26 წლის ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, რომელიც პროფესიულ ასპარეზზე ტოჩინოშინის შიკონათი არის ცნობილი, ტრავმის მოშუშების შემდეგ, ზედიზედ მე-16 (!) შერკინება მოიგო.
შეგახსენებთ, რომ ქართველი გოლიათი მძიმედ შარშან დაშავდა, დოჰიოზე დაბრუნების შემდეგ კი, რანგით მე-3 მაკუშიტას დივიზიონში 2 ბაშო დანაკარგის გარეშე ანუ 7:0-ზე დაასრულა. შედეგად, ტოჩინოშინი მე-2 დივიზიონ – ძურიოს დაუბრუნდა და ამჟამად, ნაგოიაში მიმდინარე წლის მორიგ სუპერტურნირზე უკვე ორ ორთაბრძოლაში იმარჯვა.
გორგაძემ, რომელიც ნაგოიაში ძურიოს აღმოსავლეთის მე-12 ნომრის სტატუსით ირჯება, ამჯერად, აღმოსავლეთის მე-14 რეიტინგოსანი კიძენრიუ იორიკირით დაამარცხა. ლევანის მომდევნო მეტოქე დასავლეთის მე-11 ნომერი ჩიიონოკუნი იქნება, რომელსაც ზურგს ასევე 2 გამარჯვება უმაგრებს.
წარმატებას მიაღწია ელიტარულ მაკუუჩი დივიზიონში მოასპარეზე ერთადერთმა ქართველმა სეკიტორმა თეიმურაზ ჯუღელმაც. სასტარტო მარცხის შემდეგ, გაგამარუმ მობილიზება მოახერხა და აღმოსავლეთის მე-14 მაეგაშირა კაგამიო იოლად “გადათელა” – ოშიდაშით აჯობა.
ჯუღელი, რომელიც ნაგოიაში აღმოსავლეთის მე-15 მაეგაშირას წოდებით ასპარეზობს, მე-3 ტურში აღმოსავლეთის მე-17 მაეგაშირა არავაშის გაეჯიბრება, რომელთანაც ერთადერთი გასული შეხვედრა წაგებული აქვს. თავადაც შეამჩნევდით, რომ ქართველი სუმოისტი განთესვით მაკუუჩის ქვედა ნაწილშია, ამდენად, მორიგი უარყოფითი ბალანსი (მაკე-კოში) მის ძურიოში დაქვეითებას გამოიწვევს.
ნაგოიას ბაშოს სათავეში სხვებთან ერთად იოკოძუნები – ჰაკუჰო, ჰარუმაფუჯი და კაკურიუ და ოძეკი კოტოშოგიკუც იმყოფებიან, ოძეკი კისენოსატომ კი პირველი მარცხი კომუსუბი ამინიშიკისთან განიცადა.
ნაგოიას ბაშოს მე-2 დღის მიმოხილვა
http://www.youtube.com/watch?v=E4klTDQKdrI