გერმანული “გლადბახის” 21 წლის მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენი კლუბთან კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს. ამ ინფორმაციას მიონხენგლადბახელთა სპორტული დირექტორი მაქს ებერლი ავრცელებს.
“მარკმა შეგვატყობინა, რომ კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი განაცხადა. ეს ჩვენთვის მოულოდნელი არ ყოფილა. ვვარაუდობ, რომ ის იმ გუნდს შეუერთდება, რომელთანაც ტერ შტეგენს ხშირად აკავშირებენ.” – აცხადებს მაქს ებერლი.
კლუბი, რომელსაც ტერ შტეგენს ყველაზე ხშირად უკავშირებენ, “ბარსელონაა”. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა გერმანელის კატალონიურ კლუბში გადასვლა უკვე გადაწყვეტილია. თუმცა, ამ აზრს არ იზიარებს ფეხბურთელის აგენტი გერდ ფომ ბრუხი, რომელიც შემდეგს აცხადებს: “ტერ შტეგენის მომავალთან დაკავშირებით სათქმელი ჯერ არაფერია. ყველა მხარე თავდაუზოგავად მუშაობს იმისათვის, რომ შეთანხმება მალე შედგეს.”
მარკ-ანდრე ტერ შტეგენს “გლადბახთან” კონტრაქტი 2015 წლამდე აკავშირებს. ცნობილია, რომ ის კლუბს მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ დატოვებს.