მაისის ბაშოს მეორე დღე უაღრესად წარმატებული გამოდგა ქართველი სუმოისტებისთვის. სამივე ჩვენებურმა გამარჯვება იზეიმა, განსაკუთრებით კი, თავი ლევან გორგაძემ იგივე ტოჩინოშინიმ გამოიჩინა, რომელმაც ოძეკი ჰარუმაფუჯი ჩინებულ სტილში დაამარცხა.
22 წლისა და 157 კგ. წონის ქართველმა, რომელიც უმაღლესი მაკუუჩის ყველაზე ახალგაზრდა სეკიტორია, “მზიურ ცხენად” წოდებულ მეტოქეს უკვე მეორედ აჯობა. შერკინების დასაწყისში ჰარუმაფუჯიმ ქართველს მძლავრად შეუტია, თუმცა, ტოჩინოშინიმ ინიციატივის აღება მოახერხა, 129-კილოგრამიანი მონღოლი ხელში აიტაცა და დოჰიოს მიღმა გაიყვანა, რის შემდეგაც იაპონურ ენაზე ინტერვიუც მისცა.
გორგაძესთვის, რომელიც ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანში” მიმდინარე მაისის ტურნირს დასავლეთის მე-2 მაეგაშირას წოდებით შეხვდა, ეს პირვლი გამარჯვება გახლდათ. ტოჩინოშინის მომდევნო მეტოქე ოძეკი კოტოოშუ იქნება, რომელსაც ორივე ბრძოლა მოგებული აქვს.
ქართველი სკეიტორი ბულგარელთან წარმატებული ასპარეზობით ვერ დაივეხნის. გასული წლის სექტემბერში ტოჩინოშინიმ კალოიან სტეფანოვთან იორიკირით წააგო, წლეულს იანვარში კი შიტატენაგეთი დამარცხდა.
წლის მე-3 სუპერტურნირზე პირველი გამარჯვება მოიპოვა მაკუუჩიში მოასპარეზე ლევან ცაგურიამ იგივე კოკაიმ, რომელიც ქართული სუმოს პიონერი გახლავთ. 29 წლის “შავმა ზღვამ” “ციურ ფენიქსად” წოდებული კიოკუტენჰოს კორპუსში შეაღწია და მონღოლი მე-7 მაეგაშირა იორიკირით განდევნა.
კოკაი ტოკიოში დასავლეთის მე-6 მაეგაშირას ტიტულით ასპარეზობს, დადებით ბალანსზე გასვლას კი ხვალ კიდევ ერთ მონღოლ, მე-6 მაეგაშირა ტოკიტენკუსთან ეცდება. შარშან მაისში, ცაგურია ამ უკანასკნელის იორიკირის ვერ გაუმკლავდა, წლეულს იანვარში მეტოქეს ამავე ილეთით სძლია, მარტში კი ჰატაკიკომით დამარცხდა.
ჩინებული სტარტი აიღო ძურიოს დივიზიონის პირველ ნომრად განთესილმა თეიმურაზ ჯუღელმა, რომელიც გაგამარუს შიკონათი გახლავთ ცნობილი. დღეს, 23 წლის ქართველი ერთი დღით ელიტაში დააწინაურეს და მაკუუჩის მე-15 მაეგაშირა ვაკაკოიუს გააჯიბრეს, რომელიც ჩვენებურმა ოშიდაშით დაამარცხა.
გაგამარუს ორი მოგება მოუგროვდა და ივლისის ბაშოსთვის მაკუუჩის უკვე სრულფასოვანი წევრობისთვის კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა. ცნობისთვის, გაგამარუს მიზნის მისაღწევად ნებისმიერ დადებითი ბალანსი ეყოფა. ჯუღელი მომდევნო შერკინებას ისევ ძურიოში ჩაატარებს, მისი მოწინააღმდეგე კი ასევე პირველი რეიტინგის მქონე იაპონელი საგაცუკასა იქნება, რომელსაც ტოკიოში ორივე შეხვედრა წაგებული აქვს.
მაკუუჩი დივიზიონში წაუგებლად ათი სეკიტორი ირჯება, რომელთა შორის იოკოძუნა ჰაკუჰო დ ოძეკები კოტოოშუ, ბარუტო და კაიოც იმყოფებიან. შეგახსენებთ, რომ მაისის ტურნირი ტრადიციულად 15 დღეს მიმდინარეობს და 23 მაისს დასრულდება.







