ფიფა-ს ჩინოვნიკები კორუფციულ სკანდალებში გახვეულნი რომ არიან, ადრეც არაერთხელ დაწერილა. ბრიტანულმა გამოცემა The Telegraph-მა კი ახალი მაქინაცია გამოამზეურა, რომელშიც ფიფა-ს აღმასკომის ყოფილი წევრი რიკარდუ ტეიშეირა და კატალონური “ბარსელონას” ყოფილი პრეზიდენტი სანდრო როსელი არიან გახვეულნი.
ხსენებული გამოცემის ინფორმაციით ტეიშეირამ 2011 წელს 10 წლის ქალიშვილს ანტონინას საბანკო ანგარიში გაუხსნა, სადღეისოდ კი ბრაზილიის საფეხბურთო ფედერაციის ყოფილი თავკაცის შვილის ანგარიშზე 2 მილიონი გირვანქა ირიცხება. თავად ტეიშეირა კი, რომელმაც 2012 წელს ფიფა-ს აღმსკომი დატოვა, ამჟამად მაიამიში ცხოვრობს. სამშობლო მან იმის გამო დატოვა, რომ შესაბამისმა სამართალდამცავმა სტრუქტურებმა ტეიშეირას მიმართ გამოძიება დაიწყეს. შეგახსენებთ, სეუ რიკარდუს ბრალს 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ყატარში ჩატარების მხარდაჭერის სანაცვლოდ ქრთამის აღებაში ედავებიან.
წინასწარი მოკვლევის დროს დადგინდა, რომ ტეიშეირას ქალიშვილის ანგარიშზე თანხას “ბარსელონას” ექსპრეზიდენტი სანდრო როსელი რიცხავდა. კატალონურ გრანდში აცხადებენ, რომ ამის თაობაზე არაფერი იცოდნენ, თუმცა, გამომძიებლები ერთ მომენტზე აკეთებენ აქცენტს – მას შემდეგ, რაც როსელმა ტეიშეირა-უმცროსს თანხა გადაურიცხა და ყატარმა მუნდიალის მასპინძლობის უფლება მოიპოვა, Qatar Airways-მა კონტრაქტი გააფორმა კამპ ნოუელებთან და კლუბის გენერალური სპონსორი გახდა.
ტეიშეირას ადვოკატები ადასტურებენ როსელის მიერ სეუ რიკარდუს ქალიშვილის საბანკო ანგარიშზე თანხის გადარიცხვას, თუმცა ამ ფაქტის მუნდიალ2022-ის მასპინძლის გარკვევის კენჭისყრასთან კავშირს კატეგორიულად უარყოფენ.
შეგახსენებთ, ტეიშეირა და როსელი ერთდროულად რამდენიმე ფინანსური მაქინაციის სქემაში არიან მხილებულნი. ბრაზილიელი ნეიმარის ტრანსფერთან დაკავშირებული არამართლზომადი ნაბიჯების გამო როსელს 2014 წლის 23 იანვარს “ბარსელონას” პრეზიდენტობიდან წასვლა მოუწია.