საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ ევრო 2016-ის შესარჩევ ციკლში ირლანდისათან ჩასატარებელ შეხვედრამდე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მისთვის მნიშვნელობა არ აქვს პირველ ნომრად ითამაშებს თუ მეორედ. მთავარია, ქულები დააგროვოს და ჯგუფში სამეულში მოხვდეს.
ქეცბაიასთან ერთად პრესკონფერენციას ნაკრების ნახევარმცველი სანდრო კობახიძე დაესწრო. ვიდრე ქეცბაია ჟურნალისტების კითხვებს უპასუხებდა, ეროვნული გუნდის ახალი სათამაშო ფორმაც წარადგინეს. ნაკრების ეკიპირება ფირმა “ადიდასის” მიერ არის დამზადებული, ხოლო მაისურები თეთრი და წითელია. ირლანდიასთან ქართველები თეთრი მაისურებით ითამაშებენ.
თემურ ქეცბაია: დადგა დრო და ახალი შესარჩევი ციკლი იწყება. მომავალი თამაშისთვის გუნდი 2 კვირა ემზადებოდა. გვჯერა, რომ ის ფეხბურთელები, ვინც შეკრებაზე იყვნენ, მოედანზე გავლენ და წარმატებისთვის ყველაფერს გააკეთებენ. თუმცა ეს ადვილი არ იქნება.
-დაცვის მარცხენა ფლანგზე ნაკრებს პრობლემები ჰქონდა. არჩევანი ვისზე გააკეთეთ?
-ჩვენ არ გვინდა აქ ვილაპარაკოთ საკუთარ პრობლემებზე და სხვას გავაგებინოთ. ჩვენი პრობლემები თავად უნდა მოვაგვაროთ. კვირას ვნახავთ, მარცხენა ფლანგზე ვინ ითამაშებს. ისე გავაკეთებთ, რომ გუნდმა თამაში მოიგოს.
-ახალი ბურთის პრეზენტაციისას შეგვპირდით, რომ ნაკრები უფრო მეტ გოლს გაიტანდა. ფსიქოლოგიურად რა განწყობაა გუნდში?
-ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს რამდენს გავიტანთ ან რამდენს გავუშვებთ. თუ ათივე მატჩს ფრედ დავასრულებთ და მესამე ადგილზე გავალთ, ჩავთვლით, რომ შედეგი მიღწეულია. ჩვენც, ირლანდიასაც, შოტლანდიასაც, პოლონეთსაც, გიბრალტარსაც მოგება გვსურს. ეს არაა ის თამაში, რომ გინდა თუ არა უნდა მოიგო, მაგრამ ის თამაშია, რომელიც გინდა თუ არა არ უნდა წააგო. ასეთ დროს კონკურენტებთან არ უნდა დამარცხდე. ჩვენ მოედანზე ყველა თამაშის მოსაგებად გავდივართ. გუნდში ფსიქოლოგიურად კარგი განწყობაა. შეკრებამ კარგად ჩაიარა. მათ რომ ვუყურებ, მოედანზე გავლენ და რაც შეუძლიათ ყველაფერს გააკეთებენ.
-2008 წელს ირლანდიასთან საშინაო თამაში თბილისში არ ჩატარდა, არის თუ არა ეს დამატებითი მოტივაცია?
-ეს ყველაფერი წარსულია, ახლა მომავალზე უნდა ვიფიქროთ.
-შეი გივენთან ერთად “ნიუკასლში” გითამაშიათ. გირჩევნიათ, რომ ხვალ კარში ის იდგეს?
-მოხარული ვარ, რომ შეი საქართველოში ჩამოვიდა. ჩემი კარგი მეგობარია. ითამაშებს თუ არა, ეს ონილის გადასაწყვეტია. კარში ვინც არ უნდა იდგეს, ჩვენ გოლის გატანა გვინდა.
-ირლანდიასთან ცუდი ბალანსი გვაქვს და ეს გუნდი ჩვენთვის უხერხული მეტოქეა. წარმატების მიღწევა რის ხარჯზე შეიძლება?
სანდრო კობახიძე: ირლანდია კარგი გუნდია, თუმცა ჩვენ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ უშუალო კონკურენტი დავამარცხოთ და ქულები ავიღოთ.
