მაკუუჩი დივიზიონის ყველაზე ახალგაზრდა სეკიტორი – 22 წლის ქართველი ლევან გორგაძე იგივე ტოჩინოშინი ნოემბრის ბაშოს ლიდერთა დევნას განაგრძობს. ფუკუოკას “კოკუსაი სენთერში” მიმდინარე ტურნირის მე-5 დღეს მე-8 მაეგაშირას სტატუსით მოასპარეზე ტოჩინოშინიმ მე-4 გამარჯვება იზეიმა და მხოლოდ სამ ლიდერს – იოკოძუნებს ასაშორიუსა და ჰაკუჰოს და მე-9 მაეგაშირა იოშიკაძეს ჩამორჩება.
მორიგ საშეჯიბრო დღეს გორგაძემ მონღოლური სუმოს ერთ-ერთ პიონერი კიოკუტენჰო არ დაინდო და 35 წლის ექს-სეკივაკე დოჰიოს მიღმა იორიკირის ხარჯზე გაიყვანა.
იაპონიის სამხრეთ კუნძულ კიუსიუზე მიმდინარე ტურნირის მე-6 დღეს ტოჩინოშინი მე-10 მაეგაშირა “წითელ დრაკონად” წოდებულ ასასეკირიუს შეერკინება, რომელსაც ზურგს ერთადერთი გამარჯვება უმაგრებს.
ასევე მონღოლ სეკიტორს გადაეყარა მე-10 მაეგაშირას წოდების მქონე ლევან ცაგურია იგივე კოკაი, თუმცა, თანამემამულისგან განსხვავებით, დოჰიო დამარცხებულმა დატოვა.
მე-13 მაეგაშირა მოკონამიმ მოროძასი (ორივე ხელიდან კორპუსში შესვლა) განახორციელა და იორიკირის წყალობით, მე-4 გამარჯვება იზეიმა. თავის მხრივ, მხოლოდ ერთი მოგებით იწონებს თავს კოკაი, რომელიც მორიგ შეხვედრაში “ციურ მგელ” შოტენროს გაეჯიბრება.
უარყოფითი ბალანსი (2 მოგება, 3 მარცხი) გააჩნია ძურიოს დივიზიონში მოასპარეზე თეიმურაზ ჯუღელს, რომელიც ფუკუოკაში მე-14 ნომრით ირჯება. გაგამარუს შიკონათი ცნობილ ქართველ სეკიტორს იაპონელმა ვაკაკოიუმ ჰიკიოტოშით აჯობა.
მორიგ შერკინებაში ჯუღელი მე-10 რეიტინგის მქონე კირინოვაკას შეერკინება, რომელსაც 5 ბრძოლიდან 4 წაგებული აქვს.
დათო მანჯავიძე







