სხვა

15:26 | 12.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინს ძურიოში დააქვეითებენ

ქართველი სეკიტორი ნაგოიას ბაშოს ტრავმის გამო დაემშვიდობა

ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე იგივე ტოჩინოშინი, რომელიც ნაგოიაში მიმდინარე ივლისის სუპერტურნირზე დასავლეთის მე-11 მაეგაშირას წოდებით ასპარეზობდა, ტრავმის გამო შეჯიბრიდან მოიხსნა, რაც იმას ნიშნავს, რომ მომდევნო ბაშოს რანგით მე-2 ძურიოს დივიზიონში შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ 25 წლის ქართველი სეკიტორი ტურნირის მე-5 დღეს დაშავდა, როდესაც ტოკუშორიუს აჯობა. ტოჩინოშინმა მარჯვენა მუხლის ჯვარედინი მყესები დაიზიანა და ხსენებული ბრძოლის შემდეგ, დოჰიო კოჭლობით დატოვა.

გორგაძეს 3 მოგება და 2 მარცხი ჰქონდა და დადებით ბალანსს ინარჩუნებდა, თუმცა, მე-6 ტურში დასავლეთის მე-16 მაეგაშირას წოდების მქონე შოტენოსთან დასაჭიდებლად გასვლა ვერ მოახერხა და მეტოქეს გამარჯვება უბრძოლველად ერგო.

ქართველი სუმოისტის აღმზრდელმა ოიაკატა კასუგანომ აღნიშნა, რომ მოვლენების ფორსირებას არ აპირებს და შეგირდის სრულად მომჯობინებას დაელოდება.

“ის ჯერ კიდევ ახალგაზრდაა. რანგით მე-3 მაკუშიტას დივიზიონშიც რომ დაქვეითდეს, ელიტაში დაბრუნებას მალევე მოახერხებს. უპირველეს ყოვლისა, საჭიროა, რომ ტრავმა ბოლომდე მოირჩინოს”, - დასძინა კასუგანომ.

როგორც არ უნდა იყოს, უკვე ცხადია, რომ ქართველი სეკიტორებისთვის ნაგოიას ბაშო ძალიან დანავსული გამოდგა. ტოჩინოშინზე უკვე ვთქვით, გაგამარუს შიკონათი ცნობილი თეიმურაზ ჯუღელი კი ბრძოლას აგრძელებს, თუმცა, ჯერაც პირველი მოგების მოლოდინშია.

გაგამარუმ მიჯრით მე-6 მარცხი ოძეკი კისენოსატოსთან განიცადა. იაპონელმა სუმოისტმა ქართველს ცუკიოტოშით სძლია და თავი 4 მოგებას მოუყარა. ჯუღელს მომდევნო შეხვედრა დასავლეთის მე-4 მაეგაშირა ფუჯიაძუმასთან ელის, რომელიც გასული წლის ნოემბერში იორიტაოშით ჰყავს დამარცხებული.

6 დღის თავზე ივლისის სუპერტურნის ერთადერთი დაუმარცხებელი მონაწილე – იოკოძუნა ჰაკუჰოღა შემორჩა, ოძეკებმა კოტოოშუმ და კოტოშოგიკუმ და რიგითმა მაეგაშირა კაისეიმ კი პირველი წაგებები მიითვალეს.

ნაგოიას ბაშოს მე-6 დღის მიმოხილვა

http://www.youtube.com/watch?v=AbIKwgy8iPc&feature=player_embedded

0.129913