-აქამდე ნაკრები მუდმივად მეორე ნომრად თამაშობდა, ტაქტიკაში ცვლილებებს შეიტანთ თუ სათამაშო სქემას უშუალოდ მეტოქიდან გამომდინარე არჩევთ?
თემურ ქეცბაია: ვერ დაგეთანხმებით, რომ სულ მეორე ნომრად ვთამაშობდით. თუმცა თამაშების უმეტესობა ასე ჩავატარეთ. მწვრთნელობა მარტო ის არ არის, რომ 11 კაცი ავარჯიშო და მოედანზე სათამაშოდ გაუშვა. საკუთარი და მეტოქის შესაძლებლობები უნდა შეაფასო. ვერ გეტყვით, რომ ხვალ მოედანზე გავალთ და თავიდანვე შევუტევთ. მთავარია, ყველამ იცოდეს მოედანზე რა უნდა გააკეთოს და შედეგიც იქნება. პირველ ნომრად ვითამაშებთ თუ მეორედ, მნიშვნელობა არ აქვს. სიმართლე უნდა ითქვას, რომ იმ დონეზე არ ვართ, რომ გავიდეთ და პირველ ნომრად ვითამაშოთ. ეს ევროთასებზე ქართული კლუბების გამოსვლამაც დაამტკიცა. ვინც პირველ ნომრად ითამაშა, კატასტროფა განიცადა, ვინც მეორე ნომრად ითამაშა, მათ არაუშავდათ.
-თქვენ პრემიერლიგაში და ჩემპიონლიგაში გითამაშიათ. აქედან გამომდინარე, ირლანდიელ ფეხბურთელებს უკეთესად იცნობთ. იქნება თუ არა ეს დადებითი ფაქტორი?
-ეს ფეხბურთელები ძირითადად ინგლისში თამაშობენ და მათი შესაძლებლობები ვიცით. ფიზიკურად მაღალ დონეზე არიან მომზადებული. რთული ორთაბრძოლები გველის. ვინც ამ ფიზიკურ ორთაბრძოლებს მოიგებს, გამარჯვების მეტი შანსი ექნება.
-რამდენად კმაყოფილი ხართ ჰოლანდიაში ახალგაზრდული ნაკრების გამარჯვებით? პირველი ნაკრებისთვის რა რესურსს ხედავთ?
-ქართული ფეხბურთისთვის კარგია, რომ ჯგუფის ფავორიტ ჰოლანდიას მოვუგეთ. ამ ახალგაზრდა ბიჭებს, როდესაც საქართველოს უმაღლეს ლიგაში თამაშის საშუალება მიეცათ, ერთ თვეში გაიზარდნენ. ნაკრების კარი ყოველთვის ღიაა, გავიდნენ მოედანზე და ითამაშონ.
-თქვენთვის ყველაზე სასიამოვნო მოგონებები “ნიუკასლში” გატარებულ პერიოდს უკავშირდება.
-ინგლისში და შოტლანდიაში გატარებული პერიოდი სავსეა კარგი მოგონებებით. პრემიერლიგა მსოფლიოში საუკეთესო ლიგაა, თამაშებზე ბევრი ხალხი დადის, კარგი მოედნებია, კარგი ფეხბურთელები თამაშობენ. მიხარია, რომ ისვ მომიწევს შოტლანდიაში და ირლანდიაში ჩასვლა. გამიხარდება, თუ ხვალ ჩემი გუნდის ფეხბურთელი გოლს გაიტანს და ისე აღნიშნავს, როგორც მე ეს “ნიუკასლში” გავაკეთე.
-ახალ სათამაშო ფორმაზე რას იტყვით?
-“ადიდასი” ჩემი საყვარელი ბრენდია. ჩემი აზრით, “ადიდასი” ფეხბურთისთვის ნომერ პირველი ფირმაა. ჩვენ ხომ გვინდა, რომ რაღაც შევცვალოთ და ფორმით დავიწყეთ. ძალიან კარგი ფორმაა. ისღა დაგვრჩენია, გავიდეთ და თამაში მოვიგოთ.
საქართველოსა და ირლანდიის ეროვნულ ნაკრებთა მატჩი 7 სექტემბერს, თბილისში, "დინამო არენაზე" 20:00 საათზე დაიწყება.