ფეხბურთი

16:26 | 3.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

თემურ ქეცბაია: “ნაკრებში თამაში adidas-ით დავიწყე და მწვრთნელობასაც adidas-ით დავამთავრებ”

თემურ ქეცბაია სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ “ბასას” საპრესკონფერენციო დარბაზში შეხვდა ჟურნალისტებს. საქართველოს ნაკრების მწვრთნელთან ერთად, პრესკონფერენციაზე არნემის “ვიტესის” კაპიტანი გურამ კაშიაც იყო. ქეცბაიას, რა თქმა უნდა, მხოლო 5 მარტს ლიხტენშტაინთან გასამართ მატჩზე არ უსაუბრია – იყო შესარჩევი ჯგუფის შეფასება, სამომავლო გეგმები. 

ქეცბაია: - ოფიციალურ მატჩებამდე ჯერ დიდი დროა, მაგრამ ზეგ წლის პირველი ამხანაგური თამაში გველის და რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იქნება. კარგია, რომ ბევრ ფეხბურთელს ვნახავთ საქმეში, მათ შორის, ახალგაზრდა ბიჭებს, რომლებიც პირველად არიან გამოძახებულნი. ხშირ შემთხვევაში, ყველა გამოძახებული ფეხბურთელი ვერ ახერხებს ჩამოსვლას, თუმცა ეს პრობლემა პირველად არ დამდგარა. შესარჩევ ჯგუფს რაც შეეხება, გერმანია უდავო ფავორიტია, 4 გუნდი კი ფინალურ ეტაპზე გასასვლელად იბრძოლებს. იმედია, ჩვენც ვიქნებით მათ შორის.

-       ლიხტენშტაინი სუსტი ნაკრებია და შესარჩევში მათზე გაცილებით ძლიერი გუნდები შეგხვდებიან. რამდენად სასარგებლო იქნება ეს ამხანაგური შეხვედრა?

-       ჩვენი სურვილი ერთია, შესაძლებლობა კი მეორე. ჩვენ კი გვსურს, რომ კარგი გუნდები აქ ჩამოვიყვანოთ, მაგრამ მათაც უნდა სურდეთ. ზოგს ჰგონია, რომ ვისაც დაპატიჟებ, ჩამოვა. ასე არაა. ყველას სურს, ან საკუთარ მოედანზე გვეთამაშოს, ან სულაც ნეიტრალურზე. მსოფლიო ჩემპიონატი ახლოვდება და დაწყებამდე ერთ ამხანაგურ მატჩს მაინც ვითამაშებთ.

-       ვისთან?

-       ჯერ მოლაპარაკებები მიმდინარეობს და არაა გადაწყვეტილი. მინიმუმ ერთ მატჩს ჩავატარებთ მუნდიალის წინ.

-       შესარჩევში ნაკრების კაპიტანი ვინ იქნება?

-       ამას თამაშზე შეიტყობთ. ახლა ვერაფერს გეტყვით.

-       გქონდათ პრობლემები ფეხბურთელებთან, თუმცა თავადვე აღნიშნეთ, საქართველოს ნაკრებს დასაკარგი ფეხბურთელები არ ჰყავსო. ანუ, იმ მოთამაშეებს, რომლებიც ბოლოს ვეღარ ხვდებოდნენ ნაკრებში, დააბრუნებთ?

-       მე არავისთან არ მქონია პრობლემა. მათ ჰქონდათ ჩემთან. მეორე საკითხია, თუ კაცს არ უნდა ნაკრებში თამაში, ძალით ვერ ვათამაშებთ. ამ 4 წლის განმავლობაში სულ ვცდილობდი, ფეხბურთელებს მაქსიმალურად გამოევლინათ თავისი შესაძლებლობები. ზოგიერთმა შეატყო, რომ ერთდროულად კლუბსა და ნაკრებში თამაში უკვე არ შეეძლო, მათი აზრიც გასაგებია.

-       უპირატესობას დაცვით ფეხბურთს ანიჭებთ, თუმცა შესარჩევის საშინაო მატჩებში უშუალო კონკურენტებთან მაინც მოგიწევთ შეტევაზე წასვლა და საამისოდ მზად იქნება ნაკრები? აქვს ნაკრებს ტაქტიკის შეცვლის პოტენციალი?

