ომარ თეთრაძემ ყაზახეთის პრემიერლიგაში მოასპარეზე საფეხბურთო კლუბ “ჟეტისუს” მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ყაზახური ინტერნეტპორტალი sports.kz-ი იუწყება.
“ყველა სირთულის მიუხედავად, ჩემს სამწვრთნელო შტაბთან ერთად სამუშაოს ბოლომდე მიყვანა გვსურდა. სამწუხაროდ, სიტუაცია ჩემს თანაშემწე ზაიცევთან მომხდარი ინციდენტის გამო შეიცვალა. ასეთი რამ მიუღებელია. ადამიანი არა მხოლოდ მთელი ყაზახეთის, არამედ, ევროპის მასშტაბით შეარცხვინეს.
კონტრაქტის გაწყვეტა გადავწყვიტე და სამწვრთნელო შტაბმა მხარი დამიჭირა. ინციდენტმა ამ ნაბიჯის გადადგმა მაიძულა. ყველაფერი კარგად მესმის. ადამიანები ვართ და ყველაფერი ისე არ იყო როგორც “დახატეს”. ჩვენ კოლეგას მივულოცეთ, 150-150 გრამი არაყი დავლიეთ და ეს არასამუშაო დროს მოხდა,” – თქვა თეთრაძემ.
sports.kz-ს ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ, თეთრაძის თანაშემწე მეკარეების მწვრთნელი ალექსანდრ ზაიცევი არაფხიზელ მდგომარეობაში პოლიციამ დააკავა და “ჟეტისუს” ექსთავკაცი ეჭვობს, რომ ეს ვიღაცის მითითებით მოხდა.