ის, რომ 26 წლის ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე იგივე ტოჩინოშინი მომავალი ბაშოდან რანგით მე-2 ძურიოს დივიზიონში იასპარეზებს, ოფიციალურად დადასტურდა. აღნიშნულის შესახებ განცხადება ბანძუკეს (რეიტინგი) შემადგენელმა კომისიამ გააკეთა.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის ივლისში ტოჩინოშინმა მუხლის წინა ჯვარედინი მყესი დაიზიანა და აგვისტოში ოპერაციის გაკეთება მოუხდა.
შედეგად, ქართველმა გოლიათმა 3 სუპერტურნირი გამოტოვა და ელიტარული მაკუუჩი დივიზიონიდან რანგით მე-3 მაკუშიტას დივიზიონში დაეშვა, თანაც, იქ მხოლოდ 55-ე ნომერი მიენიჭა.
მომჯობინების შემდეგ, გორგაძემ ზედიზედ 14 გამარჯვება იზეიმა და შესაბამისად, მარტის და მაისის ბაშოებზე მაკუშიტას ჩემპიონის ტიტული ირგუნა.
ტოჩინოშინის მსგავსად, ძურიოს საგზურები ერგოთ ვაკანოსიმას, დაიეისეს, კიოკუტაისეის, ტოტიჰირიუს და კიძენრიუს.
მომავალი ბანძუკე, სადაც ქართველის წინსვლაც იქნება ასახული 30 ივნისს გამოქვეყნდება, შემდეგ ბაშოს კი 13-27 ივლისს ნაგოია უმასპინძლებს.