სასურველი სენსაცია არ შედგა. დაუმარცხებელი მონღოლი იოკოძუნა ჰაკუჰოს ძლევა ვერც ქართველმა სუმოისტმა ტოჩინოშინიმ შეძლო და 4 მოგების წილ მე-3 წარუმატებელი შერკინება მიითვალა.
მაისის ბაშოზე დასავლეთის მე-2 მაეგაშირას წოდებით მოასპარეზე ლევან გორგაძემ ზედიზედ ოთხი ოძეკის დამარცხება შეძლო და იმის იმედიც გააჩინა, რომ “თეთრ ფენიქსსაც” ღირსეულ წინააღმდეგობას გაუწევდა, თუმცა, სუმოს სამყაროს კიდევ ერთხელ გაოცება ვეღარ მოახერხა.
22 წლის ქართველმა დიდი ჩემპიონის გაცურება განიზრახა და საწყისი შეჯახებისას გვერდზე გაიწია, თუმცა, მისმა ტატიაი-ჰენკამ შედეგი ვერ გამოიღო. პოზიციურ ბრძოლა მარჯვენამხრიან დგომა მიგი-იოცუში გადაიზარდა, რომელშიც ჰაკუჰომ ტოჩინოშინის მავაში მარჯვენა ხელიდან მოიგდო და ჰიდარი-უვატეს შემდეგ, მეტოქე დოჰიოდან იორიკირით გააძევა.
ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანში” მიმდინარე ტურნირის მე-8 დღეს გორგაძის მოწინააღმდეგე დასავლეთის მე-5 მაეგაშირა ჰაკუბა იქნება, რომელსაც ექვსი შერკინება აქვს მოგებული. გასულ მარტის ბაშოზე ტოჩინოშინს მონღოლი სეკიტორი ცურიდაშით ჰყავს დამარცხებული.
ამ დროისთვის, უმაღლეს მაკუუჩი დივიზიონს ორი ლიდერი ჰყავს – ჰაკუჰო, რომლის დაუმარცხებელი სერიაც ოთხ თვესა და 24 ბრძოლას მოიცავს და ესტონელი ოძეკი ბარუტო, რომელიც მონღოლი იოკოძუნას ერთადერთ რეალურ კონკურენტად ითვლება.
წარუმატებლად ირჯება ქართული სუმოს პიონერი ლევან ცაგურია იგივე კოკაი. 29 წლის სუმოისტმა ორი გამარჯვების ფონზე უკვე მე-5 მარცხი განიცადა. დასავლეთის მე-6 მაეგაშირას ტიტულის მქონე “შავი ზღვა” მე-9 მაეგაშირა ტოსაიუტაკამ იორიტაოშით დაამარცხა. კოკაი მდგომარეობის გამოსწორებას იაპონელ მე-8 მაეგაშირა ტოიოჰიბიკისთან ეცდება, რომელთანაც შარშან სამივე შერკინება წაგებული აქვს.
მაკუუჩი დივიზიონის კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა გაგამარუს შიკონათი ცნობილი თეიმურაზ ჯუღელი, რომელიც ძურიოს პირველი ნომერია და ელიტაში გადასასვლელად ნებისმიერი დადებითი ბალანსი ეყოფა. დღეს დილით, გაგამარუს მაკუუჩიში საასპარეზოდ მაისის ბაშოზე უკვე მეორედ უხმეს და მას თავი არც ამჯერად შეურცხვენია.
202-კილოგრამიანმა ქართველმა ექს-სეკივაკე აწ კი აღმოსავლეთის მე-14 მაეგაშირა ტოჩინონადა არ დაინდო და 36 წლის ვეტერანი დოჰიოდან წამებში გაიყვანა. ქართველმა სეკიტორმა წარმატებისთვის კვლავ საყვარელი ილეთი – იორიკირი გამოიყენა. ჯუღელს 7 დღეში 6 გამარჯვება მოუგროვდა და კაჩი-კოშისთვის დარჩენილი 8 ბრძოლიდან ორი მოგებაც ეყოფა.
ხვალისთვის, გაგამარუ ისევ ძურიოს უბრუნდება და ძალებს მე-4 რეიტინგის მქონე სოკოკურაისთან მოსინჯავს. 26 წლის ჩინელთან ქართველი შარშან ორჯერ დამარცხდა, წლეულს კი თითო მოგება-წაგება გაცვალა. ბარემ აქვე ვთქვათ, რომ ძურიოში ქართველის დარად 6 გამარჯვება კიოსეუმისა და მაცუტანის აქვთ, ლიდერი კი ტოკიოს მკვიდრი დაიდო გახლავთ, რომელსაც მარცხის სიმწარე ჯერაც არ შეუგრძვნია.







