სხვა

15:58 | 22.11.2009 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინი “იმპერატორის თასს” იოკოძუნებს ეცილება

ტოჩინოშინის სახელით ცნობილ ლევან გორგაძეს ნოემბრის ბაშოზე დადებითი ბალანსის გასაფორმებლად და წოდებაში დასაწინაურებლად ერთი გამარჯვებაღა სჭირდება, თუმცა, უფრო სასიხარულო ისაა, რომ ქართველი სეკიტორი “იმპერატორის თასის” მოპოვების რეალური კანდიდატია და კონკურენტებად მონღოლი იოკოძუნები – ასაშორიუ და ჰაკუჰო ჰყავს.
შეგახსენებთ, რომ ტოჩინოშინიმ იაპონიის კუნძულ კიუსიუზე დაწყებული ფუკუოკას ბაშო მარცხით დაიწყო, შემდეგ კი შესაშურ ფორმაში შევიდა და ზედიზედ შვიდი (!) გამარჯვება იზეიმა.
წლის დასკვნით სუპერტურნირზე დასავლეთის მე-8 მაეგაშირას წოდებით მოასპარეზე ქართველი სუმოისტის ბოლო “მსხვერპლი” იაპონელი ტოსაიუტაკა გახდა, რომელსაც მანამდე მხოლოდ ორი ბრძოლა ჰქონდა წაგებული.
22 წლის გორგაძემ (სიმაღლე 191 სმ. წონა 158 კგ.) მეტოქეს მარცხენა ხელიდან შეუტია და ლამაზად განხორციელებული უვატენაგეთი მეტოქე ზურგით დოჰიოზე დაანარცხა, რითაც პუბლიკის აღტაცება გამოიწვია.
როგორც აღვნიშნეთ, ქართველ გოლიათს 1 მარცხის წილ 7 გამარჯვება მოუგროვდა და იგი მხოლოდ დაუმარცხებელ იოკოძუნებს ჩამორჩება, ტოჩინოშინის დარი ბალანსი კი ბულგარელი ოძეკი კოტოოშუსა და იაპონელი მე-9 მაეგაშირა იოშიკაძეს გააჩნიათ, რომელმაც პირველად სწორედ განვლილ ტურში წაიფორხილა.
ბაშოს მე-9 დღეს ლევან გორგაძის მეტოქე მე-5 მაეგაშირა კაკიძოე იქნება, რომელსაც 5 მოგება და 3 მარცხი გააჩნია.
ტოჩინოშინისგან განსხვავებით, მძიმე მდგომარეობაში იმყოფება უმაღლეს მაკუუჩი დივიზიონში მოასპარეზე მეორე ქართველი სეკიტორი ლევან ცაგურია, რომელიც კოკაის შიკონათია ცნობილი.
დასავლეთის მე-10 მაეგაშირას წოდების მქონე “შავმა ზღვამ” იაპონელი შიმოტორის იორიკირის ვერ გაუძლო და ფეხი დოჰიოს კიდეს დაადგა, რითაც 3 მოგების წილ მე-5 მარცხი გაიფორმა. კოკაიმ დარჩენილი შვიდი ბრძოლიდან ხუთში უნდა იმარჯვოს, თორემ უარყოფით ბალანსს ანუ მაკეკოშისა და დაქვეითებას ვერ გადაურჩება.
ანალოგიურ მდგომარეობაში იმყოფება რანგით მე-2 ძურიოს დივიზიონში მოასპარეზე თეიმუირაზ ჯუღელიც. მე-14 განთესვის მქონე 22 წლის გაგამარუ მეტოქის ჰატაკიკომიზე “დაჭერასა” და მარჯვენა ხელიდან კოტენაგეს განხორციელებას ცდილობდა, როდესაც მიამოტომ სუკუინაგე განახორციელა და ქართველ სეკიტორს მე-5 მარცხი აგემა.
ნოემბრის ბაშოს მორიგ დღეს კოკაის მეტოქე მე-14 მაეგაშირა კიმურაიამა (3 მოგება, 5 მარცხი) იქნება, გაგამარუ კი ძურიოს მე-8 ნომერ ჯუმონჯის (2 მოგება, 6 მარცხი) დაეჭიდება.
წლის დასკვნითი სუპერტურნირი, ტრადიციულად, 15 დღეს მიდინარეობს და 29 ნოემბერს დასრულდება.  

დათო მანჯავიძე  

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.089107