ფეხბურთი

17:52 | 4.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

თემურ ლორია: “დაგვიანებულია, მაგრამ ამ დღეებში შევიკრიბებით”

“გურია” ჯერ არ შეკრებულა – ფინანსური სიტუაცია გასარკვევია


ლანჩხუთის “გურიამ” წადილი აისრულა და უმაღლეს ლიგაში გადავიდა, თუმცა გუნდი ჯერაც არ შეკრებილა. ისე კი, 4 ფეხბურთელი წასულია, რამდენიმე მოთამაშის დამატება თითქმის გადაწყვეტილია და მთლიანობაში, გუნდის შემადგენლობა საკმაოდ შეცვლილი იქნება. თუმცა, გასარკვევია ფინანსური სიტუაცია და ამ პრობლემამ ქართული საკლუბო ფეხბურთი საკმაოდ უკან დაწია.

“მსოფლიო სპორტი” “გურიას” მწვრთნელ თემურ ლორიას დაუკავშირდა:

-       ზეგ ვაპირებთ შეკრებას. ჯერ კლუბის ხელმძღვანელობას უნდა ვესაუბროთ. 5 ფეხბურთელის გარდა, ყველას დასრულებული აქვს კონტრაქტი. მათ შორის, მეც. ვნახოთ, როგორი იქნება ფინანსები და ამის მიხედვით დაკომპლექტდება გუნდი. რაიონის ბიუჯეტი მწირია და ეს იწვევს პრობლემებს, თუმცა საგანგაშო სიტუაციააო, ვერ ვიტყვი. რომ ვთქვა, არავინ არაფერს აკეთებს-მეთქი, მოგატყუებთ. გამგეობა მუშაობს, ალბათ, სხვა წყაროებიდანაც შემოვა თანხა.

-       კლუბს დავალიანება აქვს?

-       გასაცემია ბოლო თვის ხელფასები, პრემიები და ბონუსები უმაღლესში გადასვლისთვის. ალბათ, გაისტუმრებენ.

-       სტადიონის მხრივ რა სიტუაციაა? როგორც ვიცით, მოწესრიგება იგეგმება...

-       გასაკეთებელია გასახდელები, ტრიბუნები და ასევე, შემოსაღობია სტადიონი. ფედერაციამ 3500 ინდივიდუალური სკამი გვაჩუქა და დამონტაჟდება. როგორც ვიცი, ამ დღეებში დაჩქარებული ტემპით სამუშაოები დაიწყება. იმ მოთხოვნებს, რაც უმაღლესი ლიგისთვისაა, სტადიონი ამ ეტაპზე ვერ აკმაყოფილებს. თუმცა, აგვისტოს ბოლომდე, ალბათ, ყველაფერი წესრიგში იქნება.

-       მანამდე სად ჩაატარებთ მატჩებს?

-       ორი ვარიანტია: ქობულეთი, ან სამტრედია. სავარაუდოდ, ქობულეთში ვითამაშებთ. ტერიტორიულადაც ასე გვაწყობს. სავარაუდოდ, 2 მატჩის ჩატარება მოგვიწევს სხვაგან, მერე კი ლანჩხუთში დავბრუნდებით.

-       ანუ, როგორც თქვით, გუნდში თქვენი დარჩენაც არაა გადაწყვეტილი?

-       კლუბის ხელმძღვანელობას სურს, რომ ისევ მე ვიყო მთავარი მწვრთნელი. რა თქმა უნდა, მეც მინდა, თუმცა ჩემი მოთხოვნები მექნება.

-       რამდენი ფეხბურთელი წავიდა გუნდიდან?

-       გოგობერიშვილი “სიონში” გადავიდა, კაკალაძე - “შუქურაში”, მაისაშვილი - “მეტალურგში”. კიდევ, სალარიძემ მოითხოვა წასვლა და შეიძლება ითქვას, წასულია.

-       გასაგებია, რომ ფინანსური სიტუაციის გარკვევას ელოდებით, მაგრამ ახალი ფეხბურთელები არ შეგიგულებიათ?

-       არიან ასეთებიც: გამეზარდაშვილი “ზუგდიდიდან”, გოცირიძე და შარაშენიძე “ჩიხურადან”, ცინცაძე “ტორპედოდან” და კოშკაძე ბათუმის “დინამოდან”. კიდევ იქნებიან დამატებულები. ასევე, გასინჯვაზეც მოვლენ.


სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.143073