ძიუდო

15:08 | 8.12.2011 | ნანახია [] - ჯერ

ტოკიოში საქართველო ირაკლი ცირეკიძეა

9-11 დეკემბერს ტოკიო ძიუდოში დიდ სლემს უმასპინძლებს. ერთ-ერთ უპრესტიჟულეს საერთაშორისო ტურნირში, საქართველოს სახელით მონაწილეობას მხოლოდ ირაკლი ცირეკიძე. 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ტიტულოვანი ქართველი ძიუდოისტი ტურნირის ორგანიზატორებმა ინდივიდუალურად მიიწვიეს.
ცირეკიძე ტატამზე ტურნირის დასკვნით დღეს გავა და პირველ წრეში არგენტინელ კრისტიან შმიდტს დაუპირისპირდება. ამ წყვილიდან გასული მერვედფინალში მსოფლიოს წლევანდელი ჩემპიონატის ფინალისტს - ყაზახ მაქსიმ რაკოვსა და იაპონელ ტაცუკი მასაბუჩის შორის მოგებულს შეხვდება. აქვე მეოთხედფინალის სავარაუდო ოთხეულიც: რამზიდინ საიდოვი (უზბეკეთი), ვიაჩესლავ დენისოვი (უკრაინა), ტემუულენ ბატულგა (მონღოლეთი) და კიეონგ ტაე კიმი (სამხრეთ კორეა).
100 კილოგრამის მსოფლიო რეიტინგის ლიდერი და ტურნირის ერთ-ერთი უმთავრესი ფავორიტი, იაპონელი ტაკამასა ანაი სატურნირო ბადეში ქართველის საპირისპირო მხარეს მოხვდა და შესაბამისად, მისი და ცირეკიძის გზები ფინალამდე არ იკვეთება. შეგახსენებთ, ცირეკიძემ აგვისტოს ბოლოს, პარიზში ჩატარებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ანაის მეორე წრეში იპონით მოუგო და ტოკიოს ტურნირის ოფიციალური მოსაწვევიც ტურნირის დასრულებისთანავე მიიღო.
მსოფლიოს პირველობაზე ქართველმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა რუსი სერგეი სამოილოვიჩიც ჩამოიშორა, რომელიც ამჟამად მსოფლიოს რეიტინგის მეხუთე ნომერია. იქამდე რამდენიმე თვით ადრე, იმავე სამოილოვიჩს ევროპირველობაზეც აჯობა. ტოკიოს ტატამზე კი, შესაძლოა, ნახევარფინალში დაეჭიდოს.
დიდი სლემის პრესტიჟულობა, ცხადია, სარეიტინგო ქულების რაოდენობაზეც აისახება. ჩემპიონი 300 ქულას გამოიმუშავებს. ფინალისტი – 180-ს. ბრინჯაოს პრიზიორი, ანუ ნახევარფინალისტი (დიდ სლემზე რეპეშაჟის წესი არ მოქმედებს) – 120-ს, მეოთხედფინალში დამარცხებული – 60-ს, მერვედფინალისტი – 36-ს, ხოლო მეთექვსმეტედფინალისტი – 24-ს.
ირაკლი ცირეკიძის ანგარიშზე ბოლო მონაცემებით 478 ქულაა და იგი მსოფლიოს რეიტინგში 22-ე პოზიციას იკავებს. 620 ქულით მე-14 ადგილზე ლევან ჟორჟოლიანია. იაპონური ტურნირის დასრულებიდან ხუთიოდ დღეში ჩინეთის ქალაქი ქინგდაო ასევე პრესტიჟულ დიდ პრიზს უმასპინძლებს და მასზე ქართული დროშის ქვეშ სწორედ ეს ორი ძიუდოისტი იჭიდავებს.
რაც შეეხებათ ნაკრების სხვა წევრებსა და კანდიდატებს, ისინი საერთაშორისო ტურნირებში მომავალი წლიდან ჩაერთვებიან. ნაკრების მთავარი მწვრთნელი პიტერ ზაიზენბახერი ამირან პაპინაშვილთან (60 კგ), ნუგზარ ტატალაშვილთან (73 კგ) და ავთანდილ ჭრიკიშვილთან (81 კგ) ერთად, ამჟამად იაპონურ შეკრებაზე იმყოფება. ოლიმპიური თამაშებისთვის მოსამზადებელი გეგმის სპეციფიკიდან გამომდინარე, ავსტრიელმა სპეციალისტმა ამ შეგირდების ტოკიოს დიდ სლემზე გამოსვლა საჭიროდ არ მიიჩნია. არადა, თუნდაც არასასურველ სპორტულ კონდიციებში მყოფ ძიუდოისტებს მინიმალური სარეიტინგო ქულების შემატებაც არ აწყენდათ.

ოთარ მაღლაკელიძე


 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.168497