პროფესიული სუმოს ელიტარული მაკუუჩი დივიზიონის ყველაზე ახალგაზრდა სეკიტორმა ლევან გორგაძემ იგივე ტოჩინოშინიმ ოსაკას ბაშოზე მე-7 გამარჯვება მოიპოვა, რის შემდეგაც რეიტინგში მის წინ ხუთი მონაწილეღა დარჩა.
22 წლის ქართველმა გოლიათმა წარმატებას სწორედ ერთ-ერთ ლიდერ ტოკიტენკუსთან მიაღწია, რომელსაც დღევანდლამდე მხოლოდ ერთი წაგება ჰქონდა, მეორედ კი ჩვენებურთან წაიფორხილა.
დასავლეთის მე-6 მაეგაშირას წოდებით მოასპარეზე ტოჩინოშინიმ მე-13 მაეგაშირა ტოკიტენკუს მოროძასიში შესვლის საშუალება მისცა, თუმცა, მონღოლის მავაში მარცხენა ხელიდან მოიგდო და ძალისმიერი მიძალება იორიტაოში განხორციელა.
ტოჩინოშინის 3 მარცხის წილ 7 გამარჯვება მოუგროვდა და კაჩიკოშის (დადებითი ბალანსი) გასაფორმებლად დარჩენილ ხუთ ბრძოლაში ერთი შერკინების მოგებაღა სჭირდება, რაც წოდებაში დაწინაურების გარანტი იქნება.
გორგაძის მორიგი მოწინააღმდეგე მისდარი ბალანსის მქონე მონღოლი ასასეკირიუ იქნება. ქართველი სუმოისტი აღმოსავლეთის მე-11 მაეგაშირას წოდებით მოასპარეზე მოწინააღმდეგეს შარშან სამჯერ გადაეყარა და ორ შემთხვევაში წარმატებას მიაღწია.
6 გამარჯვება და 4 წაგება მოუგროვდა ქართული სუმოს პიონერ ლევან ცაგურიას, რომელიც მარტის ტურნირზე აღმოსავლეთის მე-14 მაეგაშირას წოდებით ასპარეზობს და თუკი მაკუუჩი დივიზიონის დატოვება არ სურს, კაჩიკოშის იქით გზა არა აქვს.
“შავ ზღვად” წოდებულმა 29 წლის ქართველმა მე-4 მარცხი მე-10 მაეგაშირა კიტატაიკისთან განიცადა. ტოკიოელმა სეკიტორმა კოკაის ძალით აჯობა და მაყურებლებში ოშიდაშით “გადაისროლა”.
ლევან ცაგურიას მძიმე ბრძოლა ელის მომდევნო შერკინებაშიც, როდესაც 10-დან 8 შეხვედრის მომგებ მიაბიამას დაუპირისპირდება. იაპონელი გოლიათი (187 სმ. 180 კგ.) ოსაკაში აღმოსავლეთის მე-7 მაეგაშირას ტიტულით ირჯება, გასულ წელს კი კოკაის ოთხივე ბრძოლა მოუგო. ცაგურიას დადებითი ბალანსისთვის დარჩენილ ხუთ ტურში მინიმუმ ორი წარმატებული შერკინების ჩატარება მართებს.
მაკუუჩის ლიდერებად მონღოლი იოკოძუნა ჰაკუჰო და ესტონელი სეკივაკე ბარუტო რჩებიან, რომელთაც ათი დღის განმავლობაში მარცხის სიმწარე არ შეუგრძვნიათ. დღეს, ცენტრალურ შერკინებაში ერთმანეთის პირისპირ სწორედ ფავირიტები დადგებიან. ცნობისთვის, წლევანდლამდე ჰაკუჰოს ბარუტო ზედიზედ 11-ჯერ (!) ჰყავდა დამარცხებული, იანვარში კი 188-კილოგრამიანმა რაკვერელმა ნანატრ გამარჯვებას მიაღწია.
ერთი მარცხი მოეძევება ლიდერთა კვალში მდგარ მონღოლ ოძეკი ჰარუმაფუჯის, 8-2-ზე ბალანსი კი, როგორც აღვნიშნეთ, მიაბიამასა და ტოკიტენკუს გააჩნიათ.
მდგომარეობის გამოსწორება მოახერხა ძურიოს დივიზიონში მოასპარეზე და ელიტაში აღზევებისთვის მებრძოლმა თეიმურა ჯუღელმა. გაგამარუს შიკონათი ცნობილმა ქართველმა მე-7 განთესვის მქონე იაპონელი კიოკუნანკაი დოჰიოდან ოშიდაშით გაიყვანა.
მე-3 რეიტინგით მოასპარეზე გაგამარუს თანაბარი ბალანსი (5 მოგება, 5 მარცხი) მოუგროვდა და თუკი მომდევნო დღეების განმავლობაშიც იყოჩაღებს, დიდი შანსია, მაკუუჩიში რიცხული მესამე ქართველი გახდეს. კაჩიკოშისთვის შემდგომი ხუთი ბრძოლიდან სამის მოგებაა საჭირო, ჯუღელის მომდევნო მეტოქე კი ძურიოს მე-4 ნომერი კიმურაიამა იქნება. მიმდინარე წლის იანვარში გაგამარუმ იაპონელს ცუკიდაშით აჯობა.
ოსაკას ფიზკულტურისა და სპორტის სასახლეში მიმდინარე ჰარუ ბაშო ტრადიციულად 15 დღეს მიმდინარეობს და ფინიშის სწორზე 28 მარტს გავა.







