ავტოსპორტი

1:56 | 28.04.2011 | ნანახია [] - ჯერ

„ტიმ ლოტუსი“ სახელის შეცვლას არ ჩქარობს

 

მართალია, ფორმულა 1-ის ბრიტანულ-მალაიზიურმა გუნდმა „ტიმ ლოტუსმა“ დაადასტურა, რომ სპორტული ავტომობილების მწარმოებელი ბრიტანული კომპანია „კატერჰემი“ შეისყიდა, მაგრამ ისიც გამოაცხადა, რომ გუნდისთვის სახელის შეცვლას არ ჩქარობს და ამასთან დაკავშირებით, ლონდონის უმაღლესი სასამართლოს დადგენილებას დაელოდება.

არადა, ბევრი ელოდა, რომ „ტიმ ლოტუსმა“ „კატერჰემი“ იმისათვის შეიძინა, რათა ეს სახელი სასამართლოში კონკურენტ „ლოტუს რენოსთან“ და სპორტული ავტომობილების მწარმოებელ ბრიტანულ კომპანია „ლოტუსთან“ (რომელიც მალაიზიურ საავტომობილო კომპანია პროტონს ეკუთვნის) საქმის წაგების შემთხვევაში გამოიყენოს.

„ასე იმის გამო არ მოვქცეულვართ, რომ სასამართლოში საქმის წაგების შემთხვევაში, გუნდს სახელი გადავარქვათ. მე და გუნდის აქციონერები სასამართლოს გადაწყვეტილებას დაველოდებით და სამოქმედო გეგმას მხოლოდ ამის შემდეგ შევიმუშავებთ“, - ამბობს „ტიმ ლოტუსის“ და ავიაკომპანია „ეარეიჟას“ მფლობელი ტონი ფერნანდესი.

ლონდონის უმაღლეს სასამართლოში მხარეთა მოსმენები უკვე დასრულებულია. საბოლოო გადაწყვეტილება მალევეა მოსალოდნელი. და როგორც ჩანს, ყველაფერი თურქეთის დიდ პრიზამდე გაირკვევა. თუმცა არაა გამორიცხული, რომ ისტანბულში ორივე გუნდმა ისევ „ლოტუსით“ იასპარეზოს.

ჰოლანდიურმა ვებგვერდმა „F1Today“-მ გამოაქვეყნა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ფერნანდეს და კომპანიამ უკვე ორი ახალი ინტერნეტ დომენი (sonangolcaterhamf1.com და sonangolcaterhamteamlotus.com) დაარეგისტრირეს. ამასთან, გუნდს მალე სპონსორობას ანგოლური ნავთობკომპანია „სონანგოლი“ გაუწევს, რომლისს ახელი ასევე შესულია დომენის სახელწოდებაში. ამიტომ, ახლავე შეიძლება იმის ვარაუდი, რომ ჯგუფ „ლოტუსთან“ საქმის წაგების შემთხვევაში, გუნდს, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატში „ტიმ ლოტუსის“ სახელით ასპარეზობს, „სონანგოლ კატერჰემ F1“ დაერქვას.

 

მოამზადა მერაბ ლორთქიფანიძემ

http://formula1ge.blogspot.com/

0.161239