ტოკიოს დიდი სლემის პირველ დღეს ჩემპიონ-პრიზიორები მამაკაცთა და ქალთა ორ-ორ წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ოთხივე შემთხვევაში მასპინძელი ძიუდოისტები ავიდნენ.
ვარსკვლავებით დახუნძლულ პრესტიჟულ ტურნირზე იაპონელები განსაკუთრებით შთამბეჭდავად მამაკაცთა უმსუბუქეს წონაში, 60 კილოგრამში გამოვიდნენ. ტატამზე ოთხი სპორტსმენი გავიდა და ოთხივემ მედალი მოიპოვა. ჩემპიონი მსოფლიოს რეიტინგის მესამეადგილოსანი ჰიროფუმი იამამოტო გახდა, რომელმაც გადამწყვეტ შეხვედრაში ნაკლებად ცნობილ რიო კავაბატას სძლია. ამ უკანასკნელმა კი, იქამდე რეიტინგის მეორე ნომერს, ჰიროაკი ჰირაოკას დაასრულებინა ოქრო-ვერცხლზე ფიქრი.
66 კილოგრამის ფინალში, ოქროს მედლითა და 300 სარეიტინგო ქულით, ტომოფუმი ტაკაიომ გაიხარა. ძიუდოისტმა, რომელიც განთესილებშიც არ იყო, საჩემპიონო გზაზე წონის სამი ყველაზე მაღალრეიტინგიანი მეტოქე ჩამოიშორა.
ქალთა ყველაზე დაბალ წონაში – 48 კილოგრამში იაპონური ფინალი შედგა და ოქროს ჰარუნა ასამი დაეუფლა, 52-ის დასკვნით შეხვედრაში კი, ტაკუმი მიაკავამ ფრანგ პრისცილა ნეტოს აჯობა.
10 დეკემბერს მედლები მამაკაცთა 73, 81 და 90 კილოგრამებში და ქალთა 57 და 63 კილოგრამებში გათამაშდება, ხოლო ტურნირის ბოლო დღეს – 11 დეკემბერს, ტატამზე 100 და +100-კილოგრამიანი მამაკაცები და 70, 78 და +78 კილოგრამიანი ქალები გავლენ.
შეგახსენებთ, საქართველოს სახელით ტოკიოს დიდ სლემზე მხოლოდ ირაკლი ცირეკიძე (100 კგ) იჭიდავებს, რომელიც ორგანიზატორებმა ინდივიდუალურად მიიწვიეს.
ძიუდო
დიდი სლემი
ტოკიო
9 დეკემბერი
კაცები
60 კგ
1 ჰიროფუმი იამამოტო (იაპონია)
2 რიო კავაბატა (იაპონია)
3 ნაოჰიშა ტაკატო (იაპონია)
3 ჰიროაკი ჰირაოკა (იაპონია)
66 კგ
1 ტომოფუმი ტაკაიო (იაპონია)
2 მუსა მოგუშკოვი (რუსეთი)
3 მასაში ებინუმა (იაპონია)
3 ცაგაანბაატარ ჰაშბაატარი (მონღოლეთი)
ქალები
48 კგ
1 ჰარუნა ასამი (იაპონია)
2 ტომოკო ფუკუმი (იაპონია)
3 ბო კიეონ იეონგი (სამხრეთ კორეა)
3 შერლინ ვან სნიკი (ბელგია)
52 კგ
1 ტაკუმი მიაკავა (იაპონია)
2 პრისცილა ნეტო (საფრანგეთი)
3 იუკი ჰაშიმოტო (იაპონია)
3 იანეტ ბერმოი აკოსტა (კუბა)
ოთარ მაღლაკელიძე







