გერმანიის ქალაქ გიოპინგენში კადეტ მოფარიკავეთა შორის ევროპის თასის გათამაშება გაიმართა, სადაც საქართველოს ნაკრები სამი სპორტსმენით იყო წარდგენილი. გოგონათა შორის წარმატებით გამოვიდა თეოდორა კახიანი, რომელმაც 120 მონაწილეს შორის მე-8 ადგილის დაკავება შეძლო. ქართველმა გოგონამ საკვალიფიკაციო ჯგუფში 6-დან 4 შეხვედრა მოიგო და შემდეგ ეტაპზე გავიდა.
1/64-ფინალში თეოდორამ რუსი დარია კამიჩეტოვა დაამარცხა, 1/32-ფინალში ასევე რუს ვიქტორია კიუბარკს აჯობა და 1/16 ფილანში გავიდა, სადაც მეოთხე ნომრად განთესილი პოლონელი ანგელიკა ვატორი დაამარცხა.
კახიანმა 1/8-ფინალში უნგრელი ლილი დრაშკო დაჯაბნა, ხოლო 1/4-ფინალში რუს მარია რიდელთან 13:15 წააგო.
ვაჟებში მიხეილ მარდალეიშვილმა 39-ე პოზიცია დაიკავა, ხოლო სანდრო ბაზაძემ – 27-ე. ქართველმა სპორტსმენებმა წარმატებით გაიარეს საკვალიფიკაციო ეტაპი და 1/64-ფინალი. მარდალეიშვილი ტურნირს – 1/32-ფინალიდან, ხოლო ბაზაძე 1/16-ფინალიდან გამოეთიშა.
საქართველოს ნაკრები გუნდურ შეჯიბრში ორ უკრაინელ მოფარიკავესთან ერთად გამოვიდა და 22 მონაწილეს შორის მე-5 ადგილზე გავიდა. ქართველი მოფარიკავეები 2009 წლის სეზონს თბილისში, 22-24 დეკემბერს გასამართი საქართველოს თასის გათამაშებით დაასრულებენ.







