სხვა

15:39 | 24.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინის ზედიზედ მეთერთმეტე!

ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე იგივე ტოჩინოშინი სექტემბრის სუპერტურნირზე წარმატებულ სვლას განაგრძობს. ტოჩინოშინმა ზედიზედ მე-11 გამარჯვება იზეიმა და რანგით მე-2 ძურიოს დივიზიონის მოგებას კიდევ უფრო მიუახლოვდა.

ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანში” მიმდინარე აკი ბაშოს მორიგ დღეს ძურიოს მე-5 ნომრის წოდების მქონე გორგაძემ ერთ-ერთ უშუალო კონკურენტ აღმოსავლეთის პირველ ნომერ ტოკუშორიუს ოშიდაშით სძლია. ახლა, ეს უკანასკნელი და დასავლეთის მე-9 ნომერი სატოიამა ქართველ გოლიათს უკვე 2-2 მოგებით ჩამორჩებიან, ამდენად, ლევანს ჩემპიონობისთვის დარჩენილი 4 ბრძოლიდან სამის მოგებაც ეყოფა.

ტოჩინოშინის მორიგი მოწინააღმდეგე აღმოსავლეთის მე-11 ნომერი ასაჰიშო იქნება.

სამწუხაროდ, უარყოფით ბალანსს (მაკე-კოში) კიდევ უფრო მიუახლოვდა გაგამარუს შიკონათი ცნობილი თეიმურაზ ჯუღელი, რომელსაც დასავლეთის მე-3 ნომრის წოდება გააჩნია. ქართველმა სეკიტორმა ამჯერად აღმოსავლეთის მე-3 ნომერ შოტენროსთან იორიკირით წააგო და ეს, 4 მოგების წილ მე-7 მარცხი გახლდათ. ამდენად, თუკი ჯუღელმა დარჩენილ ოთხივე ბრძოლაში არ იმარჯვა, სატიტულო დაქვეითება ელის.

ელიტარული მაკუუჩი დივიზიონის ლიდერად კვლავაც მონღოლი იოკოძუნა ჰაკუჰო რჩება, რომელმაც მიჯრით მე-11 გამარჯვება სეკივაკე ტაკეკაძესთან გაიფორმა. იოკოძუნა კაკურიუმ ოძეკი გოეიდოს ცუკიოტოშით აჯობა და მე-10 მოგება მიითვალა. ასეთივე მონაგარი აქვს აღმოსავლეთის მე-10 მაეგაშირა იჩინოჯოს, რომელმაც ოძეკი კისენოსატო დაამარცხა. საინტერესოა, რომ ამ უკანასკნელს ოძეკი კოტოშოგიკუს დარად 4 მარცხი მოუგროვდა, ხსენებულ გოეიდოს კი უკვე 5 წაგება აქვს.

აკი ბაშოს მე-12 დღეს ჰაკუჰო კისენოსატოს შეერკინება, კაკურიუ – კოტოშოგიკუს, ხოლო იჩინოჯო – გოეიდოს.

სექტემბრის ბაშოს მე-11 დღის მიმოხილვა

http://www.youtube.com/watch?v=Xpsp4QL4vlw

0.120487