ძიუდო

13:53 | 18.03.2012 | ნანახია [] - ჯერ

ტოკიოდან სეულში

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ტოკიოს შეკრება დაასრულა და სეულში გადაინაცვლა. პეტერ ზაიზენბახერის გუნდმა იაპონიაში სამი კვირა ივარჯიშა, სამხრეთ კორეაში კი, 27 მარტამდე დარჩება.
აზიურ შეკრებებზე ავსტრიელი სპეციალისტის განკარგულებაში 16 ძიუდოისტია: ამირან პაპინაშვილი, ბეთქილ შუკვანი (ორივე - 60 კგ), ლაშა შავდათუაშვილი, შალვა ქარდავა (ორივე - 66 კგ), ნუგზარ ტატალაშვილი, ზებედა რეხვიაშვლი (ორივე - 73 კგ), ავთანდილ ჭრიკიშვილი, ლევან წიკლაური, ბექა ღვინიაშვილი (ყველა - 81 კგ), ვარლამ ლიპარტელიანი, ზურაბ ზვიადაური (ორივე - 90 კგ), ლევან ჟორჟოლიანი, ნოდარ მეტრეველი (ორივე - 100 კგ), ადამ ოქრუაშვილი, ზვიად ხანჯალიაშვილი, ლევან მატიაშვილი (ყველა - +100 კგ). ამათგან, ჭრიკიშვილი და წიკლაური ტრავმების გამო ტოკიოში რამდენიმე დღის წინ ჩავიდნენ.
ეჭვგარეშეა, რომ სწორედ ამ სპორტსმენთაგან შეარჩევს ზაიზენბახერი ევროპის ჩემპიონატზე დასაყენებელ შემადგენლობას. ერთადერთი, ვინც ნაკრების კანდიდატთა სიას აკლია, ირაკლი ცირეკიძეა (100 კგ). ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციისგან დისკვალიფიკაცირებულ ოლიმპიურ ჩემპიონს ამ ეტაპზე ნაკრებთან ერთად ვარჯიშის უფლებაც ჩამორთმეული აქვს და ტატამს სავარაუდოდ პირდაპირ ევროპირველობაზე დაუბრუნდება. ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო სეზონის დამაგვირგვინებელ ტურნირს 26-28 აპრილს რუსეთის ქალაქი ჩელიაბინსკი უმასპინძლებს და ქართული გუნდი ტატამზე სავარაუდოდ 14-კაციანი შემადგენლობით გავა.
სალიცენზიო კუთხით ევროპირველობაზე ნაჩვენებ შედეგს საქართველოს ნაკრებისთვის ყველაზე დიდი მნიშვნელობა 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში ექნება. ამ წონაში შავდათუაშვილი ოლიმპიადის საგზურთან საკმაოდ ახლოს დგას და მიზნის მისაღწევად სავარაუდოდ მხოლოდ საწყისი ეტაპის გადალახვაც ეყოფა. სალიცენზიო ქვოტაში მყოფთაგან კი, ამ ეტაპზე შედარებით არამყარი ტატალაშვილის, ჭრიკიშვილის და ხანჯალიაშვილის პოზიციებია და რუსულ ტატამზე ეს სამეულიც აუცილებლად გავა.
ევროპის ჩემპიონატზე სარეიტინგო ქულები ასე გადანაწილდება: ოქროს მედალი – 180 ქულა, ვერცხლი – 108, ბრინჯაო – 72, მეხუთე ადგილი – 36, მეშვიდე ადგილი – 28. მერვედფინალსა და უფრო ადრეულ ეტაპზე დამარცხევული ძიუდოისტები კი, შედეგის შესაბამისად, 20 და ნაკლებ ქულას მიიღებენ.
ჩელიაბინსკში გამგზავრებამდე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები კიდევ ორ უცხოურ შეკრებას გაივლის: 1-7 აპრილს - გერმანიაში, ხოლო 9-17 აპრილს - მონღოლეთში.
 

 

ოთარ მაღლაკელიძე

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.168251