სხვა

16:45 | 8.05.2011 | ნანახია [] - ჯერ

ტოკიოში ნანატრი ბაშო დაიწყო

გაუთვალისწინებელი ოთხთვიანი პაუზის შემდეგ, სუმოს სამყაროში გამოცოცხლებაა. ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანში”, სტარტი აიღო მაისის სუპერტურნირმა, რომელშიც ტრადიციულად სამი ქართველი სეკიტორი ისპარეზებეს, თუმცა, მნიშვნელოვანი შესწორებით – ელიტარულ მაკუუჩი დივიზიონში მხოლოდ ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) და თეიმურაზ ჯუღელი (გაგამარუ) ირიცხებიან, კოკაის შიკონათი ცნობილი ლევან ცაგურია კი, რანგით მეორე ძურიოს დივიზიონში ირჯება.

სამწუხაროდ, ამ უკანასკნელისთვის ტურნირის პირველი დღე ძუროშიც წარუმატებელი გამოდგა. 30 წლის ქართველმა, რომელსაც მე-6 განთესვა ერგო, იაპონელი აკისეიამას (მე-7) ქამარი ხელთ ვერ იგდო, მის ბიძგებს კი მეტოქე მომზადებული შეხვდა და “შავი ზღვა” დოჰიოდან ოშიდაშით გაიყვანა.
სამაგიეროდ, ტოკიოს ტურნირზე წარმატებული სტარტი აიღეს ტოჩინოშინიმა (დასავლეთის მე-6 მაეგაშირა) და გაგამარუმ (აღმოსავლეთის მე-14 მაეგაშირა). 23 წლის გორგაძემ, “მონღოლი არწივი” ტამავაში (მე-6 მაეგაშირა) მარცხენა ხელიდან განხორციელებული უვატენაგეთი დაანარცხა, ხოლო 24 წლის ჯუღელმა, კიდევ ერთი მონღოლს, მე-13 მაეგაშირა ტოკიტენკუს ერთი ამოსუნთქვით, ოშიტაოშით სძლია.
შეჯიბრის პირველ დღეს, ტოკიოს სარბიელი გადაჭედილი (“რიოგოკუ კოკუგიკანში” 11 ათასი მაყურებელი ეტევა) შეხვდა. სუმოს ფანების თვალწინ, მონღოლმა იოკოძუნა ჰაკუჰომ კომუსუბი ტოიონოშიმას აჯობა, იმარჯვეს ოძეკებმა კოტოოშუმა და ბარუტომ, ასეთივე ტიტულის მქონე კაიომა და ჰარუმაფუჯიმ კი, შესაბამისად გოეიდოსთან (1-ლი მაეგაშირა) და ტოჩიოძანთან (მე-2 მაეგაშირა) წააგეს.
მეორე ტურში, გაგამარუს მეტოქე მასპინძელთა ერთ-ერთი საყვარელი სუმოისტი ტაკამისაკარი (მე-15 მაეგაშირა) იქნება, რომელსაც მიმდინარე წლის იანვარში თეიმურაზმა იორიკირით სძლია, შარშან ივლისში კი, ქართველს ჰიკიოტოშით აქვს წაგებული.
მე-7 მაეგაშირა იოშიკაძესთან მოუწევს დაპირისპირება ტოჩინოშინის. გასული წლის ზაფხულიდან მოყოლებული, გორგაძეს იაპონელი ორჯერ ჰყავს დამარცხებული (ცურიდაშითა და იორიტაოშით), ერთხელ კი მეტოქემ ჰიკიოტოშის წყალობით იმარჯვა.
ძურიოს დივიზიონის მე-3 ნომერ იაპონელ ტაკარაფუჯის, კარიერაში პირველად დაუპირისპირდება კოკაი. ტოკიოს ბაშო ტრადიციულად, თხუთმეტ დღეს მიმდინარეობს და ოცდაორ მაისს დასრულდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.157438