სხვა

15:43 | 16.05.2010 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინიმ მონღოლი გადადგა

მონღოლ იოკოძუნა ჰაკუჰოსთან მარცხის შემდეგ, ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ იგივე ტოჩინოშინიმ მობილიზება შეძლო და ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანში” მიმდინარე ნაცუ ბაშოზე მე-5 გამარჯვება იზეიმა, თანაც ეს ბრწყინვალე სტილში შეძლო.
დასავლეთის მე-2 მაეგაშირას წოდებით მოასპარეზე ტოჩინოშინიმ მონღოლ ჰაკუბას შანსი არ დაუტოვა, “თეთრ ცხენად” წოდებული 128-კილოგრამიანი მეტოქე დოჰიოს მოსწყვიტა და მაყურებლებში ცურიდაშით გადაიყვანა. ჰაკუბას ქართველთან შეხვედრამდე ერთადერთი მარცხი ჰქონდა განცდილი, თუმცა, ჩვენებურთან საშვილიშვილოდ შერცხვა. ტოჩინოშინიმ იგი ბავშვივით აიტაცა და მართალია, მონღოლი გამწარებული “იკლაკნებოდა”, ფეხქვეშ მიწა მხოლოდ დოჰიოს მიღმა იგრძნო.
შეგახსენებთ, რომ გორგაძეს ელიტარული მაკუუჩი დივიზიონის ყველაზე ახალგაზრდა სეკიტორია. 22 წლის ქართველს 5 მოგება და 3 მარცხი გააჩნია და თუკი სასურველ დადებით ბალანსს (კაჩი-კოში) უწია, დიდი შანსია, ხელი კომუსუბის ტიტულს გამოჰკრას.
ტოჩინოშინის მორიგი მეტოქე დასავლეთის პირველი მაეგაშირა მიაბიამა იქნება. ლევანი 32 წლის იაპონელს ლამის ყველა ბაშოზე ხვდება. ბოლო ექვსი ტურნირის განმავლობაში ტოჩინოშინიმა და მიაბიამამ 3-3 მოგება გაცვალეს, ამდენად, მომავალი შერკინების შედეგის პროგნოზორება იოლი საქმე არ გახლავთ.
მაისის ბაშოზე ზედიზედ მესამე მარცხი განიცადა ქართული სუმოს პიონერმა კოკაიმ, რომლის შიკონაც კოკაი გახლავთ. 29 წლის ქართველმა 170-კილოგრამიანი ტოიოჰიბიკის შეჩერება ვერ შეძლო და იაპონელის ოშიდაში “გაეპარა”. თავის დროზე კოკაი კომუსუბის ტიტულს ატარებდა, ნაცუ ბაშოზე კი დასავლეთის მე-6 მაეგაშირას წოდებას ატარებს და დიდი შანსია, უკუსვლა კიდევ განიცადოს.
ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი “შავი ზღვა” დარჩენილი შვიდი ბრძოლიდან ექვსში არ იმარჯვებს. ცაგურიას 8-დან 6 შეხვედრა აქვს წაგებული და მაკე-კოშისგან (უარყოფითი ბალანსი) თავის დაღწევა ძალიან გაუჭირდება. ქართველი სუმოისტის მორიგი მოწინააღმდეგე მე-8 მაეგაშირა კაკიძოე იქნება. გასული წლის განმავლობაში, კოკაიმ იაპონელთან სამივე ბრძოლა დათმო – ორჯერ ოშიდაშით და ერთხელ იორიტაოშით.
მაკუუჩი დივიზიონში ერთპიროვნული ლიდერის სტატუსი მოიპოვა დასაწყისშივე ხსენებულმა ჰაკუჰომ. “იმპერატორის თასის” 13-გზის მფლობელმა ამჯერად სეკივაკე ამინიშიკი დაამარცხა და თავი რვა გამარჯვებას მოუყარა. ტურნირზე პირველად წაიფორხილა ესტონელმა ოძეკი ბარუტომ. ბალტიისპირელს მე-3 მაეგაშირა კაკურიუმ ოშიტაოშით აჯობა, რომელიც ხვალ ძალებს ჰაკუჰოსთან მოსინჯავს, ბარუტო კი ვეტერან ოძეკი კაიოს წინააღმდეგ დადგება.
დასანანი მარცხი შეემთხვა ძურიოს დივიზიონის ერთ-ერთ ლიდერ თეიმურაზ ჯუღელს. 23 წლის ქართველმა, რომლის მეტსახელიც გაგამარუა, წონა კი – 202 კილოგრამი, ალღო ჩინელი სოკოკურაის იონებს ვერ აუღო. 128-კოლგრამიანმა აზიელმა ბრძოლისთვის თავის არიდება განიზრახა და საწყისი შეჯახებისას გვერდზე გაწევა არჩია. ტატიაი-ჰენკას განხორციელების შემდეგ, 26 წლის სოკოკურაიმ ქართველის მავაში მარჯვენა ხელიდან მოიგდო და ჩვენებური უვატენაგეთი დაამარცხა.
გაგამარუს ბალანსი 6 მოგება და 2 მარცხია, ძურიოს სათავეში კი დაიდო და კიოსეუმი იმყოფებიან, რომელთა აქტივშიც 7-7 გამარჯვებაა. შეგახსენებთ, რომ ჯუღელი ძურიოს პირველ ნომრადაა განთესილი და მაკუუჩიში გადასასვლელად ნებისმიერი დადებითი ბალანსი ეყოფა, ამდენად, მიზნის მისაღწევად 2 მოგებაღა სჭირდება. გაგამარუს შემდეგი მეტოქე მე-5 რეიტინგის მქონე ბუშუიამა იქნება, რომელსაც გასული მარტის ბაშოზე იორიტაოშით აჯობა.

2010 წლის მაისის ბაშო. მე-8 დღე. ტოჩინოშინი-ჰაკუბა
 
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.162203