ძიუდო

13:57 | 10.12.2010 | ნანახია [] - ჯერ

ტოკიოში ბადეები შეავსეს

ხვალ-ზეგ ტოკიო ძიუდოში ერთ-ერთ უპრესტიჟულეს საერთაშორისო ტურნირს, ძიგორო კანოს სახელობის დიდ სლემს უმასპინძლებს. ტატამზე მსოფლიოს 53 ქვეყნის ძიუდოისტები გავლენ. საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სოსო ლიპარტელიანმა 7-კაციანი შემადგენლობა იაპონიაში ჯერ კიდევ დეკემბრის დასაწყისში ჩაიყვანა და ტურნირამდე მოსამზადებელი შეკრებაც იქვე მოაწყო. სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით, ქართულ გუნდს ამჯერად 100 კილოგრამში მონაწილე არ ეყოლება. სამაგიეროდ, 81-ში კიმონოს ორი ძიუდოისტი მოირგებს - საქართველოს ჩემპიონი გიორგი ბაინდურაშვილი და ახალგაზრდებს შორის ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატების მომგები ავთანდილ ჭრიკიშვილი. უმსუბუქეს წონაში ბეთქილ შუკვანი ჩაერთვება შეჯიბრში, 66-ში – შალვა ქარდავა, 73-ში – თენგიზ პაპოშვილი, 90-ში – ვარლამ ლიპარტელიანი, ხოლო მძიმე წონაში – ნოდარ მეტრეველი.
ტურნირის კენჭისყრა უკვე შედგა და მისი შედეგები ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გამოაქვეყნა.
ბეთქილ შუკვანი ტურნირს ამერიკელ ნიკოლას კოსორთან შეხვედრით გახსნის. თუ მოიგებს, მეორე წრეში ავსტრიელი ლუდვიგ პაიშერისა და იაპონელი ტაკეში მაცუკის წყვილში გამარჯვებულს დაუპირისპირდება. ცნობისთვის, პაიშერი დიდ სლემზე უმსუბუქეს წონაში პირველ ნომრადაა განთესილი.
შალვა ქარდავას პირველ მეტოქედ იაპონელი იუნპეი მორიშიტა ერგო. ამ წყვილიდან გასული კი რუმინელ დან ფასიესა და კანადელ საშა მეჰმედოვიჩს შორის ძლიერს დაეჭიდება. ჩამოთვლილი ოთხეულის გზა მეოთხედფინალში, სავარაუდოდ, რუსი მუსა მოგუშკოვის გზას გადაკვეთს. ამავე ბადეშია მსოფლიო რეიტინგის ლიდერი, მონღოლი ცაგაანბაატარ ჰაშბაატარიც. სამი გამარჯვების შემთხვევაში, დიდი შანსია, ქარდავა სწორედ მას შეხვდეს ფინალის საგზურის მოსაპოვებლად.
თენგიზ პაპოშვილი უზბეკი ნავრუზ ჟურაკობულოვით დაიწყებს და თუ აჯობებს, მეორე წრეში ან ეგვიპტელ ჰუსეინ ჰაიფიზს შეხვდება, ან ჰონკონგელ ჩი იპ ჩუნგს. ამავე ბადეში მოხვდნენ პირველ ნომრად განთესილი ბელგიელი დირკ ვან ტიჩელტი და ფრანგი ბენჟამენ დარბალე.
გიორგი ბაინდურაშვილი და ავთანდილ ჭრიკიშვილი საქმეში პირდაპირ მეორე წრიდან ჩაერთვებიან. ბაინდურაშვილის მეტოქე პორტუგალიელი დიოგო ლიმა იქნება და გამარჯვების შემთხვევაში, ბრიტანელი იან ბარტონისა და ებრაელი იოელ რაზვოზოვის წყველიდან გასულს შეხვდება. ჭრიკიშვილი კი ჯერ პოლონელ რობერტ კრავჩუკს დაეჭიდება, ხოლო შემდეგ, სავარაუდოდ, ამერიკელ ტრევის სტივენსს. პირველ ნომრად კი მსოფლიო რეიტინგ-სიის მესამეადგილოსანი, ბრაზილიელი ლეანდრო გილეიროა განთესილი.
ვარლამ ლიპარტელიანი ბადის ზედა ნაწილში მოხვდა და 3 მეტოქის ჩამოცილების შემთხვევაში, თუ სენსაცია არ მოხდა, ნახევარფინალში უმთავრეს ფავორიტს, მასპინძელთა ჯილას, ტაკაში ონოს შეხვდება. საქართველოს ნაკრების ყველაზე მაღალრეიტინგიანი წევრი დიდ სლემს სამხრეთკორეელ სო კეუნ სონგთან ჭიდაობით გახსნის. ამ წყვილში გამარჯვებულს, მეორე წრეში, არგენტინელი ჰექტორ კამპოსი ელის, მეოთხედფინალში კი, სავარაუდოდ, ბრაზილიელი ტიაგო კამილო.
მძიმეწონოსანი ნოდარ მეტრეველი საკმაოდ ძლიერ ბადეში მოხვდა. თუ იაპონელი მასარუ მომოსის ჩამოცილებას შეძლებს, კიდევ ერთი იაპონელის პირისპირ მოუწევს დადგომა. მომოსეზე გამოცდილი და სახელიანი კაზუჰიკო ტაკაჰაში იქამდე ფილიპინელ ტომოჰიკო ჰოშინას შეხვდება და რა უნდა მოხდეს, რომ ვერ აჯობოს. მეოთხედფინალში მეტრეველისა და კუბელი ოსკარ ბრისონის გზები უერთდება ერთმანეთს.
ტოკიოს დიდი სლემის ჩემპიონობა 300 სარეიტინგო ქულად ფასობს, ვერცხლი – 180-ად, ხოლო ბრინჯაო – 120-ად. უქულოდ არც წინასწარი ეტაპების ვერგადამლახავი ძიუდოისტები დარჩებიან. მეოთხედფინალში დამარცხებული 60 ქულას მიიღებს, მერვედფინალში წაგებული – 36-ს, ხოლო მეთექვსმეტედფინალში ჩარჩენილი – 24-ს.
საქართველოს ნაკრები 2010 წლის სეზონს ამ ტურნირით დაასრულებს.
ოთარ მაღლაკელიძე
 

0.08991