XXV ეროვნული ჩემპიონატის გახსნას, ქუთაისში უჩვეულოდ მცირერიცხოვანი რაოდენობის მაყურებელი დაესწრო. სამწუხაროდ, ამის მიზეზი მხოლოდ ზაფხული არ გახლავთ. ქუთაისელ ქომაგთა ერთი ნაწილი სკეპტიკურად უყურებს იმ საფეხბურთო პოლიტიკას, რომელსაც კლუბის მეპატრონეები ატარებენ. სტადიონზე შეკრებილებს, ბუნებრივია, აინტერესებდათ ახალი ფორმაციის “ტორპედოს” ხილვა, თანაც ქუთათურებს მეტოქეც სერიოზული ჰყავდათ. გამოცდილი ფეხბურთელებით გაძლიერებული რუსთავის “მეტალურგი”, საკმაოდ ამბიციური გუნდია და მაღალი მიზნებისთვისაც აპირებს ბრძოლას. თავისთავად, ასეთ მოწინააღმდეგესთან უფრო გამოჩნდება გუნდის რეალური ძალა. მშვენიერი საფეხბურთო ამინდი, საქართველოს ჰიმნი და წუთიერი დუმილი ხუთი წლის წინ რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირების საპატივცემულოდ, ყველაფერი ეს, წინ უსწრებდა მატჩის დაწყებას.
მოწინააღმდეგეთა თავკაცებმა დაახლოებით ერთნაირი სათამაშო ტაქტიკით არჩიეს სადებიუტო შეხვედრაში ასპარეზობა. გელა სანაიამ დაცვაში ადგილი ჯაფარიძე-გავაშელიშვილი-მახვილაძე-ორბელაძის გამოცდილ ოთხეულს ანდო. საყრდენებად რაზმაძე და გურეშიძე იყვნენ გამწესებულნი, ხოლო ფლანგებზე კირკიტაძე და გეწაძე მოქმედებდნენ. წინ, რუსთაველები კორღალიძე-ბერიაშვილის დუეტის იმედად იყვნენ, მათგან შედარებით სიღრმიდან, კრღალიძე მოქმედებდა. რაც შეეხება ჟერარდ სარაგოსას, დაცვაში მთივლიშვილი-ჭელიძე-სანდოხაძე-უბილავას კვარტეტი მოქმედებდა. ნახევარდაცვაში ტაბატაძე-გიგაური-გოროზია და კუხიანიძე ირჯებოდნენ. წინ საბანაძე-კაპანაძის დუეტი ცდილობდა მუდმივი ზეწოლის ქვეშ ჰყოლოდათ მოწინააღმდეგის მცველები.
შეხვედრა ქუთაისელთა უპირატესობით დაიწყო და მასპინძლებმა დებიუტშივე შეძლო დაწინაურება. გოლის გატანამდე, პირველივე წუთზე საბანაძე დაემუქრა ბედიაშვილის დასაცავ ობიექტს საჯარიმოს სიახლოვედან ძლიერი დარტყმით, მაგრამ ბედიაშვილმა კარი ამ მომენტში იხსნა. მე-4 წუთზე, ქუთათურებმა კუთხურის ჩაწოდების უფლება მოიპოვეს. გიგაურმა და კუხიანიძემ სტანდარტული უმალ გაითამაშეს, გიგაურმა ჩააწოდა მეკარის ბაქანის ხაზის გასწვრივ, სადაც რუსთაველთა ტანმაღალ მცველებს ახალგაზრდა კაპანაძემ აჯობა და თავური დარტყმით ანგარიში გახსნა - 1:0. მართალია, ბედიაშვილმა ნახტომის გაკეთება მოასწრო, თუმცა საკუთარი გუნდის გადარჩენა ვერ მოახერხა.
რუსთაველებმა პირველი სახიფათო მომენტი მალევე შექმნეს, როდესაც გეწაძემ ტორპედოელთა საჯარიმოში მეურვე მოხდენილად ჩამოიშორა, მაგრამ რეზოს დარტყმა ქვილითაიამ იოლად გაანეიტრალა. მატჩი ისევ ქუთაისელთა უპირატესობით გაგრძელდა. განსაუთრებით უნდა გამოვყოთ ტორპედოელთა მიერ გათამაშებული სტანდარტულები, რომელთა დროს, “მეტალურგის” საჯარიმოში მუდმივად იქმნებოდა სახიფათო მომენტები. მე-11 წუთზე ისევ გიგაურის მიერ შესრულებული საჯარიმოს შემდეგ შეეძლოთ გატანა, მაგრამ ბოლო დარტყმა გააცუდეს ქუთათურებმა. საინტერესო დებიუტის შემდეგაც აშკარად ჩანდა, რომ ახალგაზრდა რიონისპირელები მეტოქეს სისწრაფეში ჯაბნიდნენ. ხშირ შემთხვევაში, სტუმართა ფეხბურთელებს უხეშობაც უხდებოდათ. ამის დასტურია არბიტრის მიერ ნაჩვენები ყვითელი ბარათები პირველ ტაიმში. სისწრაფეში ჯობნის გარდა, მასპინძლებმა მოწინააღმდეგე საწყის 45 წუთში გააზრებული თამაშითაც დაჯაბნეს. ჟერარდ სარაგოსას შეგირდები არ ეპუებოდნენ იმას, რომ მათ წინააღმდეგ საკმაოდ გამოცდილი გუნდი იდგა.
