზე. ვამბობდი, შეგვიძლია გამარჯვება, მაგრამ ჩვენი არავის სჯეროდა. ზოგჯერ სპორტი ულმობელია. წლების განმავლობაში ეროვნულ გუნდში ბევრი ვისწავლე, ავითვისე ჩვენი ნაკრების ხასიათი. ჩვენ ჩამოვედით აქ და გამარჯვებისთვის ყველაფერი გავაკეთეთ.

_ როგორ ფიქრობთ, გამარჯვების დრო იყო?

_ ნაკრებში თაობათა ცვლა მიმდინარეობს. ჩვენ შემოგვემატა ახალგაზრდა კალათბურთელები ბატუმისა და დიოტის სახით. მათ ჩვენი თამაში უფრო გაამრავალფეროვნეს და ოქროს მედლებიც ღირსეულად დავიმსახურეთ. ჩვენი გუნდი ყოველწლიურად იზრდებოდა. ბრინჯაოს და ვერცხლის შემდეგ ახლა უკვე უმაღლესი მედალი გვერგო. ვფიქრობ, ფრანგულ სპორტში კალათბურთი უფრო საინტერესო გახდა. დარწმუნებული ვარ, დღეს საღამოს თანამემამულეებს სასიამოვნო ემოცია განვაცდევინეთ და არც მინდოდა იმედგაცრუება ეგრძნოთ. საფრანგეთი ჩვენგან გამარჯვებას დიდი ხნის განმავლობაში ელოდებოდა. ასეც მოხდა: საფრანგეთის სახით ევროპას ახალი ჩემპიონი ჰყავს.

_ ფინალის წინ წაგების განცდა ხომ არ გქონდათ?

_ ჩვენმა მწვრთნელმა შესანიშნავი გეგმა შეიმუშავა. მე მჯეროდა თანაგუნდელების. ნახევარფინალური მატჩის შემდეგ ბატუმთან მივედი და ვუთხარი, რომ მისი მჯეროდა (ბატუმმა ესპანეთთან სამი ქულა მიითვალა). უკვე ნათელი იყო, რომ ფინალში ჩემს წინააღმდეგ ორი კალათბურთელი დადგებოდა. როგორც ნახეთ, ლიტვასთან ჩემმა თანაგუნდელებმა პროდუქტიულად ითამაშეს და ტიტული მოვიპოვეთ. ფინალში ჩვენ საუკეთესო გუნდური თამაში ვაჩვენეთ, რომელმაც ნაკრებს წარმატება მოუტანა.

_ ნაკრებში თქვენი თამაში მაგალითი თუ იქნება გზავნილი NBA-ის იმ კალათბურთელებისთვის, რომლებიც ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობისგან თავს იკავებენ?

_ მე აქ მოსამართლე არ ვარ. მიყვარს ეროვნულ ნაკრებში თამაში. რაც მთავარია, კარგი ურთიერთობა მაქვს “სან ანტონიოს” ხელმძღვანელობასთან და მწვრთნელთან გრეგ პოპოვიჩთან. მეოთხედფინალური მატჩის შემდეგ "პოპიმ" დამირეკა, რამდენიმე რჩევა მომცა და მითხრა, რომ წინსვლა უნდა გამეგრძელებინა. მომქანცველი სეზონის მიუხედავად, მან იცოდა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედალი.

გიორგი ბალახაძე

 

ევრობასკეტ-2013-ს წარმოგიდგენთ ონლაინ-ტოტალიზატორი TBILISIBET.COM და სპორტული ეკიპირების ესპანური ბრენდი Joma

 

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113315