-       ტაქტიკა კი არ იგებს თამაშს. მთავარია, რომ ამ 4 წლის განმავლობაში ჩამოყალიბდა გუნდი, რომელიც მინდორზე გამოდის და ბოლომდე იხარჯება. კარგია ის, რომ საქართველო 2-3 კაცის გუნდი არაა, აქ ყველა ფეხბურთელს დიდი როლი ეკისრება. ჩვენ მოვიწვიეთ ახალგაზრდები და იმედია, კიდევ გვექნება საფუძველი სხვა ახალგაზრდების გამოძახებისა. ჩვენ უფრო დინჯად, გააზრებულად უნდა ვითამაშოთ. 5 თავდამსხმელით თამაშმა კატასტროფული შედეგები მოგვიტანა. 

-       განაცხადეთ, რომ კალენდრით კმაყოფილი ხართ, თუმცა ოქტომბერში შოტლანდიასთან გასვლის შემდეგ, 3 დღეში გიბრალტართან გვექნება სტუმრად თამაში. 3-დღიანი ინტერვალი და ევროპის ერთი ბოლოდან მეორეში მგზავრობა სირთულეს არ შექმნის?

-       სიმართლე გითხრათ, ამაზე უკეთეს კალენდარს ვერ ვინატრებდი. ვიწყებთ ირლანდიასთან საშინაო მატჩით. პირველი შეხვედრა შინ რომ გვექნება, ეს ძალიან კარგია. ფაქტობრივად, 6-ქულიანი მატჩი იქნება. რაც შეეხება ოქტომბრის მატჩებს, გიბრალტარსაც ჩვენსავით უწევს. ჯერ გასვლა აქვს და 3 დღეში ჩვენ გვიმასპინძლებენ.

-       ჯგუფში გვყავს ირლანდია და შოტლანდია – თქვენ ბრიტანული ყაიდის ნაკრებებთან უფრო გსურდათ შეხვედრა თუ იმავე დონის, მაგრამ სხვა სტილის ნაკრებებთან?

-       ბრიტანულ ნაკრებებთან სხვა მიდგომა იქნება. მათ არა მხოლოდ უნდა ეთამაშო, ორთაბრძოლებშიც უნდა აჯობო. როცა მოვედი, 2 წელი ნაკრებს არ ჰქონდა მოგებული. შეიცვალა სიტუაცია, ნაკრები ბრძოლისუნარიანი გახდა.

-       ნაკრებმა ესპანეთთან 0:1 წააგო, მაგრამ კარგი პრესა ჰქონდა. ასევე იყო საფრანგეთთან 0:0-ის შემდეგ. თუმცა, ბელარუსთან და ფინეთთან შეხვედრებში 12 შესაძლებლიდან მხოლოდ 4 ქულა ავიღეთ. ანუ, კონკურენტებთან გვიჭირდა. ფსიქოლოგიური მომენტიც ხომ არ არის?

-       უშუალო კონკურენტი ასევე ფრთხილად გეთამაშება. როგორც ჩვენ ვიყავით მათ მიმართ, ისინიც ასე იყვნენ ჩვენს წინააღმდეგ. სამწუხაროდ, გარეშე ფაქტორებიც ემატება: დღეს არანაირი რესურსი არაა, რომ ქართული ფეხბურთი წინ წავიდეს. ეროვნულ ჩემპიონატში არ აქვთ ნათამაშევი ფეხბურთელებს, რომ უკვე მთელ ევროპაში დაატარებენ გასინჯვაზე. მსურდა, რომ ქართულ კლუბებს ჩემპიონატში 21-წლამდე ორი ფეხბურთელი ჰყოლოდათ მინდორზე, მაგრამ არ მოგვისმინეს. რაც შეეხება თქვენს კითხვას, უხეში შეცდომები რომ არა, ჩვენ წინა შესარჩევში მესამე მატჩშივე ვინაღდებდით მესამე ადგილს. ფინეთთან და ბელარუსთან გასვლებს ვგულისხმობ. დიახ, მესამე ადგილს ვინაღდებდით და მომდევნო შესარჩევში, მესამეადგილოსანი ფლეი-ოფში გადის. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ფინეთი ცუდი გუნდია და ბელარუსი არაფერს წარმოადგენს, ძალიან ცდება. ჩემი აზრით, მაშინდელი ჯგუფი არანაკლები იყო, ვიდრე ევრო-2016-ის შესარჩევისა. ამასთან, ზოგიერთმა თქვა, რა აზრი ჰქონდა, მეოთხეზე გავიდოდით თუ მეხუთეზეო. ეს არასერიოზულობაა. ვამბობ, რომ კმაყოფილი ვარ შედეგით იმასთან შედარებით, რა სიტუაციაც მანამდე იყო. 12 წლის განმავლობაში არ ვიყავით მეოთხეზე გასულები. დღეს შეფასება ძნელია, მაგრამ აი, როცა ნაკრებიდან წავალ, მერე რა შედეგები იქნება, იმის მიხედვით შეფასდეს ჩემი მუშაობა. 