პირველი ჩავარდნა ტაიმში მასპინძლებს 35-ე წუთზე მოუვიდათ, როდესაც რუსთაველებმა კუთხურიდან გათამაშების შემდეგ, იოლად დაარტყეს ახლოდან თავური, მაგრამ გავაშელიშვილის მცდელობა არაზუსტი გამოვიდა. დანარჩენ შემთხვევებში, მასპინძლები უფრო აქტიურად და თამამად გამოიყურებოდნენ. ორჯერ სახიფათოდ საბანაძემ გაისროლა, მაგრამ მის მცდელობებს სიზუსტე დააკლდა. ტაიმის გადაცილებულ დროში, ახალგაზრდა ქუთაისელთაგან სანდოხაძე შეცდა უხეშად მეკარეზე ბურთის დაბრუნების დროს და პასი ბერიაშვილზე გამოუვიდა. მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა გიორგიმ, თითქოს შეძლო ქვილითაიას მოტყუება და ცარიელ კარში დარტყმა, მაგრამ მაქსიმემ პატარა სასწაული გააკეთა და ეფექტურ ნახტომში დაეუფლა ბურთს.
განსხვავებული სცენარით დაიწყო მეორე ტაიმი, რომლის დასაწყისშივე, სტუმრებმა ანგარიში გაათანაბრეს. მეტალურგთა იერიში შეტევის მარცხენა ფლანგიდან განვითარდა. ბურთი საჯარიმოში მოხვდა, სადაც ცოტა უყურადღებოდ გაისარჯნენ მასპინძელთა ცენტრალური მცველები. ბერიაშვილის გადაცემის შემდეგ კი, ყველაზე მარდი კირკიტაძე გამოდგა, რომელმაც თავით დაასწრო ყველას და ქვილითაიას, კარის გადარჩენის შანსი არ დაუტოვა – 1:1. გაშვებულმა გოლმა მასპინძლების დაბნეულობა გამოიწვია, რამაც საშუალება მისცა რუსთაველებს, მთლიანად ჩაეგდოთ ხელთ სათამაშო უპირატესობა. სტუმართა ნახევარმცველები უკვე აშკარად ჯაბნიდნენ თავიანთ მეურვეებს. მართალია, რუსთაველებს რაიმე განსაკუთრებული არ შეუქმნიათ მეტოქის კართან, მაგრამ ქვილითაიას დასაცავი ობიექტის სიახლოვეს დაძაბულობა იგრძნობოდა. თუმცა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ თავდაჯერებულად მოქმედებდა ქვილითაია, რომელმაც გამოსვლებისას და ხაზზე თამაშისას, თავისი საიმედოობა ყველას დაანახა. სარაგოსამ, მოედანზე სიტუაციის შესაცვლელად შეცვლას მიმართა და გოროზიას ნაცვლად, ფანცულაია შეიყვანა. მართალია, ამ ცვლილებას მაშინვე რადიკალური შეცვლა სათამაშო სურათისა არ მოჰყოლია, მაგრამ ქუთათურებმა შეტევაში რომ მოუმატეს, ფაქტია და მალე ხელთ მთლიანად ჩაიგდეს სათამაში ინიციატივა. 68-ე წუთზე საბანაძემ დაარტყა ძლიერად დაახლოებით 22 მეტრიდან და ბურთი მცირე მანძილით აცდა მოწინააღმდეგის კარს. ცოტა ხანში, ქვილითაიამ ითამაშა კარგად, როდესაც კირკიტაძის ძლიერად დარტყმულს დაეუფლა. სიტუაციას ართულებდა ის ფაქტი, რომ ბურთი ერთ-ერთ რუსთაველს შეეხო და მცირედით მიმართულება იცვალა.
