საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია, ლატვიის ნაკრებთან რიგაში ფრედ (1:1) ნათამაშები მატჩის მიწურულს გაშვებული გოლით გულდაწყვეტილია, მაგრამ შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე არც იმის აღნიშვნა დავიწყნია, რომ წინა მატჩი მალტასთან მისმა გუნდმა მოიგო მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში.
“ვფიქრობ, საინტერესო თამაში იყო. ჩემი გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ. ბიჭებმა სამი ქულის მოსაპოვებლად ყველაფერი გაიღეს, მაგრამ არ გამოვიდა. რამდენიმე მომენტი შევქმენით, შეგვეძლო გაგვეტანა და მეორე ტაიმში გავიტანეთ კიდეც, თუმცა სასურველი ანგარიში ვერ შევინარჩუნეთ. რა თქმა უნდა, 91-ე წუთზე გოლის გაშვება გულდასაწყვეტია, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ წინა მატჩში ჩვენ გავიტანეთ 91-ე წუთზე... ფეხბურთს მსაჯის საფინალო სასტვენამდე თამაშობენ. ვერაფერს ვიზამთ, მომდევნო შეხვედრაზე უნდა ვიფიქროთ და მის მოგებას შევეცადოთ” - იუწყება ლატვიური ინტერნეტ-გამოცემა delfi.lv ქეცბაიას მიერ პრესკონფერენციაზე ნათქვამს.
თავის მხრივ, ლატვიელთა მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრ სტარკოვმა აღნიშნა, რომ თანაბარი თამაში იყო და მის შეგირდებს მაღალი კლასის ფეხბურთელებთან მოუწია დაპირისპირება:
“რა უნდა ვთქვა... 1:1. მე და ქეცბაიამ, რომელსაც დიდი ხანია ვიცნობ, რეპლიკები გავცვალეთ - როგორც იტყვიან - არც თქვენ და არც ჩვენ. ორივე გუნდი გამარჯვებაზე ოცნებობდა და თანაბარი თამაში იყო, ორმხრივი შანსებით. მინდა აღვნიშნო, დღევანდელ მატჩში ჩვენთვის იღბლიანი დასასრული. ალბათ, ეს ჯილდოა მოთმინებისთვის, მუშაობისთვის და ერთიანი სულისკვეთებისთვის. თავად შეხვედრამ დაამტკიცა, რომ თამაში მაღალი კლასის ფეხბურთელების წინააღმდეგ მოგვიწია, რომლებიც საქართველოში ყოველთვის იყვნენ. დღესდღეობით, მათ ჰყავთ მწვრთნელი, რომელმაც დისციპლინა დაამყარა და სათამაშო ტაქტიკა შეიმუშავა. ამიტომ, საქართველო ჩვენთვის კერკეტი კაკალი აღმოჩნდა. ბევრი საგოლე მომენტი არც ჩვენ გვქონია და არც მათ. ასე, რომ შედეგი კანონზომიერია”.
გარდა ამისა, სტარკოვმა “სკონტოს” სტადიონზე შეკრებილ გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ეტაპობრივად ახალ ნაკრებს აყალიბებს: “მინდა გულშემატკივრებს მადლობა გადავუხადო. აღვნიშნავ ჭეშმარიტ გულშემატკივრებს, რომლებიც სტადიონზე იყვნენ და რომელთა ხმაც 0:0-ზე, 0:1-ზე და 1:1-ზე გვესმოდა. ჩვენ ახალ გუნდის ვქმნით. ჩემი აზრით, ეს პროცესი ეტაპობრივად უნდა წარიმართოს. ის ფაქტი, რომ გოლი ახალგაზრდა ცაუნიამ გაიტანა, რომელიც გუნდის ლიდერი ხდება, სამაგალითოა. იმედი მაქვს, მომავალში კარგ თამაშებს ჩავატარებთ და სატურნირო მდგომარეობას გამოვასწორებთ”.
ლაშა თაბაგარი