გურამ კაშია: - ჯგუფს რაც შეეხება, ძალიან საინტერესო მატჩები გვექნება, განსაკუთრებით კი, საშინაო შეხვედრები. გერმანია უდავო ფავორიტია და ალბათ, პირველ ადგილს დაიკავებს, მეორე ან მესამე ადგილისთვის კი უნდა ვიბრძოლოთ.

-       ნაკრების ერთ-ერთი სტაჟიანი ფეხბურთელი ხართ და ალბათ, ახალგაზრდებსაც მისცემთ მაგალითს.

-       რა თქმა უნდა, რა გამოცდილებაც მაქვს, იმას ახალგაზრდებსაც გავუზიარებ. იმედი მაქვს, გულშემატკივრებიც დაეხმარებიან ნაკრებს და მხარდაჭერა გვექნება.

პრესკონფერენციის ბოლოს, ქეცბაიამ და კაშიამ ნაკრების ახალი მაისური წარმოგვიდგინეს - adidas-ის ფირმისა. ქეცბაიამ გაიხუმრა, ნაკრებში თამაში სწორედ adidas-ით დავიწყე და ამითვე მომიწევს ნაკრებში მწვრთნელობის დამთავრებაო.  

ლიხტენშტაინთან სათამაშოდ გამოძახებულ ფეხბურთელთა სია ასე გამოიყურება:

მეკარეები: გიორგი ლორია („დინამო“ თბილისი), ნუკრი რევიშვილი („ვალეტა“ მალტა), როინ კვასხვაძე („ტორპედო“ ქუთაისი).

მცველები:  გურამ კაშია („ვიტესი“, ჰოლანდია), უჩა ლობჟანიძე („დნიპრო“, უკრაინა), გია გრიგალავა („ანჟი“, რუსეთი), ლაშა სალუქვაძე („ინტერი“, აზერბაიჯანი)  დავით კვირკველია, გიორგი ხიდეშელი (ორივე „დინამო“, თბილისი), სოლომონ კვერკველია („რუბინი“, რუსეთი ), აკაკი ხუბუტია („მორდოვია“ რუსეთი), ლევან კაკუბავა ("სპარტაკი", ცხინვალი, საქართველო).

ნახევარმცველები: მურთაზ დაუშვილი („კარპატი“ ლვოვი, უკრაინა), ალექსანდრე კობახიძე, ჯაბა კანკავა (ორივე „დნიპრო“, უკრაინა), თორნიკე ოქრიაშვილი („ჩერნომორეცი“ ოდესა, უკრაინა),  ჯანო ანანიძე („როსტოვი“, რუსეთი), ირაკლი ძარია („დინამო“, თბილისი) ვალერი ყაზაიშვილი („ვიტესი“, ჰოლანდია), ავთანდილ ებრალიძე  („ჟილ ვისენტე“, პორტუგალია)

თავდამსხმელები: ვლადიმერ დვალიშვილი ("ლეგია", ვარშავა, პოლონეთი), ბაჩანა ცხადაძე („ინტერი“, აზერბაიჯანი), გიორგი ჭანტურია („კლუჟი“, რუმინეთი).

შეგახსენებთ, მატჩი “მიხეილ მესხზე” 5 მარტს, 18:00 საათზე დაიწყება.

0.44497