74-ე წუთზე კუხიანიძის შესრულებული საჯარიმო, ბედიაშვილმა გაჭირვებით მოიგერია. ცოტა ხანში კი, ფანცულაიამ ითამაშა ინდივიდუალური თვალსაზრისით მშვენივრად - რამდენიმე მეტოქეს გაცდა და “მეტალურგის” საჯარიმოში შეიჭრა, დაარტყა კიდეც, თუმც მცირედით არაზუსტად. ამის შემდეგ, გიგაური ურტყამდა ძლიერად, მაგრამ ბურთი გავაშელიშვილს შეეხო და კუთხურზე გადავარდა. თანდათანობით, ფეხბურთელებს დაღლა დაეტყოთ, თუმცა შეტევაში, უფრო მასპინძლები აქტიურობდნენ. თამაშის ეპილოგში მომენტები უფრო მასპინძლებს ჰქონდათ. ყველაზე რეალური, მაინც კაპანაძის თავური დარყმა იყო, რომელსაც ბედიაშვილი ეფექტურ ნახტომში დაეუფლა. რუსთაველთაგან დასამახსოვრებელი იყო ფიფიას შეჭრა მეტოქის საჯარიმოში, თუმცა გამოცდილ ნახევარმცველს დარტყმა არ გამოუვიდა და ხიფათიც განიმუხტა. დაძაბული და საინტერესო პაექრობა ქუთაისელთა მიერ უშედეგოდ შესრულებული კუთხურის შემდეგ დასრულდა. სილაგავას საფინალო სასტვენმა, მეტოქეები მშვიდობიანად გაჰყარა და გუნდებს პირველი ქულების მოპოვება აუწყათ.
მატჩის შეჯამებისას ვიტყვით, რომ “მეტალურგს” სასტარტო მღელვარება უფრო ეტყობოდა, რაც ნამდვილად გასაკვირი გახლავთ. ქვემოქართლელთა კოლექტივში ხომ გამოცდილი ფეხბურთელები მრავლად არიან. რაც შეეხება “ტორპედოს”, ვფიქრობთ, რიონისპირელთა თამაშში პოზიტივის დანახვა ადამიანს არ უნდა გაჭირვებოდა. იყო ხარვეზებიც, თუმცა, თუ ეს გუნდი იგივე ტემპით განაგრძობს პროგრესირებას, მაშინ ძალიან მალე სიმპათიურ საფეხბურთო კოლექტივს მივიღებთ.
გელა სანაია (“მეტალურგი”): “ყველას გილოცავთ ახალი ჩემპიონატის დაწყებას. ვფიქრობ, მაყურებელმა კარგი ფეხბურთი იხილა. ქუთაისელებმა პირველ ტაიმში გვაჯობეს, მეორე ტაიმი ჩვენ უკეთესად დავიწყეთ და გათანაბრებაც მოვახერხეთ. ბოლო 15 წუთი უპირატესობა ისევ მასპინძლების მხარეს გადავიდა. პირველი მატჩიდან გამომდინარე, ფეხბურთელებს მღელვარება ეტყობოდათ”.
ჟერარდ სარაგოსა (“ტორპედო”): “პირველი მატჩი ვითამაშეთ და ვფიქრობ, ფეხბურთელებს მეტი მოეთხოვებოდათ. პირველი ტაიმიდან გამომდინარე, უნდა მოგვეგო, მაგრამ ძალიან სუსტად ჩავატარეთ მეორე ნახევრის საწყისი 20 წუთი. მომავალ თამაშებში უფრო კარგად უნდა გამოვიდეთ, რათა ეს ფრე ხალხს დავავიწყოთ. რა თქმა უნდა, არის ხარვეზები, ახალგაზრდული გუნდია და მეტი შეთამაშებაა საჭირო, რასაც დრო ჭირდება. სერიოზულად ვემზადებით “ზესტაფონთან” მატჩისთვის. მესმის ამ პაექრობის მნიშვნელობა, თუმცა ერთიც უნდა ვთქვა, რომ მომავალ კვირაში, გუნდის წევრების უმეტესობა სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებში არიან მიწვეულნი, რაც მომზადებისთვის მცირედით ხელს შეგვიშლის, მაგრამ გამარჯვება აუცილებლად უნდა მოვიპოვოთ”.
“ტორპედო” – “მეტალურგი” 1:1 (1:0)
10 აგვისტო. 19:00. ქუთაისი. “ცენტრალური”. 1500 მაყურებელი
“ტორპედო”: ქვილითაია, მთივლიშვილი (მზევაშვილი, 46), ზაზა ჭელიძე, სანდოხაძე, უბილავა, გიგაური, ტაბატაძე, კაპანაძე, გოროზია (ფანცულაია, 64), საბანაძე (ახვლედიანი 77), კუხიანიძე.
მთავარი მწვრთნელი: ჟერარდ სარაგოსა
“მეტალურგი”: ბედიაშვილი, მახვილაძე, გავაშელიშვილი, ჯაფარიძე (სუხიაშვილი, 18), გეწაძე, ორბელაძე, რაზმაძე (დობროვოლსკი, 46), ბერიაშვილი, გურეშიძე, კორღალიძე (ფიფია, 70), კირკიტაძე.
მთავარი მწვრთნელი: გელა სანაია
გოლები: 1:0 კაპანაძე (4), 1:1 კირკიტაძე (46).
გაფრთხილება: ორბელაძე (11), ბერიაშვილი (19), გურეშიძე (31), ტაბატაძე (62), დობროვოლსკი (72),
არბიტრი: ლაშა სილაგავა (თბილისი)






