სხვა

15:37 | 14.05.2011 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინი მთებს ებრძვის, არანი – თმებს

ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანში” მიმდინარე ბაშოს კვლავაც ორი დაუმარცხებელი ლიდერი ჰყავს – მონღოლი იოკოძუნა ჰაკუჰო და უმაღლესი მაკუუჩი დივიზიონის დებიუტანტი, ბრაზილიელი მე-16 მაეგაშირა კაიესი. მათი უახლოესი მდევრები კი ესტონელი ოძეკი ბარუტო და ქართველი მე-6 მაეგაშირა ტოჩინოშინი არიან.
23 წლის ტოჩინოშინიმ იგივე ლევან გორგაძემ “წითელ დრაკონად” წოდებულ ასასეკირიუსთან თითქმის ორწუთიანი ბრძოლა გადაიტანა. 29 წლის მონღოლმა სტარტზე ტატიაი-ჰენკას განხორციელება სცადა, თუმცა, ქართველმა მისი მავაშის დაჭერა მოახერხა და 150-კილოგრამიანი მეტოქე დოჰიოდან იორიკირით გაიყვანა.
გორგაძეს 6 მოგება და 1 მარცხი გააჩნია, წარმატებული ასპარეზობის გაგრძელებას კი მე-9 მაეგაშირა ტოსაიუტაკასთან ეცდება, რომელიც ჰაცუ ბაშოს ასევე კარგ ფორმაში შეხვდა და ზურგს 5 გამარჯვება უმაგრებს. შარშან მარტში, ტოჩინოშინის 26 წლის იაპონელი უვატენაგეთი ჰყავს დამარცხებული.
კვლავ უარყოფით ბალანსზე (3 მოგება, 4 მარცხი) გავიდა მაკუუჩიში რიცხული მეორე ქართველი სეკიტორი თეიმურაზ ჯუღელი, რომელიც სუმოს სამყაროში გაგამარუს შიკონათია ცნობილი. 24 წლის ქართველმა 23 წლის ტოჩინოვაკას მიგი-უვატე “დაუთმო”, თავად კი მარცხენა ხელიდან მეტოქის მავაში ვერ დაიჭირა და იაპონელმა მე-11 მაეგაშირამ უვატენაგე განახორციელა.
შეგახსენებთ, რომ თავად გაგამარუ მაისის ტურნირს აღმოსავლეთის მე-14 მაეგაშირას წოდებით შეხვდა და ელიტაში ადგილის შესანარჩუნებლად დადებითი ბალანსის იგივე კაჩი-კოშის დაფიქსირება სჭირდება. ჯუღელის შემდეგი მეტოქე თავშივე ხსენებული კაისეია, რომელსაც მაკუუჩიში ფანტასტიური დებიუტი აქვს და სრულიად მოულოდნელად “იმპერატორის თასის” ერთ-ერთ მაძიებლადაც კი იქცა. გაგამარუ ბრაზილიელის ძლევით თავის საქმეს ხომ გააკეთებს და ტოჩინოშინისაც წაეშველება, რომელსაც კარიერაში ერთ-ერთი უმაღლესი ადგილის დაკავების კარგი შანსი აქვს.
სახეირო კვლავ არაფერი ისმის რანგით მეორე ძურიოს დივიზიონიდან, სადაც ქართული სუმოს პიონერი კოკაი ასპარეზობს და ბრძოლას ბრძოლაზე აგებს. 30 წლის ლევან ცაგურიამ ამჯერად შირონორიუსთან წაიფორხილა (ვატაშიკომით) და შვიდ ტურში მე-6 მარცხი მოუგროვდა. “შავი ზღვა” მე-6 რეიტინგით ირჯება, თუმცა, მისი ამჟამინდელი ფორმიდან გამომდინარე, გამორიცხული არაა, მაისის ბაშოს თავზე, ძურიოსაც დაემშვიდობოს, ეს კი, ფაქტობრივად, კარიერის დასრულების მომასწავებელი იქნება. კოკაი შემდეგ შერკინებას პირველი რეიტინგის მქონე იაპონელ ტაკაიასუსთან ჩაატარებს.
დასასრულ, ისევ მაკუუჩიში გამართულ შეხვედრებს დავუბრუნდებით და იმ შემთხვევაზე მოგახსენებთ, რომელიც ხშირად არ ფიქსირდება. საქმე ჰანსოკუს იგივე ტექნიკურ წაგებას ეხება, რომელიც მიმდინარე ტურნირზე ტოჩინოშინისთვის ერთადერთი მარცხის მიმყენებელ არანს ჩაეთვალა. 26 წლის ვლადიკავკაზელმა ალან გაბარაევმა იაპონელ იოშიკაძეს ბრძოლისას თმაზე მოქაჩა, რაც მსაჯებს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ და ოსს სასჯელიც გამოუტანეს. არანს 4 მარცხი მოუგროვდა და თუკი ჰაცუ ბაშუ მაკე-კოშით (უარყოფილი ბალანსი) დაასრულებს, მე-5 მაეგაშირას ტიტულთან დამშვიდობება მოუწევს.
შეგახსენებთ, რომ ტოკიოს ტურნირი ტრადიციულად 15 დღეს მიმდინარეობს და 22 მაისს დასრულდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.091549