ყაზახეთის ნაკრებთან მატჩამდე გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ განაცხადა, რომ ასტანაში გამარჯვებისთვის ჩავიდა. ამის შესახებ, ინტერნეტგამოცემა sports.kz-ი იუწყება.
თემურ ქეცბაია: პირველ ყოვლისა, მინდა ვთქვა, რომ აქ ყოფნა ძალიან სასიამოვნოა. ყაზახეთის ფეხბურთის ფედერაციას 100 წლისთავს ვულოცავ. მართალი რომ ვთქვა, მატჩისთვის ბოლომდე ვერ მოვემზადეთ, რადგან გუნდი სრულად მხოლოდ დღეს შეიკრიბა. ვფიქრობ, მომავალ მატჩში ისეთ ფეხბურთს ვაჩვენებთ, რომელიც მაყურებელს მოეწონება.
- მომავალი დაპირისპირებისთვის მზადების პერიოდში, ყაზახეთის ნაკრების რომელი მატჩი ნახეთ?
- ყაზახეთის ნაკრების მიერ ბულგარეთთან ჩატარებული მატჩი ვნახე. ყაზახეთი საინტერესო გუნდია და მომავალი თამაში იოლი არ იქნება. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ “ასტანა არენაზე” ხელოვნურსაფარიანი მინდორია, რომელიც თავის როლს ითამაშებს. იმედი გვაქვს, გულშემატკივარი კარგ ფეხბურთს იხილავს.
- ყაზახეთის ნაკრებში ვის გამოარჩევდით?
- ვინმეს გამორჩევა არ მსურს. შემიძლია ვთქვა, რომ ყაზახეთის ნაკრები ძალიან კარგი გუნდია. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მოვიგოთ.
- თუ არიან ისეთი მოთამაშეები, რომლებიც სხვადასხვა მიზეზთა გამო ვერ დაგეხმარებიან?
- დიახ, ასეთები არიან. ზოგიერთს პრობლემები გუნდებში ჰქონდა. საერთო ჯამში, გამოძახებულთა 80 პროცენტი ჩამოვიდა.
- ჩვენ, როგორც “ნიუკასლ იუნაიტედის” ცნობილი ფეხბურთელი გვახსოვხართ. როგორც მწვრთნელმა, ინგლისური ფეხბურთის სტილი რამდენად გაითავისეთ?
- პირველ ყოვლისა, სულით ქართველი ვარ. მე არა მხოლოდ ინგლისში, არამედ, სხვა ქვეყნებში ვთამაშობდი. ბევრ ძლიერ მწვრთნელთან მიმუშავია, რომლებმაც ბევრი რამ მასწავლეს. ქართული ფეხბურთი ყოველთვის ტექნიკური იყო, მაგრამ ამავე დროს ფიზიკური ძალის გამოყენებაც საჭიროა. ამჟამად, საქართველოს კარგი ახალგაზრდა თაობა იზრდება, რომლებისგან დიდ გამარჯვებებს ველით.