სხვა

16:19 | 27.11.2009 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინის წინ მხოლოდ ჰაკუჰოღაა

ნოემბრის ბაშოზე ზედიზედ მეორედ სამივე ქართველმა სუმოისტმა – ტოჩინოშინიმ, კოკაიმა და გაგამარუმ – გამარჯვება იზეიმა. შედეგად, 11 მოგებით ლევან გორგაძე იოკოძუნა ასაშორიუს გაუტოლდა და მხოლოდ ჰაკუჰოსღა ჩამორჩება, ლევან ცაგურია და თეიმურაზ ჯუღელი კი დადებით ბალანსს კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდნენ.
ფუკუოკას “კოკუსაი სენთერში” მიმდინარე ტურნირზე დასავლეთის მე-8 მაეგაშირას წოდებით მოასპარეზე ტოჩინოშინიმ მე-11 გამარჯვება მასპინძელ კოტოშოგიკუსთან იზეიმა და “იმპერატორის თასის” მოპოვების შანსი შეინარჩუნა.
22 წლის ქართველმა სეკიტორმა ხელებით პირველი მიძალება (სასი-არასოი) მოიგო, ბრძოლა მარჯვენა მხრიან დგომაში (მიგი-იოცუ) გადაიყვანა და მარცხენა ხელიდან ჰიდარი-უვატეს განხორციელების შემდეგ, ექს-სეკივაკე იაპონელს დოჰიოს მიღმა უვატენაგეთი “გადაუძახა”. ცნობისთვის, გორგაძემ კოტოშოგიკუს, კარიერის განმავლობაში პირველად აჯობა.
იაპონიის კუნძულ კიუსიუზე მიმდინარე წლის დასკვნით სუპეტურნირზე ტოჩინოშინის დარი ბალანსი (11 მოგება, 2 მარცხი) გააჩნიათ მე-5 მაეგაშირა ტოიონოშიმასა და იოკოძუნა ასაშორიუს, რომელმაც მაკუუჩი დივიზიონში ზედიზედ მე-2 მარცხი ოძეკი კოტომიცუკისთან განიცადა.
33 წლის იაპონელმა უპირატესობა საწყისი წამებიდანვე ხელთ იგდო და ჰიდარი-უვატეს წყალობით, ლეგენდარული მონღოლი დოჰიოდან იორიკირით “გააძევა”.
“ცისფერ დრაკონად” წოდებულ 29 წლის ასაშორიუს წარუმატებლობებმა ჩინებული პერსპექტივები გადაუშალა “თეთრი ფენიქსის” სახელით ცნობილ ჰაკუჰოს.
24 წლის მონღოლმა ბულგარელი ოძეკი კოტოოშუ რთულ ბრძოლაში, სუკუინაგეთი დაამარცხა და 13 დღის თავზე მარცხის სიმწარე ჯერაც არ შეუგრძვნია.
ჰაკუჰოს დარჩენილ ორ შერკინებაში ერთი გამარჯვებაც ეყოფა, რათა “იმპერატორის თასი” მეთორმეტედ ასწიოს და ასაშორიუს რეკორდი დაამხოს, რომელმაც 2005 წელს ექვს კლასიკურ ტურნირზე 84 ბრძოლის მოგება შეძლო.
“თეთრი ფენიქსი” მიზნის მიღწევას მომდევნო ბრძოლაში, ოძეკი კოტომიცუკისთან ეცდება, ასაშორიუ ძალებს კოტოოშუსთან მოსინჯავს, ტოჩინოშინი მე-12 მაეგაშირა შოტენროს (8 მოგება, 5 მარცხი) შეერკინება, ხოლო ტოიონოშიმა – ოძეკი ჰარუმაფუჯის.
მას შემდეგ, რაც მაქსიმალურ წაგებათა ლიმიტს უწია, მობილიზებული ასპარეზობს “შავ ზღვად” წოდებული კოკაი. ლევან ცაგურიამ მიჯრით მე-2 გამარჯვება ივაკიამასთან იზეიმა და 7 მარცხის წილ 6 მოგება მოუგროვდა.
დასავლეთის მე-10 მაეგაშირას წოდების მქონე ქართველმა სეკიტორმა იაპონელს “ჰარიტე” შემოსცხო, 170-კილოგრამიანი მეტოქეს ხელები შემოაჭდო და 33 წლის ექს-კომუსუბი ტავარას (დოჰიოს შემომსაზღვრელი წრიული ხაზი) მიღმა იორკირით გაიყვანა.
კოკაი, რომელსაც კაჩიკოშის (დადებითი ბალანსი) გასაფორმებლად დარჩენილი ორივე შეხვედრის მოგება სჭირდება, მორიგ ბრძოლას კატასტროფულ მდგომარეობაში (2 მოგება, 11 მრცხი) მყოფ იამამოტოიამასთან ჩაატარებს.
რანგით მე-2 ძურიოს დივიზიონში, ცაგურიას დარი ბალანსი (6 მოგება, 7 მარცხი) გააჩნია 22 წლის თეიმურაზ ჯუღელს, რომელმაც მაკუშიტას მე-3 ნომერი რიუჰო სოტოგაკეთი დასცა.
მე-14 რეიტინგის მქონე გაგამარუს, რომელიც ძურიოში სადებიუტო სეზონს ატარებს, სეკიტორის წოდების შესანარჩუნებლად, ორივე დარჩენილი ბრძოლის სათავისოდ დასრულება სჭირდება.
ჯუღელს მორიგი გამოცდის ჩაბარება მე-10 ნომერ დაიშოუმისთან მოუწევს, რომელსაც 13-დან 9 შერკინება წაგებული აქვს. 

დათო მანჯავიძე

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.094603