სხვა

0:57 | 22.03.2010 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინიმ ეკვატორი მოგებით გადალახა

იაპონიის ქალაქ ოსაკაში მიმდინარე მარტის ბაშომ ეკვატორს გადააბიჯა და ტურნირის ლიდერებიც გამოიკვეთნენ. სასიხარულოა, რომ მაკუუჩი დივიზიონის მოწინავეთა შორის ელიტის ყველაზე ახალგაზრდა – 22 წლის ქართველი სეკიტორი ტოჩინოშინიც იმყოფება, რომელსაც 8 დღის თავზე 6 გამარჯვება მოუგროვდა.
გასულ უქმეებზე ლევან გორგაძემ ჯერ ტაკეკაძე დაჩაგრა, შემდეგ კი დოჰიოდან მაკუუჩის ყველაზე მსუბუქი (128 კგ.) სეკიტორი, “თეთრ ცხენად” წოდებული ჰაკუბა განდევნა.
დასავლეთის მე-6 მაეგაშირას წოდებით მოასპარეზე ტოჩინოშინის მორიგი მეტოქე მე-3 მაეგაშირა კოტოშოგიკუ იქნება, რომელსაც ქართველის დარი ბალანსი (6 მოგება, 2 მარცხი) გააჩნია. მიმდინარე წლის იანვარში გორგაძე იაპონელს უკვე გადაეყარა და იორიკირით წააგო.
5 გამარჯვება და 3 წაგება აქვს კოკაიდ წოდებულ ლევან ცაგურიას, რომელიც აღმოსავლეთის მე-14 მაეგაშირას ტიტულით ირჯება და მაკუუჩიში ადგილის შესანარჩუნებლად დადებითი ბალანსის (კაჩიკოში) გაფორმება სჭირდება.
29 წლის ქართველმა ყველაზე დაბალი (167 სმ.) სეკიტორი საგაცუკასა ჰატაკიკომით დასცა, მე-8 მაეგაშირა ივაკიამასთან კი 40-წამიანი დგომის შემდეგ, იორიკირით წააგო და დოჰიოს მიღმა აღმოჩნდა.
“შავ ზღვად” წოდებული ცაგურიას მორიგი მოწინააღმდეგე მე-10 მაეგაშირა შიმოტორი იქნება, რომელსაც ზურგს მხოლოდ 2 მოგება უმაგრებს. კოკაი 32 წლის იაპონელს ზედიზედ მეექვსე ბაშოა ხვდება, გასული ხუთი შერკინებიდან კი გამარჯვება მხოლოდ ორში აქვს მოპოვებული.
მაკუუჩის სათავეში სამი დაუმარცხებელი სუმოისტი იმყოფება: იოკოძუნა ჰაკუჰო, სეკივაკე ბარუტო და მე-13 მაეგაშირა ტოკიტენკუ. ერთი წაგება აქვს ოძეკი ჰარუმაფუჯის, შემდეგ კი ის ჯგუფი მოდის (7 სეკიტორი), რომელთა შორის ტოჩინოშინიც გახლავთ.
არცთუ კარგად მისდის საქმეები ძურიოს დივიზიონში მოასპარეზე თეიმურაზ ჯუღელს იგივე გაგამარუს, რომელიც მე-3 ნომრადაა მიჩნეული. 23 წლის ქართველმა სეკიტორმა ჯერ შოტენროსთან წააგო, შემდეგ კი კოტოკასუგასთან წაიფორხილა და ფავორიტებს საგრძნობლად დაშორდა.
გაგამარუს 3 მოგება და 5 მარცხი გააჩნია, მისი მომდევნო მეტოქე კი მე-8 რეიტინგის მქონე ჩიოჰაკუჰო იქნება. ჯუღელი იაპონელს ორჯერ შეხვედრია და ორივე შემთხვევაში, დოჰიო გამარჯვებულს დაუტოვებია.
ჩიოჰაკუჰოს ოსაკას ბაშოზე ექვსი მოგება აქვს და კიდევ ოთხ სკიტორთან ერთად, დივიზიონის სათავეში იმყოფება.
ჰარუ ბაშოდ წოდებული ტურნირი ტრადიციულად 15 დღეს მიმდინარეობს და 28 მარტამდე გასტანს. 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.097104