კალათბურთი

23:57 | 13.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ტელეტოვიჩმა 9 მეტრიდან ისროლა და...

მარკოიშვილმა ტრავმის გამო მხოლოდ პირველ მეოთხედში ითამაშა

ბოსნია-ჰერცეგოვინასთან წაგებული (63:68) მატჩის პერიპეტიების გასაგებად, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეს-სამსახური ცელიეში ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტ დავით უსტიაშვილს დაუკავშირდა და ინტერვიუ ჩამოართვა.

- მატჩის ბოლო წუთები დაძაბული გამოდგა. მართალია, შეხვედრა მოსამზადებელ ხასიათს ატარებდა და ორივე გუნდმა ის სწორედ ამ კუთხით გამოვიყენეთ, ბოლო მომენტში რაკი ანგარიში თანაბარი იყო, გამარჯვება ორივეს გვსურდა.

მატჩის უკანასკნელი წუთი რომ დაიწყო, ქულით ვაგებდით. ბურთი ბოსნიელების იყო, რომლებმაც შეტევა ააცილეს და სამწუხაროდ, მათი აცილებული ვერ მოვხსენით. ბურთი ისევ ბოსნიელებს დარჩათ, რომლებმაც იგი პერიმეტრზე აიტანეს.

თამაშის დასრულებამდე 40 წამი რჩებოდა, ბოსნიელებს შეტევისთვის მთელი 20 წამი ჰქონდათ, მაგრამ მირზა ტელეტოვიჩმა დაახლოებით 9 მეტრიდან სამქულიანი ესროლა და ჩააგდო. არ ვიცი, რატო გააკეთა ეს, ყველანაირად გაუმართლებელი სროლა იყო, თუმცა ჩააგდო და ვერავინ გაამტყუნებს. ამ მიღებული ბურთის შემდეგ, 4 ქულით ჩამოვრჩით, შეტევა გავაცუდეთ და მატჩის ბედიც გადაწყდა.

- რიკი ჰიკმანის დებიუტზე რას იტყვით?

- ჰიკმანმა დაახლოებით 20 წუთი ითამაშა და 10 ქულა მოაგროვა. ის გუნდთან კარგად არის შეწყობილი და მომავალში მისგან ბევრს ველით. პირველ მეოთხედში მანუჩარ მარკოიშვილმა ფეხი იტკინა, მეორე ტაიმის საწყისი წუთები ითამაშა და ფეხმა რომ არ გაუარა, მოედნიდან გავიყვანეთ. ამხანაგური მატჩის გულისთვის მარკოიშვილის მოედანზე დატოვებას ვერ გავრისკავდით და დავასვენეთ. დღეს ექიმები კარგად შეამოწმებენ და ამის შემდეგ გადაწყდება, ხვალ ბოსნიასთან მეორე მატჩს ითამაშებს თუ არა.

- გუნდის დანარჩენ წევრებზე რას იტყვით?

- გიორგი ცინცაძემ 17 ქულა დააგროვა. ის საკმაოდ შედეგიანი იყო და გამორჩეულად ითამაშა.

- განაცხადში მხსოლოდ 12 მოთამაშე იყო.

- დუდა სანაძეს და გიორგი შარაბიძეს დღეს არ უთამაშიათ. ისინი განაცხადში ხვალ იქნებიან.

 

ამხანაგური მატჩი. “ტრიგლავ არენა”, ცელიე, სლოვენია

საქართველო – ბოსნია-ჰერცეგოვინა 63:68 (15:19: 15:19, 19:10, 14:20)

საქართველო: ცინცაძე (17), ჰიკმანი (10), მარკოიშვილი (9), სანიკიძე (8), შერმადინი (7), ცქიტიშვილი (5), ფაცაცია (5), ბურჯანაძე (2), ბოისა, ლეჟავა, ფხაკაძე, მეტრეველი.

ბოსნია-ჰერცეგოვინა: ტელეტოვიჩი (15), სტეფანოვი (10), რაიტი (9), ჯედოვიჩი (9), პაშალიჩი (3), შუტალო (7), ბავჩიჩი (6), გორდიჩი (4), კიკანოვიჩი (5), პერშიჩი, ჰალილოვიჩი.

0.11749