სხვა

16:37 | 12.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

თევზაძემ და რუსიამ კლუბი გამოიცვალეს

რუმინეთში მოთამაშე საქართველოს ნაკრების ორი ხელბურთელი, მეკარე შოთა თევზაძე და შუამარბი ვლადიმერ რუსია, “შტიინცა ბაკეუდან” “ოდორჰეიში” გადავიდა.

33 წლის თევზაძეს ‘შტიინცასთან” კონტრაქტი დაუსრულდა. შოთა 2004 წლიდან თამაშობს უცხოეთში – ჯერ ათენის “პანელინიოსში” იყო, ხოლო 2008-14 წლებში “შტიინცა ბაკეუში” თამაშობდა, სადაც სამჯერ მოიპოვა რუმინეთის ჩემპიონატის ვერცხლის მედალი (2012, 13, 14) და ამავე წლებში თასის ფინალისტიც იყო. “ოდორჰეიში” თევზაძე კლუბიდან წასულ იონუც ჩობანს შეცვლის.

რუსია 31 წლისაა. მისი პირველი უცხოური კლუბი უკრაინის “შახტარი” იყო, შემდეგ ბუქარესტის “დინამოში” გადავიდა, ოთხი სეზონი კი (2009-13) სწორედ “ოდორჰეიში” გაატარა, სადაც ერთხელ ვერცხლის მედალი მოიპოვა (2011) და ორჯერ – ბრინჯაოსი (2012, 13).

“ბაკეუსთან” რუსიას კონტრაქტის ვადა არ გასვლია, მაგრამ ძველ კლუბში დაბრუნება არჩია. 2013-14 სეზონში რუსიამ 42 გოლი გაიტანა რუმინეთის ჩემპიონატში და კლუბის სასტარტო შვიდეულში იყო, თუმცა, მის პოზიციაზე გუნდის ერთერთი საუკეთესო ბომბარდირი, ბრაზილიელი ველინგტონ და სილვაც თამაშობდა. ქართველმა “ოდორჰეისთან” ერთწლიან კონტრქტს მოაწერა ხელი კიდევ ერთი წლით გაგრძელების პერსპექტივით.

“ოდორჰეის” ვებგვერდზე რუსია კლუბში დაბრუნებას ასე გამოეხმაურა: “ოდორჰეიში” ყოველთვის კარგად ვგრძნობდი თავს, ასე რომ არ ყოფილიყო, აქ ოთხ სეზონს არ გავატარებდი. იმედი მაქვს, მომდევნო სეზონს პოდიუმზე დავასრულებთ”.

2013-14 სეზონში “ოდორჰეი” რუმინეთის ჩემპიონატში მეოთხე ადგილზე გავიდა.

რუმინეთში მოთამაშე კიდევ ერთი ქართველი, 25 წლის ირაკლი ჩიქოვანი ტიმიშოარას “პოლიტექნიკაში” რჩება. ის კლუბის ლიდერი და საუკეთესო ბომბარდირი იყო, თუმცა, ტრავმის გამო სეზონის საკმაო ნაწილი გაუცდა. “ტიმიშოარამ” ჩემპიონატი მეშვიდე ადგილზე დაასრულა.

კიდევ ერთი ქართველი ლეგიონერი, ნაკრების გამთამაშებელი აკაკი ტალახაძე სეზონთშორის არდადეგებზე დაბრუნდა ირანიდან. მის კლუბს, “შარდარი თაბრიზს” წარმატებული სეზონი ჰქონდა და ირანის პირველი ლიგიდან უმაღლესში გადავიდა. ირანი ერთერთი მოწინავე სახელბურთო ქვეყანაა აზიაში – ნაკრებმა კონტინენტის პირველობაზე მეორე ადგილი დაიკავა და მსოფლიო ჩემპიონატის საგზურიც მოიპოვა.

www.geohandball.ge 

 

0.124169