საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის სამეთვალყურეო საბჭო დღს 15 საათზე შეიკრიბება და პრეზიდიუმის რიგგარეშე სხდომის დანიშვნის თაობაზე იმსჯელებს. ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა თემურ ყაზარაშვილმა აცნობა.
“გუშინ ტელევიზიით მოვისმინე, თითქოს კონფლიქტი მოგვარებულია. უცნაურია, ამის თაობაზე პირადად ჩემთვის არავის უთქვამს. არც სპორტის სამინისტროში ვყოფილვარ და გითხრათ სიმართლე, კურტანიძის პირისპირ დაჯდომის სურვილიც არ მაქვს. იგი ამტკიცებს, რომ ჩემთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მოუყენებია. შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალი შეიძლება პრეზიდიუმის რიგგარეშე სხდომა გახდეს და ამ საკითხზე დღეს სამეთვალყურეო საბჭო იმსჯელებს”, - გვითხრა თემურ ყაზარაშვილმა.
შეგახსენებთ, გუშინ სპორტის სამინისტროში ჩატარებული შეხვედრის შემდეგ სპორტის მინისტრმა ლევან ყიფიანმა განაცხადა: “სპორტი ცოცხალი მექანიზმია, ხდება გაუთვალისწინებელი მომენტებიც, რაც სამინისტრომ უნდა დაარეგულიროს და არამცდაარამც, ჩაერიოს. დღევანდელ შეხვედრას არ ესწრებოდა ყაზარაშვილი, მე მას აუცილებლად შევხვდები, თუმცა ვიმედოვნებ, რომ ეს პრობლემა უჩემოდაც მოგვარდება. ჭიდაობის ფედერაციას გააჩნია გეგმა და როგორც ვხედავ, გუნდში იდეალური მდგომარეობაა და ლუკა კურტანიძის მიერ დასახულ გეგმას, სამინისტრო სრულ მხარდაჭერას უცხადებს.“
ოთარ მაღლაკელიძე







