ზედიზედ ოთხი ოძეკის ძლევის შემდეგ, მაისის ბაშოზე მოასპარეზე ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ იგივე ტოჩინოშინიმ ტოიონოშიმასთან გამკლავება ვერ შეძლო და მანამდე ყველა ბრძოლის წამგებ მეტოქესთან იორიკირით დამარცხდა.
22 წლის ტოჩინოშინი ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანში” მიმდინარე ტურნირს დასავლეთის მე-2 მაეგაშირას წოდებით შეხვდა და დადებითი ბალანსის (კაჩი-კოში) შემთხვევაში, დიდი შანსია, კომუსუბის ტიტულს უწიოს, ამდენად, მისთვის ყველა შერკინებას დიდი მნიშვნელობა აქვს.
ამჯერად, გორგაძის მეტოქე ექს-სეკივაკე, აწ კი აღმოსავლეთის პირველი მაეგაშირა ტოიონოშიმა გახლდათ, რომელსაც მაისის ბაშოზე ხუთივე შერკინება წაგებული ჰქონდა და წარუმატებელი სვლა სწორედ ქართველ სეკიტორთან შეწყვიტა.
ტოჩინოშინიმ შეხვედრის სტარტზე მისთვის მისაღები ჰიდარი-უვატე ვერ მოიპოვა, თუმცა, 170 სმ. სიმაღლის მქონე იაპონელის მავაშის ხელში მოგდება კი შეძლო. ამ დროს, წესით, ლევანს გადამწყვეტი იერიში უნდა წამოეწყო, თუმცა, 26 წლის მეტოქის კონტრშეტევა გამოეპარა, მან მარცხენა ხელით ჩვენებურის კორპუსში შესვლა შეძლო და მაკიკაეს შემდეგ, გადამწყვეტი მიძალება განახორციელა.
ტოჩინოშინის 4 მოგების წილ 2 მარცხი მოუგროვდა, ხვალ კი მაისის ტურნირის უმთავრესი შერკინება ელის. ჩვენებურის მეტოქე უმაღლესი მაკუუჩი დივიზიონის ერთადერთი იოკოძუნა ჰაკუჰო იქნება, რომელიც ტოკიოში “იმპერატორის თასის” მოგების უმთავრეს კანდიდატად ითვლება.
“თეთრ ფენიქსად” წოდებულ მონღოლ გოლიათს ექვსივე ბრძოლა მოგებული აქვს და ტურნირის სათავეში ესტონელ ოძეკი ბარუტოსთანა და იაპონელ მე-15 მაეგაშირა შიმიტორისთან ერთად ლიდერობს. ცნობისთვის, მოწინავეთა კვარტეტი ტრიომდე მას შემდეგ დავიდა, რაც აღმოსავლეთის მე-10 მაეგაშირა ოსმა არანმა პირველი მარცხი მე-9 მაეგაშირა ტოსაიუტაკასთან განიცადა.
ტოჩინოშინი მონღოლ ჩემპიონს კარიერაში ორჯერ შეხვედრია და ორჯერვე დოჰიოს დამარცხებული ტოვებდა. შარშან სექტემბერში ჰაკუჰომ იორიტაოშით იმარჯვა, წლეულს იანვარში კი ქართველი იორიკირით დაამარცხა.
წარუმატებელი დღე ჰქონდა კოკაის შიკონათი მოასპარეზე ლევან ცაგურიას, რომელიც ტოკიოში დასავლეთის მე-6 მაეგაშირას წოდებით ირჯება. ქართული სუმოს პიონერმა მე-4 მაეგაშირა კიტატაიკისთან იორიკირით წააგო და 2 მოგების წილ უკვე მე-4 მარცხი მოუგროვდა.
“შავ ზღვად” წოდებული 29 წლის ქართველი სეკიტორის მორიგი მოწინააღმდეგე მე-9 მაეგაშირა ტოსაიუტაკა იქნება, რომელსაც შარშან ოთხჯერ გადაეყარა და მხოლოდ ერთხელ იმარჯვა. საინტერესოა, რომ ოთხივე შემთხვევაში მეტოქეებმა იორიკირის დაფიქსირება შეძლეს.
ხვალ, მაკუუჩი დივიზიონში ვიხილავთ მე-3 ქართველ სეკიტორ თეიმურაზ ჯუღელსაც, რომელსაც მიმდინარე ბაშოზე ეს პატივი უკვე მეორედ ერგო. პირველ შემთხვევაში, გაგამარუდ წოდებული ქართველი მე-15 მაეგაშირა ვაკაკოიუს გაუმკლავდა, ახლა კი მე-14 მაეგაშირა ტოჩინონადას შეერკინება, რომელიც წლეულს მარტში იორიკირით ჰყავს დამარცხებული.
შეგახსენებთ, რომ 202-კილოგრამიანი ქართველი სუმოისტი რანგით მე-2 ძურიოს დივიზიონის პირველი ნომერია, ტოკიოში გამართული ექვსი შერკინებიდან კი ერთის გარდა ყველა მოგებული აქვს. გაგამარუს მორიგი “მსხვერპლი” ძურიოს მე-2 რეიტინგის მქონე კოტოკასუგა შეიქმნა, რომელსაც ჩვენებურმა ერთი ამოსუნთქვით, იორიკირით სძლია.







